რაისა ქარაია: ”იმედია ხელისუფლება არ მიიღებს არაჰუმანურ გადაწყვეტილებას”

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და დევნილთა სამინისტრომ დევნილის შემწეობის რეფორმის მოსამზადებელი ახალი დოკუმენტი (პროექტი) შეიმუშავა. ჩამოთვლილი მუხლების საფუძველზე იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუწყდებათ დევნილთა შემწობის გაცემა. ამასთან დაკავშირებით აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებაში გაიმართა მსჯელობა, სადაც პროექტის არსებული ვერსია მთლიანობაში უარყოფითად შეფასდა.

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ  რაისა ქარაიამ აღნიშნულ პროექტს ”ხალხისთვისაც და ქვეყნისთვისაც უვარგისი” უწოდა.


- ამ პროექტის განხორციელებას შეიძლება ძალიან ცუდი რეზონანსი ექნეს დევნილ საზოგადოებაში. გადახედეთ სოციალურ ქსელებს, ხალხი უკიდურესადაა აღშფოთებული.... თუმცა ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ხელისუფლება არ მიიღებს არაჰუმანურ გადაწყვეტილებას.

პირადად მე, კატეგორიულად არ ვეთანხმები დევნილების ხარჯზე ეკონომიას და "ქამრების შემოჭერას". არც ის მუხლია ჩემთვის დამაჯერებელი, რომ გამოთავისუფლებული თანხა დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების აშენებას მოხმარდება. ერთხელ უკვე ვნახეთი ასეთი დაპირების შედეგი. თავის დროზე მონდომება რომ ყოფილიყო, ასეთი სტრატეგია მართლაც განხორციელდებოდა - დონორმა ქვეყნებმა ამ საკითხის მოსაგვარებლად საკმარისი თანხები გაიღეს, თუმცა საქართველომ დევნილთა პრობლემებზე მეტად სხვა საკითხები მიიჩნია პრიორიტეტულად. ახლა კი, ისევ სოციალურად დაუცველ დევნილთა ხარჯზე უნდათ ამის განხორციელება.

 

- რა არის მიუღებელი თქვენთვის ამ პროექტში?


თითქმის ყველა მუხლი დისკრიმინაციულია, რომელი ერთი ვთქვა! ვერ დავეთანხმები პრინციპს, რომლის თანახმადაც ზღვრული ნორმის ზემოთ შემოსავლის მიღების შემთხვევაში დევნილს ეხსნება შემწეობა, ამ დროს კი არ არის გათვალისწინებული შემოსავლის სტაბილურობა. არ არის გათვალისწინებული შვებულებაში გასვლის ნიუანსიც, როცა ერთბაშად ირიცხება ორი თვის ხელფასი, ცხადია, ხშირ შემთხვევაში ეს თანხა ზღვრულ ”ნორმას” გადასცდება და შემწობაც იმ თვეში არ ირიცხება! იგივე ხდება საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი თანხის შემთხვევაშიც - ვინ იცის, როგორი წვალების და კატორღული შრომის ფასად აწვდის დევნილი ახლობლებს თავის გამომუშავებულ ხელფასს. ეს სწორია? ერთ-ერთ მუხლში შემწეობის გასაცემი ზღვრული ნორმა 165 ლარამდეა დაწეული. როგორ, ომგამოვლილ პენსიონერსაც აღარ ეკუთვნის 45 ლარი? ეს აბუჩად აგდებას უფრო ჰგავს! ასევე უსამართლობაა, რომ დევნილის შემწეობის 2 წლის წინასწარ აღების შემთხვევაში დევნილმა  ამ თანხის ლამის ნახევარი უნდა დაუბრუნოს სახალხო ბანკს. ან კიდევ, შემწეობის მოხსნის შემთხვევაში დევნილმა უნდა მიმართოს სოციალური დახმარების სააგენტოს. უკაცრავად, მაგრამ რომელ სააგენტოს? რომელიც ძალიან სუბიექტური და მყიფეა და გადახედვას საჭიროებს? ამას წინათ, ერთ მარტოხელა დევნილს, ინვალიდ პენსიონერს, რომელიც ფაქტიურად წამლებზე ცხოვრობს, ძველი ტელევიზორი და სამზარეულოს შკაფი ვაჩუქე, რის გამოც სოციალური დახმარება მოუხსნეს... როგორ მივანდოთ ამის მერე დევნილები სოციალურ სააგენტოს?

 

ვერ შევეგუები დევნილთა დაყოფას თაობების მიხედვით, როგორ შეიძლება "მეორად" და "უშუალო" დევნილებად დიფერენცირება? ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს რატომ არ ეკუთვნით შემწეობა? დევნილის სტატუსი? რისკის ფასად სიცოცხლეშენარჩუნებული, დათრგუნული და ფსიქოლოგიურად განადგურებული დევნილის შვილს როგორ უნდა დააყვედრო 45 ლარი? ეს 45 ლარიც ისე გაუფასურებულია, სოციალურ დახმარებასაც ვერ დავარქმევ. ამ მუხლის ამაზრზენობა კი იმაშია, რომ თურმე, დევნილის შემწეობის მიმღები ბენეფიციარების რაოდენობა ყოველწლიურად 5000 ადამიანით არ გაიზრდება. აბა რა უნდა ვუწოდო ამას, თუ არა ცინიზმი?!  სირცხვილი იმას, ვინც ასეთი გათვლა გააკეთა.

 

მახსოვს, პირველი შემწეობა, რომელიც 1996 წელს გაიცა, პენსიას უტოლდებოდა და ყოველთვის უნდა ყოფილიყო მისი ტოლი, თანაც აფხაზეთში დაბრუნებამდე - ასეთი იყო ამ შემწეობის სამართლებრივი არსი. 2013 წლის შემდეგ შემწეობა არ გაზრდილა, პენსია კი დღეს 180 ლარია. ან თუნდაც, თუკი საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 275 ლარია, გამოდის, რომ 45 ლარით (სამ სულზეც რომ გავამრავლოთ) ამ მინიმუმსაც ვერ ვაღწევთ.

 

ან ინტეგრირება რას მიქვია? ჩვენ ისედაც ვართ ინტეგრირებულები, საქართველოში ვცხოვრობთ, უცხოეთში ხომ არა ვართ, რომ რაიმე ახალს შევეგუოთ! რა საჭიროა ამისთვის დევნილის სტატუსის გაუქმება? სტატუსის გარეშე ვინ დაგვაბრუნებს აფხაზეთში? და თუ ჩვენი შვილები და შვილიშვილები არ დაბრუნდებიან, მაშინ ვინ უნდა დაბრუნდეს, ვინ უნდა იცხოვროს იქ? რისთვის გვინდა აფხაზეთის დაბრუნება, თუ აფხაზეთში  ქართველის ფეხი ამოიძირკვა? ესეც რომ არა, დევნილის არარსებობით ფაქტობრივად დე ფაქტო ხელისუფლებას ვაღიარებთ! ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს შორს გამიზნული გეგმაა ჩადებული ამ პროექტში, რომელსაც აფხაზეთის აღიარებამდე მივყავართ. აი, სტრატეგია! რომელი დევნილი დაეთანხმება ამას!

 

- შემდეგი ეტაპი რა იქნება ქალბატონო რაისა, როგორი გაგრძელება ექნება ამ საკითხს?


- ქუჩის საპროტესტო აქციებს ჩვენ ვერ მოვაწყობთ, ჩვენი ბრძოლის ველი პარლამენტშია. ცხადია, პარლამენტს მივმართავთ, მაგრამ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ პარლამენტში დევნილთა უფლებების დამცველი დღეს ფაქტიურად არავინაა. ჩვენ არა თუ მხარს არ დავუჭერთ ამ პროექტს, ყველანაირად შევეწინააღმდეგებით, დავარწმუნებთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ დიალოგით დევნილ მოსახლეობასთან და მათი თანამონაწილეობით უნდა მოხდეს რეფორმების განხორციელება!

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions