შეხვედრა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან

1 თებერვალს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი პეტრო ბოგდანი მიიღო. შეხვედრამ თბილ და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა, რომელზეც გამოითქვა მზაობა ორი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებაზე, რაც გარკვეულწილად გულისხმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებული გამოცდილებების გაზიარებასაც. ამ მიზნით, 2 თებერვალს დაიგეგმა უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის ვიზიტი გორის ეპარქიაში.

 

ელგუჯა გვაზავამ საპატიო სტუმარს გააცნო 2008 წლის რუსული ოკუპაციის შედეგად შექმნილი ვითარება გორის ეპარქიაში, მოინახულეს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობა, ეწვივნენ 200 წლის წინ დაარსებულ გიმნაზიას, სადაც გარდა სასკოლო პროგრამისა, საღვთო საჯულსაც სწავლობენ დევნილი ბავშვები (ადგილობრივებთან ერთად), ესტუმრნენ გორის და ატენის მიტროპოლიტს მეუფე ანდრიას (გვაზავას). შეხვედრამ კარგა ხანს გასტანა. უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებმა დიდი ინტერესი გამოხატეს იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ აისახა ოკუპაციის მძიმე კვალი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ ქართულ ეკლესიებსა და  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.

ელგუჯა გვაზავას თქმით, „უკრაინასა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აქვს პარალელები. ჩვენი საერთო მეზობლის, რუსეთის, პოლიტიკამ როგორც საქართველოს, ისე უკრაინას მოუტანა დესტაბილიზაცია, ადამიანური ტრაგედიები, დააშორა მოძმე ერები... რაც შეეხება ეკლესიას, ოკუპანტ ქვეყანას ჰქონდა მცდელობა აფხაზეთის ეპარქიის მისაკუთრების, მაგრამ საეკლესიო კანონებიდან გამომდინარე, იძულებული გახდა ფორმალურად ისევ საქართველოს ეკლესიის „კანონიკურ ტერიტორიად“ ეღიარებინა. აი, უკრაინას, გაცილებით რთული მდგომარეობა აქვს ავტოკეფალურ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენს სტუმრებს მეუფე ანდრიასთან ჰქონდათ შეკითხვები ამ კუთხით. ადრე თუ გვიან, რუსეთი მაინც ვერ გაექცევა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალური დამოუკიდებლობის აღიარებას, მაგრამ მანამდე მსგავს პრობლემებზე მუშაობისას, მათთვის ჩვენი გამოცდილება შეიძლება საკმაოდ ეფექტური გამოდგეს”.

საქართველოს 25 წლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, საუბარი შეეხეო ასევე იმას, თუ თუ რა პრობლემის წინაშე შეიძლება დადგეს უკრაინა. საქართველომ გაუძლო მეზობელი ქვეყნის წნეხს და მიუხედავად იმისა, რომ ორი რეგიონი ოკუპირებულია, ქვეყანა ორიენტირებულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე. უკრაინელმა სტუმრებმა გამოთქვეს სურვილი მსგავსი შეხვედრების გაგრძელების, ასევე სხვადასხვა სფეროში ისეთი ერთობლივი პროგრამების შემუშავების, რომელთა მეშვეობითაც აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებს გაეწევათ პროგრამით გათვალისწინებული რაიმე სახის დახმარება. დაიგეგმა თებერვალში ყირიმელი დეპუტაციის მოწვევა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში, კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელება და შემდგომი თანამშრომლობა.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions