აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განცხადება

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის დადგენილებები: ”აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს შესახებ” (24.02.1995წ.), - ”აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში აფხაზეთიდან არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრთა შეყვანის შესახებ” (14.06.1995წ.) და ”აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ”(25.12.1995წ.), ის ფუნდამენტური დოკუმენტებია, რომლებიც განსაზღვრავენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობას, მის უფლებამოსილებასა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ და მთავრობამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, დევნილების უფლებების, მათ შორის საარჩევნო უფლების დასაცავად. აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურები აქტიურად თანამშრომლობენ გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მეგობარ ქვეყნებთან, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებთან, რეგულარულად ახდენენ მათ ინფორმირებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესების და საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დარღვევის ფაქტების, მათ შორის კულტურული გენოციდის შესახებ.

როგორც მოსალოდნელი იყო, წინა წლების მსგავსად, წინასაარჩევნო პერიოდში კვლავ გააქტიურდნენ აფხაზეთის ლეგიტიმური ორგანოებისადმი ქრონიკულად ოპოზიციურად განწყობილი ძალები, რომლებიც არ ერიდებიან პოლიტიკური ბრძოლის მიუღებელ მეთოდებს და აბსურდული იდეებით, მოგონილი ბრალდებებით, პიროვნული შეურაცხყოფებით ცდილობენ აფხაზეთის ა/რ სახელისუფლებო სტრუქტურების დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

აფხაზეთის ომის შემდეგ რუსეთი, როგორც აშკარად, ისე ფარულად, თავისი სპეცსამსახურებისა  და საქართველოში არსებული სატელიტი ორგანიზაციების მეშვეობით იბრძვის დევნილობაში მოქმედი აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, მის გასაუქმებლად, რადგან სეპარატისტული რეჟიმის მესვეურებისათვის და კრემლიდან მათი მმართველებისათვის დღემდე სამართლებრივ ბარიერად რჩება აფხაზეთის ტერიტორიაზე კანონიერად არჩეული, დევნილობაში  მოქმედი უმაღლესი საბჭო, რომელიც გახლავთ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სეპარატისტული რეჟიმის უკანონობისა და არალეგიტიმურობის სამართლებრივი მტკიცებულება.

ჩვენდა სამწუხაროდ,  სამართლებრივი უმეცრების ტყვეობაში მყოფი ჩვენი ოპონენტები  უსაფუძვლო არგუმენტებით ცდილობენ აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის კვალობაზე ჩვენი სახელმწიფოს მიერ მიღებული და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამართლებრივი ექსპერტების მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური გადაწყვეტილების ნიველირებას აფხაზეთიდან დევნილი ხელისუფლების ლეგიტიმურობის სტატუსთან დაკავშირებით. უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის გადახალისების და დევნილი თანამემამულეებისთვის საარჩევნო უფლების გაფართოების უსაფუძვლო იდეებით ”შეიარაღებული” ზოგიერთი  ოპოზიციურად განწყობილი ოდიოზური პიროვნება ისე გაერთო სავარძლების ძებნით, რომ ნებსით თუ უნებლიეთ იქცა კოლაბორაციონისტული მიმდინარეობის კლასიკურ წარმომადგენლად. სამწუხაროდ, მათ შორის აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც წლების მანძილზე  აფხაზეთის ლეგიტიმურ სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე  მუშაობდნენ. მათი აქტივობა მიმართულია ვიწრო პირადული ინტერესების დაკმაყოფილებისკენ, ხოლო მათ გაუთავებელ მიმართვებს სასამართლოებში, ქვეყნის სხვა უმაღლეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში პოლიტიკური ავანტიურიზმის იერი უფრო დაკრავს, ვიდრე დევნილებსა და ჩვენი საერთო პრობლემის მოგვარებისათვის ზრუნვის. ჩვენი ოპონენტების მოთხოვნა უმაღლესი საბჭოს დათხოვნისა და ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ მიზნად ისახავს აფხაზეთის ტერიტორიაზე მისი მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული ლეგიტიმური წარმომადგენლობითი ორგანოს გაუქმებას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, გამოიწვევს ყველა იმ ე.წ. არჩევნების ლეგიტიმაციას, რომელიც სეპატისტებმა ჩაატარეს აფხაზეთიდან ძირძველი ქართველი მოსახლეობის გამოდევნის შემდეგ და რომელსაც არ ცნობს საერთაშორისო საზოგადოება.

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ აფხაზეთის დევნილ საზოგადოებას, როგორც არაერთხელ აქამდე, არც მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში უღალატებს პოლიტიკური ალღო და გააკეთებს სწორ დასკვნას, ღრმად გაიცნობიერებს დესტრუქციული ძალების ქმედებებისა და მოწოდებების შემცველ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, რომელიც აშკარად შეიცავს აფხაზეთის პრობლემის მოგვარებისთვის რეალურ საფრთხეს და ხელს უწყობს სეპარატისტთა და მათ მხარდამჭერთა ოცნების ასრულებას - აფხაზეთის საქართველოსგან მოწყვეტის საბოლოო გაფორმებას.

ჩვენ სრულად ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ ქვეყნის ხელისუფლების მიერ წარმოებულ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების კურსს, მის პრაქტიკულ საქმიანობას აფხაზებთან ნდობის აღდგენისა და ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცების, სამართლიანობის, თანასწორობის და თავისუფალი საარჩევნო გარემოს ახალ ხარისხობრივ დონეზე აყვანის ყველა მცდელობას. მოვუწოდებთ დევნილ თანამემამულეებს მიიღონ აქტიური მონაწილეობა არჩევნებში, ხმა მისცენ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს არაერთგზის შეუთავაზებია ჩვენდამი ოპოზიციურად განწყობილი პიროვნებებისათვის თანამშრომლობა, დევნილთა პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე ერთობლივი პროგრამების შემუშავება და სხვ. ჩვენ კვლავაც მზად ვართ მათთან კონსტრუქციული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დევნილთა შინ დაბრუნების ურთულესი, მაგრამ ერთობლივი ძალისხმევით მოგვარებადი  უპირველესი სახელმწიფოებრივი პრობლემის გადასაწყვეტად.

თბილისი,

08.08.2016.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions