20.01.2017 - მ.წ. 18-19 იანვარს ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში არსებულივითარება, კერძოდ, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურების საკითხი და თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებულიპრობლემები.
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის და ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ გააკეთა განცხადებები სოფელ წებელდასთან ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და სასაფლაოს დანგრევის ფაქტთან დაკავშირებით, დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს კულტურული და ისტორიული ძეგლების ხელყოფა და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, ეუთო-ს, გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (UNESCO), ასევე, სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ მკაცრი შეფასება მისცენ რუსეთის უკანონო ქმედებებს და დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების შენარჩუნებისა და დაცვის მიზნით. ქართული მხარის განცხადებებში აღინიშნა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთის რეგიონში მდებარე ეკლესიისა და სასაფლაოს განადგურება არის შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ 1954 წლის კონვენციის დარღვევა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი ქმედება. ქართულმა მხარემ ასევე გამოხატა შეშფოთება სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტების რაოდენობის შემცირებას, ექვსიდან ერთამდე. აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად გაართულებს ადგილობრივი მოსახლეობის მიმოსვლას და კიდევ უფრო დაამძიმებს რეგიონში შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას.
ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, რომ თავისი ქმედებები შესაბამისობაში მოიყვანოს საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და პრინციპებთან და შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
განცხადებაში ამერიკის დელეგაციის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოხატა აფხაზეთის რეგიონში თავისუფალი მიმოსვლის უფლების კიდევ უფრო შეზღუდვასთან დაკავშირებით. აშშ-ს მიერ აღინიშნა, რომ მიუღებელია საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაცია. აშშ-ს მხარემ მოუწოდა რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის დააბრუნოს თავისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე და უზრუნველყოს შეუზღუდავი ჰუმანიტარული შეღწევა აღნიშნულ რეგიონებში, ასევე, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება.
სხდომაზე, ამერიკელმა და კანადელმა დიპლომატებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ევროკავშირის მიერ ხაზგასმით აღინიშნა, რუსეთის ფედერაცია, საქართველოს რეგიონებში თავისი სამხედრო ძალების განთავსებით და სამხედრო ინფრასტუქტურის ზრდით, ლახავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
ევროკავშირის პოზიცია გაიზიარეს და მის განცხადებას ასევე მიუერთდნენ ნორვეგია, ისლანდია, უკრაინა, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო და ალბანეთი.
აღსანიშნავია, რომ ამასთანავე, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმართა UNESCO-ს გენერალურ-დირექტორს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებისა და მდგომარეობის შესწავლის მიზნით UNESCO-ს მისიის მოვლენის აუცილებლობის თაობაზე.
ეუთოში აშშ-ის მისიის განცხადება: https://osce.usmission.gov/condemnation-of-russias-destruction-of-cultural-heritage-in-georgia-statement-to-the-pc/