გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები დაგმეს

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები დაგმეს გაერო-ში უკრაინის დელეგაციამ უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები დააყენა.

 

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ინფორმაციით, საკითხი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამშვები პუნქტების ჩაკეტვას, ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო დაჯგუფებების გაერთიანებას რუსეთის შეიარაღებულ ძალებში და ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს შეეხებოდა. უკრაინის ელჩის, ვოლოდიმირ იელჩენკოს განცხადებით, „იქამდე, ვიდრე უკრაინა უშიშროების საბჭოს წევრია და მას შემდეგაც, ამ თემის ჩაკვლა ვერ მოხდება.“

„ზოგი ფიქრობს, რომ ეს გაყინული კონფლიქტია, თუმცა ეს ასე არ არის. ჩვენ ეს გვინახავს ყირიმის მაგალითზე... რუსეთის ფედერაციის მიერ „სამხრეთ ოსეთის“ სამხედრო დაჯგუფებების ინტეგრაცია და გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, ართულებს ადამიანის უფლებების დაცვას და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ეს ნაბიჯები, ჩვენი აზრით, მოითხოვდა უშიშროების საბჭოს ყურადღებას. ჩვენ მოხარული ვართ და მადლობას ვუხდით ჩვენს კოლეგებს. უშიშროების საბჭოს ნახევარზე მეტმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა და ყველა დელეგაცია ერთის გარდა, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი ინიციატივა იყო, გაგვეკეთებინა განცხადება პრესისთვის, თუმცა ეს ნაწილი რუსეთის ფედერაციის მიერ იქნა დაბლოკილი“, - განაცხადა უკრაინის ელჩმა გაეროში ვოლოდიმირ იელჩენკომ.

სხდომის დასრულების შემდეგ პრესასთან განცხადება გააკეთა ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა. გაერო-ში ბრიტანეთის ელჩის, მეთიუ რაიკროფტის თქმით, ბრიტანეთი და უშიშროების საბჭოს წევრების უმრავლესობა შეშფოთებულია ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებებით.

„მე გამოვხატე ჩვენი შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ აფხაზეთში, რაც ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს. ჩვენ არ ვაღიარებთ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 12 მარტს აფხაზეთში ჩატარდა. ამასთანავე არ ვცნობთ, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს სახელის შეცვლაზე „სამხრეთ ოსეთში“. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არ უწყობს ხელს კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტას“, - განაცხადა მან.

ბრიტანეთის ელჩის თქმით, გამომსვლელთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს პოზიციას და მისი თქმით, ისინი, ისევე როგორც ბრიტანეთი, არ აღიარებენ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას.

„გამომსვლელთა უმრავლესობამ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ისინი არ აღიარებენ ამ რეგიონების დამოუკიდებლობას“, - აღნიშნა ბრიტანეთის ელჩმა.

 

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მოსკოვმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამატებითი სამხედრო ტექნიკა განათავსა და ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ მარიონეტული სამხედრო დაჯგუფებები რუსეთის სამხედრო სისტემას მიუერთა. ამასთანავე, ადგილი ჰქონდა ოკუპაციის ხაზის გასწვრივ სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ჩაკეტვას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით რამდენჯერმე გამოთქვა შეშფოთება.
Ipn.ge, 29.03.17

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions