აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ გალის რაიონში შექმნილ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით კონფერენცია ჩაატარა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით  აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ჩატარდა კონფერენცია  თემაზე ”ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზე მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ”.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ს, ბრიტანეთის, თურქეთის, პოლონეთის, გერმანიის საელჩოების წარმომადგენლები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე და სხვები.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ მადლობა გადაუხადა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის, საქართველოს ცენტრალური სტრუქტურების წარმომადგენლებს ჩვენი ქვეყნისთვის მეტად საჭირბოროტო საკითხის განხილვაში მონაწილეობისთვის. მან აღნიშნა, რომ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები საფრთხეს უქმნის გალის რაიონის ძირძველ მოსახლეობას, რაც გამოიწვევს შეუქცევად პროცესებს.

აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ქვაჩახია გამოვიდა საფუძვლიანი მოხსენებით ”ოკუპირებული გალის რაიონის განათლების სფეროში შექმნილი ვითარების შესახებ”, რომელშიც რეგიონში შექმნილი სავალალო მდგომარეობაა წარმოჩენილი.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოდგილემ ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ გალის რაიონში წლებია ფეხქვეშ ითელება ქართული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები, ბოლო დროს კი მშობლიურ ენაზე საუბარიც იკრძალება. გალის რაიონში რუსიფიკატორული პოლიტიკის განხორციელებას - ყოველივე ქართულის ამოძირკვას წინ უნდა აღუდგეს მსოფლიო თანამეგობრობა, აუცილებლობის შემთხვევაში კი - მიემართოს სტრასბურგის სასამართლოს პრობლემასთან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად.

კონფერენციაზე განხილული პრობლემის ირგვლივ საინტერესეო დისკუსია გაიმართა საქართველოს ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

კონფერენციამ მიიღო  რეზოლუცია, რომელიც გალის რაიონში განათლების სფეროში შექმნილი უმძიმესი ვითარების შერბილებას ითვალისწინებს. უმაღლესი საბჭოს მიმართვასთან ერთად იგი გაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს.
















 

 

 

 

 

 

 




Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions