აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოჩამჩირიდან ენგურის ხიდამდე რკინიგზის მონაკვეთის აღსადგენად რუსეთის სარკინიგზო ჯარების 500 ჯარისკაცის და 50 ერთეული სამხედრო ტექნიკის შემოყვანას სამშვიდობო მისიით, თითქოსდა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ვაფასებთ, როგორც რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალიან სახიფათო და შორსგამიზნული მორიგი მზაკვრული მიზნების განხორციელების წინაპირობას.
ჩვენ უკვე ვიწვნიეთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო მისიით შემოსული რუსეთის სამხედრო კონტინგენტის საქმიანობის შედეგები.
აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სარკინიგზო ჯარების მიერ რკინიგზის აღდგენა ენგურის ხიდამდე არის საქართველოში რუსეთის იმპერიის მიერ კარგად აპრობირებული მცოცავი ანექსიის ახალი ეტაპის დაწყების კლასიკური მცდელობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი