შეხვედრა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში

 

18 ივნისს, აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებთან - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთან მერაბ ტურავასთან და თბილისის უნივერსიტეტის დოქტორანტთან გიორგი დგებუაძესთან. ვრცელი მოხსენება აფხაზეთში განხორციელებული გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მასალების სამართლებრივი ანალიზის შესახებ წარმოადგინა იურისტმა თამარ ჯაფარიძემ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე ანზორ ლაცუზბაია და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის აპარატის უფროსი ავთანდილ ხაზალია.

 

მოხსენებაში განხილულია აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს და მისი დასრულების შემდგომ ჩადენილი საერთაშორისო სისხლის სამართლის ხასიათის დანაშაულებები, ასევე ის პოლიტიკურ-სოციალური კონტექსტი, რომელიც წინ უძღოდა შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებას. საერთაშორისო სასამართლოების თუ ცალკეული ქვეყნების ეროვნული სასამართლოების მდიდარი სამართლებრივი პრაქტიკის გათვალისწინებით ნაჩვენებია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდგომ პერიოდში აფხაზეთში მცხოვრები ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები წარმოადგენს გენოციდის დანაშაულს. ლეგალურობის პრინციპის კონტექსტში წარმოდგენილია აგრეთვე ანალიზი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65[1] მუხლის (გენოციდის დანაშაული) რეტროაქტიულად გამოყენების შესახებ.

 

აღნიშნულ პრობლემაზე მოსაზრებები გამოთქვეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, თავმჯდომარის მოადგილეებმა ჯემალ გამახარიამ და დავით გვაძაბიამ, უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გივი ლომინაძემ, საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ, აგრეთვე მოწვეულმა სტუმრებმა მერაბ ტურავამ, ანზორ ლაცუზბაიამ და ავთანდილ ხაზალიამ.

 

მათი აზრით, საჭიროა ამ საკითხის აქტუალიზაცია საერთაშორისო არენაზე, რადგან აფხაზეთში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს დღემდე არ აქვს მიცემული სათანადო საერთაშორისო-სამართლებრივი შეფასება. გენოციდისა და ეთნიკური წმენდის შედეგად არასრული მონაცემებით განადგურებულია 5000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოძიებულია და დაზუსტებულია არაერთი დანაშაულის ჩამდენ პირთა შესახებ დეტალური ინფორმაცია, გასამართლებულია არაერთი დამნაშავე აფხაზეთის ქართული მოსახლეობის მიმართ გენოციდის მოწყობაში უშუალო მონაწილეობის ბრალდებით. ამჟამადაც საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოაებაშია სისხლის სამართლის საქმე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართული მოსახლეობის გენოციდისა და ეთნიკური წმენდის ფაქტზე. საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ აღნიშნული საკითხის საერთაშორისო დონეზე აქტუალიზაციისთვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions