შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან

 

17 თებერვალს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის ფონდი ”სოხუმის” მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში თემაზე - ”ქალთა ხმების გაძლიერება კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში”, რომელიც გაიმართა შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მიერ მხარდაჭერილი ქართულ-აფხაზური ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

 

ფორუმი გახსნა ფონდი ”სოხუმის” თავმჯდომარემ ალა გამახარიამ. ფონდი ”სოხუმის” წევრმა  ლალი შენგელიამ ისაუბრა ენგურს გაღმა და გამოღმა ჩატარებული კვლევის შედეგებზე, რომელიც ეხებოდა ქალთა მონაწილეობას ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, მის ირგვლივ არსებულ პრობლემებზე, წარმატებებსა და პერსპექტივებზე. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ფონდის მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმი ”ქალთა ხმების გაძლიერება”. ექსპერტმა-კონსულტანტმა ეკა გამახარიამ ისაუბრა ჟენევის მოლაპარაკებების, როგორც ერთადერთი ქართულ-აფხაზური დიალოგის ოფიციალური პლატფორმის მნიშვნელობაზე, კვლევებში მონაწილე რესპოდენტების აზრით, ფართო საზოგადოებისთვის ეს არის ძალიან ზოგადი, არასაკმარისად გამჭვირვალე ფორმატი. მისი თქმით, კარგი იქნებოდა, თუკი ამ პროცესებში ჩაერთვება უფრო მეტი ქალი ორივე მხრიდან.

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს შვეიცარიის და აშშ-ს საელჩოების წარმომადგენლებმა, გაეროს დამკვირვებლებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ და დეპუტატებმა ანზორ წოწონავამ, ადა მარშანიამ, მურმან კვარაცხელიამ და სხვ.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ ”საქართველოს ისტორიაში ქართველ ქალს ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, იგი იყო გმირობისა და თავდადების, მიტევებისა და შერიგების მაგალითი. ქალის დამოკიდებულება კონფლიქტისა თუ ომის მიმართ მკვეთრად განსხვავებულია, ამიტომაც მათ უფრო დიპლომატიურად შეუძლიათ დაამყარონ კავშირი მოპირდაპირე მხარესთან, ესმით და ითავისებენ ერთმანეთის სიღრმისეულ განცდებსა და საფრთხეებს, აშენებენ ნდობას, რაც აუცილებელია სტაბილური და მშვიდობიანი მომავლის გზისკენ სვლისთვის”.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions