ახალი არტ-გალერეა აფხაზეთის კულტურის სამინისტროში

 

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში ცნობილი მხატვრის, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეა გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელები, ცნობილი მხატვრები, აფხაზეთის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. დარბაზში გამოფენილი იყო ვალერი არქანიასა და მისი მეგობრების ნამუშევრები.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, მხატვარმა ნუგზარ მგალობლიშვილმა აფხაზეთის დევნილ მოსახლეობას, კულტურის სფეროში მოღვაწე ხელოვანებს და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ახალი საგამოფენო დარბაზის გახსნის დღე და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის იღვაწა. მისი თქმით,  საგამოფენო დარბაზის გახსნა სიმბოლურად ვალერი არქანიას გარდაცვალების თარიღს - 1992 წლის 21 ოქტომბერს უკავშირდება.

 

ვალერი არქანია გამორჩეული ხელწერის ნიჭიერი ფერმწერი და დაუმორჩილებელი სულის ხელოვანი იყო. იგი 1948 წელს ქალაქ სოხუმში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1971-1992 წლებში აქტიურად მონაწილეობდა, როგორც რესპუბლიკურ, საკავშირო, ისე ევროპის მრავალ ქვეყანაში მოწყობილ გამოფენებში. ამჟამად მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს, რუსეთის, აშშ-ს, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიია, იტალიის, ფინეთის, ისრაელის და სხვა ქვეყნების გალერეებსა და კერძო კოლექციებში.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions