აფხაზეთის ხელისუფლებამ გამორჩეული ბიოგრაფიის დევნილ სტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მიულოცა

17 ნოემბერს „მაგთი -კლუბში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ სტუდენტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო შეხვედრა გამართა.

 

ტრადიციად დამკვიდრებულ ღონისძიებას, რომელსაც უმაღლესი საბჭო ყოველწლიურად უწევს ორგანიზებას, საფუძვლად უდევს სტუდენტთა საერთაშორისო დღედ დაწესების ისტორია: 1939 წლის 28 ოქტომბერს ფაშისტების მიერ ოკუპირებულ პრაღაში სტუდენტებმა და მათმა პედაგოგებმა ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს ჩამოყალიბების წლისთავისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია გამართეს, რომელიც  ფაშისტებმა დაარბიეს - 1 200-ზე მეტი სტუდენტი აიყვანეს და საკონცენტრაციო ბანაკში დაამწყვდიეს. ცხრა აქტივისტი კი დახვრიტეს. ორი წლის შემდეგ, 1941 წლის 17 ნოემბერს, ლონდონში, ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტთა საერთაშორისო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პრაღაში დაღუპულ სტუდენტთა პატივსაცემად, 17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო.


უკვე მეხუთე წელია აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მაღალი სარეიტინგო ქულების მქონე აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს ”მადლობის სიგელით” და სიმბოლური საჩუქრებით აჯილდოვებს. წელს 50 სტუდენტი (სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან)  დააჯილდოვეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ სპონსორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი თანადგომით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ ლამაზი საღამოს მოწყობაში: “ავერსის“, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია „SOCAR”-ის, “ტერაბანკის“, „თი-ბი-სის“, ასევე უმაღლესი სასწავლებლების რექტორატის წარმომადგენლები: საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტიდან (სდასუ), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (თსუ), კავკასიის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან (თსსუ), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

 

საღამომ საინტერესო ვითარებაში ჩაიარა. აფხაზეთის მოზარდი ახლაგზარდების შემოქმედებითი ცენტრის როკ-ბენდის „ოცნების“ წევრებმა ძალიან ენერგიული, მხიარული და ცეცხლოვანი საღამო აჩუქეს სტუდენტებს, თუმცა მუსკილური გაფორმება მხოლოდ ბენდის რეპერტუარის შესრულებით არ შემოფარგლულა.  ზ.ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, მუსიკისა და კომპოზიციის ფაკულტეტის სტუდენტის ლიკა ჯგერენაიას და ვოკალური ჯგუფის „მაფშალიას“ სოლისტის ნინი შონიას, აფხაზეთიდან დევნილი მომღერლის რუსკა სერგიას შესრულებეულმა სიმღერებმა სადღესასწაულო განწყობა შემატეს საღამოს.



საღამოს მასპინძლებმა, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს მშვიდობა, ერთობა  წარმატებები და აფხაზეთში დაბრუნება, შემდგომ კი - აფხაზ თანატოლებთან ერთად ქვეყნის აღმშენებლობაში აქტიური მონაწილეობა უსურვეს.



უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა: - „მინდა ჩავხედო თვალებში ჩვენი ქვეყნის მომავალს, ახალ თაობას - თქვენ, აფხაზეთის შვილებო და გითხრათ ის, რაც  თქვენს მშობლებს, წინაპრებს და სრულიად საქართველოს აწუხებს - არ დაკარგოთ ის ჯაჭვი, რომელიც უფროსებთან გაკავშირებთ, რადგანაც მხოლოდ მათ მხრებზე დაყრდნობით შეიძლება იყოთ თქვენ ძლიერები და სამშობლოსთვის გამოსადეგი. მე ვარ ბედნიერი, რომ გიყურებთ ასეთ ლაღებს, წარმატებულებს და დარწმუნებული ვარ, რომ სტუდენტურ წლებს გამოიყენებთ ნაყოფიერად და ჩამოყალიბდებით მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად, რაც სამომავლოდ ჩვენი კუთხის, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას წაადგება“.











Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions