ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

 

18-24 თებერვალს, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა ოფიციალური მოწვევით იმყოფებოდა აშშ-ში, ნიუ იორკში გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაზე, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციის “მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის" ორგანიზებით, აფხაზეთის  უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერითა და პრაქტიკული დახმარებით მონაწილეობდნენ  ახალგაზრდა ლიდერები.

გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა 2004 წლიდან იმართება ყოველწლიურად და ფოკუსირებულია გაეროს საქმიანობაში ახალგაზრდობის ჩართულობაზე, ცდილობს ხელი შეუწყოს მოზარდების შემეცნებას და კარიერულ ზრდას სამოქალაქო საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით.

2018 წლის ასამბლეა მიეძღვნა სოციალურ პროგრამებს, რომელთა შორის ყველაზე დიდი აქტუალობით გამოირჩეოდა დღეისათვის მსოფლიოში არსებული გლობალური ეკოლოგიური,  მათ შორის წყლის რესურსების მართვისა და დაცვის საკითხები. ქართველი ახალგაზრდები საკმაოდ მომზადებულები წარსდგნენ ასამბლეაზე, სადაც სამი დღის განმავლობაში საინტერესო კონცეპტუალურ შემოთავაზებებს იხილავდნენ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ელგუჯა გვაზავას თქმით, „გარდა სოციალური პრობლემებისა, ჩვენი დელეგაცია შეეხეო დღეისათვის საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების პრობლემებს. ასამბლეის მონაწილეებს დავურიგეთ ლიტერატურა საქართველოს ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის და გენოციდის შესახებ, რათა საერთაშორისო არენაზე საქართველოს დეოკუპაციის თემა მუდმივად იყოს აქტიური და წინა პლანზე“.



21 თებერვალს, საქართველოს საელჩომ აშშ-ში მოაწყო დოკუმენტური ფილმის "მე გადავცურე ენგური" პრეზენტაცია, რომლის ავტორიც არის აფხაზეთიდან დევნილი ანუნა ბუკია. ფილმი მოგვითხრობს  საქართველოში აფხაზეთის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ, სადაც გაცოცხლებულია ე.წ. ენგურის საზღვარზე დღეისათვის არსებული ტრაგიკული რეალობა. ჩვენების დასრულებისას გაიმართა დისკუსია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, ქართველმა დევნილებმა და ემიგრანტებმა დამსწრე საზოგადეობას პირადი გამოცდილებაც გაუზიარეს.

ფილმის ჩვენებასთან ერთად საელჩომ ახალგაზრდა მხატვრების ნინი და დიმიტრი დუმბაძეების ნახატებიც გამოფინა სიმბოლური თემით "ხელოვნება შერიგებისთვის". გამოფენა აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ფასეულობების გაძლიერებისთვის" ხელშეწყობით გაიმართა. საელჩოს წარმომადგენლებისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის  შთანხმებით გადაწყდა, რომ 23 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისა და აფხაზეთობის დღესასწაულზე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო თავის ხმას შეუერთებს აშშ-ში დაგეგმილ ღონისძიებას და ერთობლივად აღნიშნავენ საიუბილეო თარიღს „აფხაზეთის დღეებთან“ ერთად.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions