აფხაზური მედიის ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა იტალიის ქალაქ ბარში აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზენტაცია გამართეს, სადაც ასევე, ხელი მოეწერა პროტოკოლს ასოციაცია „ევროპა-აფხაზიას“ და იტალიის ქალაქს შორის შესაძლო თანამშრომლობაზე. პროტოკოლი ითვალისწინებს მრეწველობის, ბიზნესის, ვაჭრობის, ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობას და წელიწადში ერთხელ ამ დარგის სპეციალისტებისგან შემდგარი დელეგაციების გაცვლას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათთვის ცნობილია იტალიის მთავრობის პოზიცია, რომ იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარებას.
იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ურთიერთობების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, პრესრელიზების არქივში იძებნება განცხადება, რომლის თანახმად, იტალია არ ცნობს საოკუპაციო რეჟიმების ე.წ. დიპლომატიურ წამომადგენლობებს.
„მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. აფხაზეთის ელჩის იტალიაში აქტივობებს ეხებოდა, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ურთიერთობების სამინისტრო ხაზგასმით განმარტავს, რომ იტალია, ევროკავშირის შესაბამისად, არ აღიარებს არც აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ის საქართველოს რეგიონია და არც აფხაზური ხელისუფლების მიერ დანიშნულ ატაშეებს. ეს პიროვნებები არ სარგებლობენ არანაირი იმუნიტეტით ან პრივილეგიებით ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად“, - ნათქვამია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ურთიერთობების სამინისტროს განცხადებაში. Livepress.01.05.17