აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დადგენილება

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება

რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის

დადებული ხელშეკრულების შესახებ

მიმდინარე წლის 24 ნოემბერს ქ. სოჭში რუსეთის ფედერაციასა და მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმდა ე.წ. ხელშეკრულება ,,მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“. აღნიშნული ხელშეკრულება თავისი შინაარსით სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის, საქართველოს ისტორიული რეგიონის მიტაცებისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომლის მიზანია დასავლეთზე გადამწყვეტი გეოპოლიტიკური უპირატესობის მოპოვება, ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ ახალი სამხედრო პლაცდარმის შექმნა საქართველოს შავიზღვისპირეთის 200 კილომეტრიან მონაკვეთზე.

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულება საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის კანონის ,,ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ არ შეიძლება ჩაითვალოს იურიდიული ძალის მქონედ და იმთავითვე ითვლება ძალადაკარგულად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო თვლის, რომ საკითხის სიმწვავისა და აქტუალობის გათვალისწინებით, საჭიროა საერთო ეროვნული მოქმედების ეფექტური გეგმის შემუშავება და დეოკუპაციისკენ მიმართული ყოველმხრივ გააზრებული და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინირებული ღონისძიებების გატარება.

უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ აფხაზეთის საოკუპაციო ხელისუფლების მიერ ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულების ,,მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების და საქართველოს კანონმდებლობით ითვლება  ბათილად და იურიდიული ძალის არ მქონედ.

2. აფხაზეთის კანონიერი მოსახლეობის უმრავლესობის ნების, ხელმოწერილი დოკუმენტისადმი მისი დამოკიდებულების დაფიქსირების მიზნით, ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს და მთავრობას განიხილოს დევნილ მოსახლეობაში გამოკითხვის (პლებისციტის) ჩატარების მიზანშეწონილობა.

3. კვლავაც ვადასტურებთ ადრე არაერთხელ გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოხსნის ძირითად წინა პირობებში აუცილებლად იქნეს ჩართული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციის მოთხოვნა.

4. დაევალოს აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად დააჩქარონ ცენტრალურ ხელისუფლებაში წარსადგენი დასაბუთებული წინადადების მომზადება სოჭში ხელმოწერილ დოკუმენტთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოში დავის დაწყების მიზანშეწონილობის შესახებ  და  სამი კვირის ვადაში წარმოადგინონ იგი უმაღლეს საბჭოში.

5. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ბ-ნ ჯემალ გამახარიას.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                                                                                                                                                                                                                            ელგუჯა გვაზავა

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions