ელგუჯა გვაზავა: კარგია, რომ საქართველოც შეუერთდა საერთაშორისო-პოლიტიკურ გადაწყვეტილებას


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა მიესალმება ქვეყნიდან რუსი დიპლომატის გაძევების ფაქტს, რითაც საერთაშორისო-პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოც შუერთდა.

როგორც ელგუჯა გვაზავამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მსოფლიომ დღეს კრემლის სახე გამოააშკარავა.

„მსოფლიომ დღეს კრემლის სახე აჩვენა. ძალიან კარგია, რომ საქართველო ღიად შეუერთდა ამ პროცესს. მსოფლიო მიხვდა კრემლის ზრახვებს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ამიტომ გვჭირდება ყოველივეს გააზრება, ბრძნული ნაბიჯების გადადგმა, დიპლომატია და რაც გაკეთდა, დადებითად მიმაჩნია. დღეს ისეთი დაუცველები აღარ ვართ, როგორც 2008-ში ვიყავით, ან მანამდე, – ეს ნამდვილად ასეა. საინტერესო ის არის, რომ, როცა 250 ათასი ჩეჩენი გაწყვიტეს, ქართველები გაწყვიტეს და კიდევ სხვა… ასეთი რეაქცია არ ჰქონია მსოფლიოს და ძალიან ცუდია, რომ არ ჰქონდა, სკრიპალების საქმემ დაძრა ეს ყველაფერი. ქვეყნების პრესტიჟს შეეხო. დიპლომატების გაძევება, ეს მხოლოდ დიპლომატიური თამაშებია, გაცილებით ეფექტური და მნიშვნელოვანია სანქციები. არიან რუსული კომპანიები, რომლებიც ამ სანქციებს მაინცდამაინც არ ექვემდებარებიან, თუ მსოფლიომ, პირველ რიგში კი ამერიკამ შეძლო, ამ კომპანიების გაჩერება და მათთან თანამშრომლობის შეწყვეტა, ეს გაცილებით ეფექტურ შედეგებს მოიტანს“, -აღნიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

შეკითხვაზე, გვჭირდება თუ არა ჟენევის ფორმატი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის ფორმატს დადებითი შედეგი არ მოაქვს, აუცილებელია მისი არსებობა, რადგან ის ერთადერთი პლატფორმაა, სადაც რუსეთი ჩანს როგორც მხარე. ცეცხლის განუახლებლობაზე მსჯელობის დროს,  მას უნდოდა გამოთიშულიყო ამ პროცესს და ისეთ ნაბიჯს დგამდა   თითქოს ის არაფერ შუაშია, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ჩვენი დიპლომატია არ ეთანხმება ამას და   პრინციპულად  იცავს პოზიციას, რომ ჩვენ არ გვაქვს ეთნოკონფლიქტები, ჩვენ გვაქვს კონფლიქტი რუსეთთან. მიმაჩნია, რომ ეს ზუსტად ის სურათია, რაც უნდა იცოდეს მსოფლიომ და რაც სინამდვილეში არის. იქ, სადაც  მონაწილეობს რუსეთის პოლიტიკა, დადებით შედეგს საქართველოსათვის ამ ეტაპზე, ჩემის აზრით, არ უნდა ველოდეთ. რა იქნება მომავალში, როცა არ იქნება პუტინის რუსეთი, ძნელი სათქმელია. მაგრამ უარყოფითი შედეგიც ზოგჯერ შედეგია. მეცნიერებაში არის ესეთი მიდგომა, როცა შენ იყენებ ამ უარყოფით შედეგს ისევ წინ გადასადგმელ ნაბიჯებად, თუნდაც გასამიჯნად.  მოკლედ პროცესი მიდის.”

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions