ჯემალ გამახარია: ”პუტინის ვიზიტი აფხაზეთში კრემლის მორიგი ცინიკური და სამარცხვინო გამოვლინება”

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარიამ.



ვლადიმერ პუტინის ვიზიტი აფხაზეთში კრემლის აღვირახსნილი აგრესიული პოლიტიკის მორიგი ცინიკური და, მე ვიტყოდი, სამარცხვინო გამოვლინება გახლავთ. პირველ რიგში, მინდა მთლიანად დავეთანხმო საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ამ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებულ საკმაოდ მკვეთრ და, რაც მთავარია, ობიექტურ შეფასებებს.


რა თქმა უნდა, ვ. პუტინის ვიზიტი უკავშირდება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს გაჩაღებული ომის მეცხრე წლისთავს. ასევ ცხადია, რომ იგი არის უსუსური, ღიმილის მომგვრელი პასუხი საქართველოში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ პენსის ამასწინანდელ წარმატებულ ვიზიტზე. ბიჭვინთაში ჩამოსვლით რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აბუჩად აიგდო საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმები, მოახდინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის დემონსტრირება.


ვ. პუტინმა თავისი ”სტუმრობით” კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ შეურაცხყო რუსეთის გადამწყვეტი მონაწილეობით აფხაზეთში ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ნათელი ხსოვნა.


საინტერესოა ვ. პუტინის მიერ ბიჭვინთაში გაკეთებული გზავნილები. პრინციპულ სიახლეს ისინი არ შეიცავენ, თუმცა ყურადღებას იმსახურებენ ვ. პუტინის მიერ გაჟღერებული პოლიტიკური დატვირთვის მქონე ცალკეული ქვეტექსტები. მისი ხმამაღალი და რიხიანი განცხადება აფხაზეთის უსაფრთხოებისა და ვითომ დამოუკიდებლობის გარანტიების შესახებ პირდაპირ მიუთითებს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის ხარისხზე. სინამდვილეში ამგვარი განცხადება ნიშნავს, რომ აფხაზეთის ტერიტორია მომავალშიც დარჩება ნატოს წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ბაზად, რომ ეს ბაზა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. ვ. პუტინის განცხადება აგრეთვე ნიშნავს არა იმდენად უსაფრთხოებისა და ”დამოუკიდებლობის”, არამედ ანექსიონისტური პოლიტიკის გაგრძელების გარანტიას. ამაზე მეტყველებს დაუპატიჟებელი სტუმრის მიერ განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება რუსი ტურისტების უსაფრთხოების ერთობლივად (?!) უზრუნველყოფის აუცილებლობაზე, ამასთან დაკავშირებით რუსეთ-აფხაზეთის ყბადაღებული შსს ორგანოების საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის მნიშვნელობაზე. ვფიქრობ, ყოველგვარი კომენტარები აქ ზედმეტია. იმედი მაქვს, აფხაზური საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი სათანადოდ შეაფასებს ვ. პუტინის განცხადების ამ ნაწილს.


ანექსიონისტური პოლიტიკის კონტექსტში უნდა იქნეს განხილული ვ. პუტინის ”ზრუნვა” აფხაზეთის ეკონომიკაზე, საუბარი მისი განვითარების ”ოპტიმალური გზების” ძიების აუცილებლობაზე, ”საკუთარი საგადასახადო ბაზის” გაფართოებაზე. აფხაზეთის ეკონომიკის განვითარების ფაქტობრივად ერთადერთ ”ოპტიმალურ გზად” დიდი ხანია რუსეთს აფხაზეთიდან დევნილთა და გენოციდის მსხვერპლთა უძრავი ქონების, მათ შორის მიწებისა და სახლების რუსეთის მოქალაქეთათვის მიყიდვა ესახება.


აფხაზეთის ანექსიის მიზნის მიღწევას ემსახურება ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი ”შეთანხმება” აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავალდებულო სამედიცინო დაზღვევისა და სამედიცინო დახმარების შესახებ. ამ ”შეთანხმებამ” უნდა წაახალისოს აფხაზეთის მოსახლეობის მიერ რუსეთის მოქალაქეობის მასობრივად მიღება, საქართველოსთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა. აფხაზურმა საზოგადოებამ იცის, რომ მის ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე რუსული ”ზრუნვა” უდიდეს საფრთხეს შეიცავს. საქმე იმაში გახლავთ, რომ  აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივება დაიშვება, თუ ასე შეიძლება ითქვას, ნაცვალგების საფუძველზე, ანუ იმავდროულად უნდა მოხდეს რუსების მიერ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებაც. მოსკოვიდან გამოგზავნილი შესაბამისი ”კანონპროექტი” უკვე რ. ხაჯინბას კანცელარიაშია და მალე განსახილველად ე.წ. სახალხო კრებას გადაეგზავნება. ამ შემთხვევაშიც კომენტარებისაგან თავს შევიკავებ, ისედაც ყველაფერი ნათელია.


ვ. პუტინის ვიზიტმა აფხაზეთში კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, რომ რუსეთმა, ამ უზარმაზარმა ბირთვულმა სახელმწიფომ, თავისი აგრესიული პოლიტიკით საკუთარი თავი საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია. მის მთავარ ”მოკავშირეებად” საქართველოს ოკუპირებული რეგიონები რჩებიან, რომლებიც სამხედრო ბაზებად არიან გადაქცეული. სწორედ ამ რეგიონებიდან ცდილობს კრემლი თითი დაუქნიოს დასავლეთს, ნატოს და მის მოკავშირეებს.


შექმნილ ვითარებაში, როგორც ამის შესახებ არაერთხელ აღნიშნულა უმაღლესი საბჭოს ბოლოდროინდელ განცხადებებში, აუცილებელია დეოკუპაციის სახელმწიფო პოლიტიკის კიდევ უფრო გააქტიურება, ამ მიზნით არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ სამართლებრივი ბერკეტების ამოქმედება, აფხაზეთში რუსეთის გადამწყვეტი მონაწილეობით განხორციელებული გენოციდის თემის წინ წამოწევა და ოკუპანტისთვის მტკივნეული სხვა ზომების მიღება.


Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions