მეგობრის, კოლეგის და მამულიშვილის - გენო კალანდიას გახსენება


15 აპრილს 75 წელი შეუსრულდებოდა ღირსეულ მამულიშვილს, ეროვნული მოძრაობისა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის აქტიურ მებრძოლს, გამოჩენილ ქართველ პოეტს,  საქართველოს მწერალთა ეროვნული აკდემიის ვიცე-პრეზიდენტს, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარეს, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატს, ღირსების ორდენის კავალერს, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრს -  გენო კალანდიას.


ერთი წელი გავიდა, რაც აფხაზეთიდან დევნილ თანამემულეებს არ სმენიათ გენო კალანდიას ომახიანი, ყოველთვის იმედიანი და ოპტიმიზმით გამსჭვალული ხმა, რომელიც სოხუმ-ჭუბერის სახელდახელოდ გაჭრილი გოლგოთის გზაგამოვლილ დევნილებს დღესაც ჩაესმით ყურში, როგორც გამომაფხიზლებელი ზარი, ჭირთა შიგან გამაგრებისკენ მომწოდებელი შეძახილი, გულიდან ამოსული და თანამემამულეთა სიყვარულით გამსჭვალული ნუგეში. უზადო ნიჭით მირონცხებული ბატონი გენო ურთიერთობებში იყო უშუალო და გულისხმიერი, ყველასთვის მზრუნველი, სამშობლოს და საკუთარი ხალხისთვის თავდადებული, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების დროს მუდამ წინა ხაზზე მყოფი და მებრძოლი, იმავდროულად საოცარი სისადავით და თავმდაბლობით გამორჩეული ჭეშმარიტი შემოქმედი....


მიუხედავად ასაკისა, მას არასოდეს დატყობია დაღლა, ყოველთვის ახალგაზრდული ენერგიით და შემართებით, ომახიანი და გამორჩეული ხმით აფხაზეთის პრობლემის მოგვარებისათვის ბრძოლის წინა ხაზზე მდგომთა თვალსაჩინო ლიდერად გვევლინებოდა.


სამწუხაროდ, მისი ოჯახის წევრები, ახლობლები, თანამოაზრეები, კოლეგები, მეგობრები წელს გენო კალანდიას დაბადების დღეს მის გარეშე პირველად ვხვდებით და ალბათ, ყველას გვაერთიანებს იდენტური აზრი, რომ ძალზედ მოულოდნელად და უეცრად გამოგვეცალა იგი ხელიდან ისე, რომ უამრავი სასიკეთო ჩანაფიქრი დარჩა დაუმთავრებელი...


დღეს კიდევ ერთხელ გადავავლებთ თვალს გენო კალანდიას შემოქმედებას, მისი ლექსების ბოლო კრებულს „საგალობლები უფლისათვის“ და თვალწინ წარმოგვიდგება მისი შინაგანი სამყარო! ეს კრებული ხომ ახალი პოეტური მწვერვალის დაპყრობად, მის მიერ ღირსეულად განვლილი ცხოვრების მატიანედ და უფლის გვირგვინად მოგვევლინა.


დღეს ჩვენს გვერდით აღარ არის კოლეგა, უღალატო მეგობარი და დიდი ქართველი, რომელსაც მტკიცედ სწამდა, რომ მისი აფხაზეთი აუცილებლად დაუბრუნდებოდა დედა საქართველოს, თანამემამულე, რომელიც არ ეპუებოდა უსაყვარლეს და მონატრებულ მშობლიურ გარემოს მოწყვეტას, "დევნილის" ხვედრს.... მიუხედავად შინაარსიანი და საინტერესო ღვაწლისა, მას არ ეყო ერთი ცხოვრება აფხაზეთის კეთილდღეობისა და საქართველოს წიაღში მისი დაბრუნებისთვის ბრძოლაში ბოლომდე დახარჯულიყო და გულნაკლული არ წასულიყო.... ზეციურ საქართველოში ღირსეულ მამულიშვილთა შორის დაიმკვიდრა ადგილი საკუთარ კარ-მიდამოში დაბრუნების აუხდენელი ოცნებით და დარდით გულდაფერფლილმა კიდევ ერთმა პატრიოტმა და დაგვიტოვა მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, კაი ყმის სახელი და თეთრ მარმარილოზე ამოკვეთილი ეპიტაფია მისივე სიტყვებით: „იყო, ცხოვრობდა, უყვარდა, წერდა.....“


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება
Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions