“ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა საკითხები - ისტორია და თანამედროვეობა“

ა/წ 10-11 ივნისს, აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოში გაიმართა აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომა და სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სახელწოდებით - “ქართულ-აფხაზურ ერთიერთობათა საკითხები - ისტორია და თანამედროვეობა“.

 

სხდომას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, ფრაქცია „ერთიანი საქართველო“-ს თავმჯდომარე რაისა ქარაია, დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე აკაკი გასვიანი, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ ლომთათიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ მახარაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პროფესორი მერაბ ხალვაში, ასევე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აჭარის სამეცნიერო ცენტრის, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა, საქართველოს საპატრიარქოს და სოროპტიმისტ ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის კლუბ „ბათუმი“-ს წარმომადგენლები.

სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძემ, რომელმაც თავის კოლეგას და სტუმრებს მადლობა გადაუხადა აჭარაში ჩამობრძანებისათვის და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მიმართული საქმიანობისთვის. თავის მხრივ, ელგუჯა გვაზავამ კოლეგებს მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის და თანადგომისთვის აფხაზეთთან დაკავშირებული ღონისძიებებისადმი. ელგუჯა გვაზავამ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

შეკრებილებმა აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონული სამეცნიერო ცენტრის შექმნის შესახებ იმსჯელეს. სხდომაზე ასევე აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აჭარის რეგიონულ სამეცნიერო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სხდომა დოკუმენტური ფილმის - „საქართველოსთვის შეწირული აფხაზი მამულიშვილები“ ჩვენებით დასრულდა.

11 ივნისს, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია დაბა ხიჭაურში, საქართველოს საპატრიარქოს სხალთის ეპარქიის წმინდა ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტში გაგრძელდა, რომელიც გახსნა მისმა მაღალყოვლად-უსამღვდელოესმან, სხალთელმა მთავარ ეპისკოპოსმა სპირიდონმა. ასევე შესავალი სიტყვით შეკრებილ საზოგადოებრიობას მიმართა აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდემტმა აკადემიკოსმა ზურაბ ლომთათიძემ.

მოხსენებებით წარსდგნენ: აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ვანო პაპუნიძე - „მუჰაჯირობა და აჭარაში მათი დასახლების ზოგიერთი საკითხი“; აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ჯემალ გამახარია - „აფხაზეთის და აჭარის საქართველოსაგან ჩამოცილების ერთ-ერთი რუსული გეგმა“; აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი მაია მირესაშვილი - „ქართველები თანამედროვე აფხაზ მწერალთა იმაგოლოგიურ ჭრილში“; ქ. ბათუმის აფხაზური საკვირაო სკოლის პედაგოგი ადა ქუთელია - „აფხაზები აჭარაში“; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მერაბ ნაჭყებია - „ქართული ენის სწავლების მდგომარეობა დღევანდელ აფხაზეთში“; აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი აკაკი გასვიანი - „მსოფლიო ცივილიზაციების სათავეებთან“; აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი დავით ჯალაღონია - „აფხაზეთის ეკონომიკა: პრობლემები და პერსპექტივები“.

















































































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions