შეხვედრა დევნილთა შემწეობის რეფორმის თაობაზე

 

დევნილთა სახელმწიფო შემწეობის რეფორმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და დევნილთა სამინისტროს მიერ  შემუშავებული დოკუმენტის შესახებ მსჯელობა დიდი ხანია მიმდინარეობს, რამაც, როგორც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში, ასევე სახელისუფლებო სტრუქტურებში  არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია.

 

აღნიშნული დოკუმენტისადმი კრიტიკულად განწყობილმა დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ”გზა აფხაზეთისაკენ”, ”დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრი”, ”პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენლებმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ხელმძღავნელობასთან შეხვედრა და მათგან ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპული პოზიციის გამოხატვა მოითხოვეს.

 

მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, თავმჯდომარის მოადგილემ დავით გვაძაბიამ, უმაღლესი საბჭოს ფრაქციის თავმჯდომარემ თეიმურაზ მჟავიამ.

 

უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება მისი გამოქვეყნისთანავე, თებერვლის თვეში გაავრცელა, რომელშიც საკმაოდ კრიტიკული პოზიცია გამოხატა, კერძოდ მასში აღნიშნულია: დევნილებზე ორიენტირებული ნებისმიერი სახის და შინაარსის რეფორმის შეფასება უნდა ხდებოდეს იმის მიხედვით, თუ რა დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია მას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების მზადების ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე. რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტის ზედაპირული ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ პროექტის ავტორებს მეორე პლანზე აქვთ გადატანილი ამ პროცესების პოლიტიკური შემადგენელი და ძირითადი აქცენტი გადატანილი აქვთ იმ საბუღალტრო-ეკონომიკურ გათვლებზე, რომელიც, თურმე, გარკვეულ სარგებელს მოუტანს თვითონ დევნილებს, მათთვის უფრო სიმბოლური და უდიდესი პოლიტიკური, ვიდრე მატერიალური დატვირთვის მქონე სახელმწიფო შემწეობის შეწყვეტის შემთხვევაში... პროექტის ავტორებს ვერ დავეთანხმებით ეკონომიკურ გათვლებში, სადაც ერთ-ერთ შემოთავაზებულ ვარიანტში, უბრალოდ მათემატიკურად გაამრავლეს 45 ლარზე სახელმწიფო შემწეობაშეწყვეტილ დევნილთა რიცხვი და მიიღეს სასურველი ფინანსური დანაზოგი, იმ თანმდევი პრობლემების უგულებლეყოფით, რომ სახელმწიფო შემწეობაზე - 45 ლარზე არის მიბმული და გათვლილი უმუშევარ დევნილთა ოჯახის ბიუჯეტი, კვება, საცხოვრებელი ფართის შენახვის კომუნალური გადასახადი. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რომ პროექტის იმ ვარიანტის შემოთავაზება, რომლის თანახმად სახელმწიფო დახმარება მოეხსნება ყველას, ვინც დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით - ნიშნავს ამ ფართის დატვირთვას საბანკო იპოთეკით, რაც საბოლოო ჯამში 1-2 წლის მანძილზე დამთავრდება უბინაოდ დარჩენილი საბანკო იპოთეკარების ახალი ტალღით”.


მართალია, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში უარყოფითი დამოკიდებულება და არაერთი შენიშვნა აქვთ რეფორმის ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, მაგრამ ბატონმა ელგუჯა გვაზავამ დევნილებთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსხვავებით წინა ხელისუფლებისაგან, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება და პირადად პრემიერ-მინისტრი მაქსიმალურად ცდილობენ ითანამშრომლონ და შეძლებისდაგვარად ანგარიში გაუწიონ, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსაზრებებს, ასევე დევნილი საზოგადოების პოზიციას. უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმის დოკუმენტთან დაკავშირებით მსჯელობისათვის საქართველოს მთავრობაში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა პრემიერმინისტრის, მთავრობის წევრთა და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების პირველ პირთა მონაწილეობით. საკითხთან დაკავშირებით მუშაობა არ დასრულებულა და გადაწყვეტილების მიღება ამ ეტაპზე გადავადებულია.

 

დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კახა შამათავამ, მარი ჩაჩუამ, ნანა ხომასურიძემ, რუსუდან ხუბუტიამ, ტატიანა გელაძემ, ოთარ ფანცულაიამ მათ მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციების გამართვის შესახებ განაცხადეს, დევნილთა ფართო აუდიტორიის მონაწილეობით იმ შემთხვევაში, თუკი  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და დევნილთა სამინისტრო საბოლოოდ არ შეიცვლის პოზიციას და მაინც ეცდება  ყოვლად გაუმართლებელი პროექტის დაკანონებას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 




Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions