საქართველოს პარლამენტში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინეს

 

საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართა.

 

სახალხო დამცველის სპეცანგარიშის განხილვაში დეპუტატებთან ერთად მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების სამინისტროს და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

 

სახალხო დამცველმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განთავსებული დევნილებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. მან დეტალურად აღწერა ის ვითარება, რომელიც შექმნილია დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში, ყურადღება გაამახვილა კონკრეტულ მაგალითებზეც, და ზოგადად, პრობლებების გადაჭრის გზებზეც ისაუბრა.

 

სახალხო დამცველის ანგარიში მომზადებულია იმ მონიტორინგის საფუძველზე, რომელიც სახალხო დამცველის აპარატის წევრებმა ევროსაბჭოს პროექტის ფარგლებში 2010 წლის პირველ ექვს თვეში განახორციელეს. საქართველოს მასშტაბით 256 კომპაქტურად განსახლების ადგილზე 538 ოჯახი გამოიკითხა.

 

როგორც გიორგი ტუღუშმა განაცხადა, მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების სამინისტროს მხრიდან გადადგმული ქმედითი ნაბიჯებისა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ცხოვრებაში პრობლემები კვლავაც ბევრია. მისივე თქმით, ასევე მკვეთრად იმატა სახალხო დამცველისადმი კერძო სექტორში განსახლებული დევნილების მიმართვებმაც. განსაკუთრებით მძიმეა 90–იანი წლების დევნილთა  მდგომარეობა, რომელთა უმრავლესობის საცხოვრებელი პირობები ელემენტარულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. გიორგი ტუღუშის განცხადებით, ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებნი და ეს გალის რაიონიდან შემოსული განცხადებებითაც დასტურდება.

 

ამასთან ერთად, სახალხო დამცველის მიერ დასმულ საკითხებზე განმარტებები გააკეთა და პარლამენტის წევრთა შეკითხვებს უპასუხა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ თამარ მარტიაშვილმა. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარემ, გიორგი არსენიშვილმა განაცხადა, მინისტრი კობა სუბელიანი სხდომას ობიექტური მიზეზების გამო ვერ დაესწრო და ანგარიშში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით მასთან უახლოეს დღეებში  აუცილებლად გამართავს სამუშაო შეხვედრას.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions