რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ


ჯემალ გამახარია

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის

შესახებ

ქალბატონებო და ბატონებო!


 

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, პირველ რიგში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევის შესახებ ბევრი თქმულა და დაწერილა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მედიასაშუალებები ყოველდღიურად თუ არა, ძალიან ხშირად გვაწვდიან კონკრეტული ფაქტებით გაჯერებულ ინფორმაციას. აფხაზეთის მთავრობის აპარატის პოლიტიკური კვლევებისა და ანალიზის სამმართველო როგორც ღია, ისე სხვა წყაროებიდან უწყვეტად იღებს შესაბამის ინფორმაციას, რომელსაც დამუშავების შემდეგ ყოველდღიურად აწვდის სათანადო სახელმწიფო სტრუქტურებსა და თანამდებობის პირებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2017 წლის მარტის ჩათვლით ინგლისურ ენაზე აქვეყნებდა ყოველკვარტალურ ვრცელ ანგარიშებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის განკუთვნილი მსგავსი ანგარიშების მომზადება, მათი გამოქვეყნება-პრეზენტაციები, რომელიც მიზეზთა გამო შეწყვეტილია, მალე განახლდება.

უკანასკნელი წლების განმავლობაში მომზადდა სახალხო დამცველის ათზე მეტი საფუძვლიანი სპეციალური ანგარიში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე ანგარიშები, რომლებიც ეხება განათლების, გადაადგილების, ქალთა და ბავშვთა უფლებების საკითხებს და სხვა კონკრეტულ თემებს. მხოლოდ მადლობა შემიძლია მოვახსენო ქალბატონ ნინო ლომჯარიას იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტისთვის ამა წლის 30 მარტს წარდგენილ 2017 წლის ანგარიშში საკმაოდ მოზრდილი თავი (თავი 30-ე) სწორედ კონფლიქტით დაზარალებულთა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე  მცხოვრებთა უნუგეშო მდგომარეობას ეხება. არ მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო აღნიშნულ საკითხზე ქვეყნის პირველი პირების - პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სხვადასხვა დონეზე გაკეთებულ მრავალრიცხოვან განცხადებებზე, სახელმწიფო უწყებების, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამასწინანდელ ანგარიშზე პარლამენტში, აგრეთვე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის მიერ მომზადებულ არაერთ მოხსენებაზე და ანგარიშზე.  დავასახელებ მხოლოდ ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ დოკუმენტს, როგორიცაა საქართველოს პარლამენტის ამა წლის 21 მარტის რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხი მუდმივად დგას საერთაშორისო ორგანიზაციების - გაეროს, ნატოს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ეუთოს დღის წესრიგში. ასე მაგალითად, 2018 წლის 23 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 37-ე სესიამ კიდევ ერთხელ განიხილა და რეზოლუციაში „თანამშრომლობა საქართველოსთან“ დაგმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული უმძიმესი ვითარება. მიმდინარე წლის 12 აპრილს იგივე  გააკეთა, თანაც უკვე მერამდენედ, ეუთოს მუდმივმა საბჭომაც. ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი რეგულარულად,  ყოველ ნახევარ წელიწადში იხილავს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“. მე-17 კონსოლიდირებული ანგარიში ერთი კვირის წინ - 18 აპრილს, იქნა მოსმენილი. გენერალური მდივნის ანგარიშებში მთავარი ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზეა გამახვილებული. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოხსენების განხილვისას მკაცრი განცხადება გააკეთა ევროპის საბჭოში ევროკავშირის დელეგაციამ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი „განსაკუთრებით შეშფოთებულია“ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში თავისუფალი გადაადგილებისთვის დაბრკოლებების შექმნის, თვითნებური დაკავებების, ეთნიკური დისკრიმინაციის, აფხაზეთში ეთნიკური ქართველებისთვის დოკუმენტების გაცემაში შეფერხებების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის და დევნილთა საკუთრების უფლებების შელახვის გამო.

დავასახელებ კიდევ ერთ, საკმაოდ სქელტანიან დოკუმენტს, რომელსაც ჰქვია „ადამიანის უფლებები დღევანდელ აფხაზეთში. 2017 წლის 2 ივლისი“.  მისი ავტორები არიან ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკომისიის ყოფილი საგანგებო მრჩეველი თომას ჰამერბერგი და სამხრეთ კავკასიის საკითხთა ექსპერტი, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორი მაგდალენა გრონო. მიუხედავად ავტორების მიერ დაშვებული უხეში შეცდომებისა, რომელთა შესახებ ამჯერად არ ვისაუბრებთ, აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს საკმაოდ ღირებულ ინფორმაციას გალის რაიონის ქართული მოსახლეობის აუტანელი მდგომარეობის შესახებ. შეგახსენებთ ასევე, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში მუდმივად არის საუბარი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. განსაკუთრებით კრიტიკული იყო ამ დღეებში გამოქვეყნებული ანგარიშიც.

ერთი სიტყვით, აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ შინ და გარეთ ყველაფერი ცნობილია, შინ და გარეთ დაგმობილია იქ არსებული ვითარება. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, შესანიშნავია, მაგრამ მერე რა? ალბათ, თქვენ უკვე გაგიჩნდათ ასეთი კითხვა; იგივეს გვეკითხებიან აფხაზეთში გაუსაძლის, არაადამიანურ პირობებში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებიც.

ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევისადმი მიძღვნილ, შეიძლება ითქვას, მრავალტომეულებს, რომლებშიც დეტალურად და ზუსტად არის აღწერილი იქ შექმნილი კატასტროფული ვითარება, აქვთ საერთო ნაკლი, ხარვეზი -ყველა, შინაურიც და გარეშეც, თავს იკავებს აფხაზეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაციის სამართლებრივი შეფასებისაგან. სიტუაცია კი ნამდვილად კატასტროფულია. ჩვენი მოხსენების მიზანი არ არის და ვერც იქნება აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ არსებული უზარმაზარი ფაქტობრივი მასალის სამართლებრივი ანალიზი და შესაბამისი შეფასების გაკეთება, რადგანაც ეს სცილდება პირადად ჩემს კომპეტენციას. ამჯერად უფრო მოკრძალებული მიზანი დავისახეთ - ჩვენი სურვილია, აღნიშნული პრობლემა თქვენთან ერთად განვიხილოთ საკითხის დასმის წესით; გავარკვიოთ, რა სახის სამართალდარღვევებთან გვაქვს საქმე; არის თუ არა შესაძლებელი მათი გასაჩივრება როგორც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ისე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ მიმდინარე წლის   9 და 10 დეკემბერს სრულდება 70 წელი იმ დღიდან, როდესაც გაერომ მიიღო  ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - კონვენცია „გენოციდის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ“  და „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამ ორ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით უეჭველად  მოგვიწევს მოსკოვის მიერ კარგად ორგანიზებული, მძლავრი იდეოლოგიური შემოტევის მოგერიება. რა თქმა უნდა, ეს შემოტევა სეპარატისტების აქტიური ჩართულობით განხორციელდება, რათა ქართულმა მხარემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე კი არ ესაუბროს მსოფლიოს, არამედ ჩადგეს თავის მართლების პოზიციაში და ამტკიცოს, როგორ გეკადრებათ, ჩვენ არ მოგვიწყვია გენოციდი აფხაზებისთვის, ოსებისთვის, ჩვენ არ დაგვირღვევია მათი უფლებები და ა. შ. სეპარატისტები და მათი მფარველები უკვე ემზადებიან. მინდა გავუსწრო მოვლენებს და წინასწარ გაცნობოთ, რომ ამა წლის შემოდგომაზე - სექტემბერ - ოქტომბერში, ვგეგმავთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მოწვევას, სადაც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებმა, მეცნიერებმა, პრაქტიკოსებმა უნდა იმსჯელონ აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიიის, ადამიანის უფლებების კუთხით დღეს იქ შექმნილი მდგომარეობის შესახებ. დღევანდელი ჩვენი თავყრილობა  შეიძლება ჩაითვალოს იმ კონფერენციის მოსამზადებელ ერთ-ერთ ღონისძიებად.

როგორც თქვენთვის კარგად არის ცნობილი, „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ 30 მუხლს შეიცავს, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაში“ კი დამატებითი ოქმების (ოქმი №№ 1, 4, 6, 7, 12 და 13) იმ მუხლებთან ერთად, რომლებიც კონვენციის ნაწილადაა მიჩნეული, სულ 74 მუხლია. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე მინდა განვაცხადო, რომ საერთო ჯამში ასზე მეტი მუხლიდან არც ერთ მუხლს, არც ერთი მუხლის არც ერთ პუნქტს აფხაზეთის ქართულ მოსახლეობასთან მიმართებაში ოკუპანტები არ იცავენ.

ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი მშობლიურ ენაზე განათლების მიღების პრობლემა გახლავთ. გალის რაიონში  31 სკოლაა. ამ სასწავლო წელს ერთი სკოლა  გაუქმდა, კიდევ შვიდი - გაუქმების საფრთხის წინაშეა. 20 სკოლა მთლიანად გადასულია რუსულ სწავლებაზე; ე. წ. ქვედა ზონის კიდევ 11 სკოლა ეტაპობრივად გადაჰყავთ რუსულ სწავლებაზე. სამ-ოთხ წელიწადში ეს პროცესი დასრულდება. საოკუპაციო რეჟიმის უხეში ასიმილატორული პოლიტიკის წნეხის ქვეშ ამჟამად რაიონის 30 სკოლის 4300-ზე მეტი მოსწავლე და თითქმის 750 პედაგოგი იმყოფება; ასეთივე წნეხის ქვეშაა მოქცეული შვიდი საბავშვო ბაღის თითქმის 500 აღსაზრდელი, სამი სამუსიკო სკოლის 179 მოსწავლე, ერთი სამხატვრო სკოლის 60 მოსწავლე, ამ საბავშვო ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებში დასაქმებული 130-ზე მეტი პედაგოგი. ენგურს გაღმა აკრძალულია არა მხოლოდ სწავლება ქართულ ენაზე, არამედ ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებაც კი - აკრძალულია ქართულად საუბარი, სიმღერის შესრულება, შეტყობინებების გაგზავნა და ა. შ. მსგავსი რამ არსად მსოფლიოში არ ხდებოდა და არ ხდება დღესაც. თვით თავის დროზე აპარტეიდული სამხრეთ აფრიკის რეზერვაციებში - ე. წ. ბანტუსტანებშიც კი სწავლება ადგილობრივ შავკანიანთა ენაზე მიმდინარეობდა. აფხაზეთში მოქმედი საოკუპაციო რეჟიმი კი ქართული მოსახლეობის ნების სრული უგულვებელყოფით, მისი უფლებების ფეხქვეშ გათელვით ცდილობს აფხაზეთიდან ქართული ენის გამოძევებას. გარდა იმისა, რომ რუსულ ენაზე სწავლების გადაყვანა უარყოფითად მოქმედებს განათლების ხარისხზე, მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე, ოკუპანტები, პირველ რიგში, ქართული იდენტობის მოშლას ცდილობენ. კი ცდილობენ, მაგრამ ქართველი პედაგოგების წყალობით, რომლებსაც მუდმივი თვალთვალისა და შიშის პირობებში უხდებათ მუშაობა, გალის რაიონში სკოლადამთავრებული ბავშვები ჯერ-ჯერობით კარგად ფლობენ მშობლიურ ენას და ეროვნულ გამოცდებსაც წარმატებით აბარებენ. თუმცა ამით თავს ვერ დავიმშვიდებთ. ოკუპანტმა იცის ქართველი პედაგოგების „არასაიმედოობის“ შესახებ, რომ ისინი რუსულენოვან გაკვეთილებზე ბავშვებს ძალიან ხშირად ქართულად ასწავლიან. ამიტომ მისი მორიგი ამოცანა ქართველი პედაგოგების რუსულენოვანი პედაგოგებით ჩანაცვლებაა, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს - სკოლის ქართველი დირექტორების ნაცვლად არაქართველები ინიშნებიან; სკოლის მასწავლებლებად არ იღებენ საქართველოს უნივერსიტეტებში განათლება მიღებულ სპეციალისტებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლო მომავალში  ოკუპანტები პედაგოგების პრობლემასაც თავის სასარგებლოდ „მოაგვარებენ“, რაც კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას.

ვითარების გართულება მოსალოდნელია ხვალ და ზეგ, მაგრამ ჩვენ უკვე დღეს ვიმყოფებით ძალიან მძიმე გამოწვევის, მე ვიტყოდი, განსაცდელის წინაშე. ასიმილაცია-რუსიფიკაციის მანქანა მთელი სიმძლავრით არის ამუშავებული, გალის რაიონის სკოლებზე უმკაცრესი კონტროლია დაწესებული, რეგიონთან კომუნიკაციის შესაძლებლობა თვით საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც კი უკიდურესად შეზღუდულია. ქართული სახელმძღვანელოებით სკოლების მომარაგებაც ყოველწლიურად ახალ-ახალ დაბრკოლებებს აწყდება. სამწუხაროდ, არ ვიცით, რა იქნება ხვალ - არ ვიცით, შევძლებთ თუ არა ხვალ და ზეგ გალის რაიონის შენარჩუნებას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, რასაც ქართული სახელმძღვანელოებითა და თანამედროვე მეთოდიკით, სპეციალურად ვიხმარ ამ სიტყვას, შეიარაღებული ქართველი პედაგოგები დღემდე ახერხებენ. შექმნილი ვითარების  გათვალისწინებით,  არ უნდა შემოვიფარგლოთ ოკუპანტების მიერ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევის ყველა დონეზე  დაგმობით, რასაც ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ საკმარისი ნამდვილად არ არის. იმისათვის, რომ წინ აღვუდგეთ ასიმილაციის პოლიტიკას, აუცილებელია სხვა არანაკლებ ქმედითი და კონკრეტული ზომების განხორციელება.

დღევანდელი კონფერენციის ორგანიზატორების აზრით, ერთ-ერთი ასეთი ზომა შეიძლება იყოს დისტანციური სწავლება, სწავლების პარალელური ფორმა. უმაღლესი საბჭოს კომისიამ, რომელსაც ბატონი ნუგზარ მგალობლიშვილი ხელმძღვანელობს, ეს საკითხი ჯერ კიდევ 2015 წელს წამოაყენა. 2016 წლის 19 აპრილს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და კიდევ სამი საპარლამენტო კომიტეტის მხარდაჭერა მოვიპოვეთ, მაგრამ მათ მიერ ერთობლივად გაცემული რეკომენდაციების დიდი ნაწილი დღემდე შესრულებული არ არის. მიმდინარე სასწავლო წელს უმაღლესი საბჭოს მთავარი სპეციალისტის ქ-ნ ნანა კვარაცხელიას მიერ შემუშავებული პროექტის საფუძველზე და უშუალოდ პროექტის ავტორის ძალისხმევით, დღეს აქ წარმოდგენილი უმაღლესი საბჭოს ფრაქციებისა და კომისიის  მხარდაჭერით, აგრეთვე აფხაზეთის მთავრობის, განათლებისა და კულტურის სამინისტროს, გალის რესურსცენტრის უშუალო მონაწილეობით დავიწყეთ საპილოტე პროგრამის განხორციელება სახელწოდებით „დისტანციური სწავლება ტესტირების მეთოდით“. პროგრამაში დაახლოებით 400-მდე ბავშვია ჩართული, გვაქვს პირველი საკმაოდ დამაიმედებელი შედეგები, თუმცა გამოიკვეთა პრობლემებიც. ეს ბუნებრივიცაა - საპილოტე პროგრამას იმიტომ ვახორციელებთ, რომ ეს პრობლემები, დამაბრკოლებელი გარემოებები წინასწარ გამოვავლინოთ.  ერთ ნაწილს ამ პრობლემებისა, რომლებიც ძირითადად ორგანიზაციული ხასიათს ატარებენ, საკუთარი ძალებით მოვაგვარებთ; პრობლემათა მეორე ნაწილის დაძლევაში ცენტრალური ხელისუფლების დახმარება დაგვჭირდება. საქმე ეხება რაიონის ინტერნეტიზაციას, კომპიუტერებით, ნეთბუქებით მოსწავლეთა მომარაგებას.

აქ წარმოდგენილი ჩემი კოლეგების აზრით, კიდევ ერთი ქმედითი ზომა შეიძლება იყოს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედება. აღნიშნულ საკითხსაც წლების განმავლობაში ვაყენებთ, წინააღმდეგიც თითქოს არავინ არის, მაგრამ, მიზეზთა გამო, საქმე ჯერ-ჯერობით ადგილიდან არ იძვრის. ვფიქრობთ, გვაქვს სრული საფუძველი და ვალდებულიც ვართ ოკუპანტს მოვთხოვოთ პასუხი სტრასბურგის სასამართლოში, რადგანაც ოკუპირებულ აფხაზეთში, კონკრეტულად გალის რაიონში განათლების სფეროსთან მიმართებაში ირღვევა საერთაშორისო სამართლის ყველა ძირითადი ნორმა, მათ შორის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 26-ე მუხლი,  ევროპული კონვენციის პირველი ოქმის მე-2 მუხლი, ბავშვთა უფლების შესახებ კონვენციის 27-30 მუხლები, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ 1966 წლის 16 დეკემბრის  გაეროს საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლი და ა. შ.

საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იმ ნაწილში, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიის „მოსახლეობისთვის განათლების შესაძლებლობის განვითარება“ ჰქვია, ცალკე პარაგრაფი ეძღვნება მშობლიურ ენაზე განათლების უფლების დარღვევის საკითხებს. ამ მეტად მნიშვნელოვან დოკუმენტში ვკითხულობთ: „საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ყველა შესაძლო პოლიტიკური, დიპლომატიური, პრაქტიკული და სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებას, რათა გალში და ახალგორში მცხოვრებ მოსახლეობას მიეცეს ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა“. მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს მშობლიურ ენაზე განათლების უფლების დამრღვევთა წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას.

ოკუპირებულ აფხაზეთში ქართულ მოსახლეობას, გარდა განათლების უფლებისა, ჩამორთმეული აქვს  ყოველგვარი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები. პრობლემის თავი და თავი  ქართული მოსახლეობის „უცხო ქვეყნის“ მოქალაქეებად გამოცხადებაშია. ოკუპაციის მთელი პერიოდის განმავლობაში დე-ფაქტო კანონმა მოქალაქეობის შესახებ  სერიოზული ცვლილებები განიცადა. ჩვენ იძულებული ვართ ვისაუბროთ ამ და სხვა   ე. წ. კანონების თაობაზე  არა იმიტომ, რომ  მათ მართლაც კანონებად მივიჩნევთ, არამედ მხოლოდ იმის გამო, რომ კარგად გავიაზროთ აფხაზეთში არსებული ვითარება. 1993 წლის დე-ფაქტო კანონის მიხედვით, მოქალაქეობა ეძლეოდა იმ ქართველს, ვისი ერთი წინაპარი მაინც - ე. ი. ბაბუა ან ბებია აფხაზეთში იყო დაბადებული; 2005 წელს პირობები რამდენადმე გამკაცრდა-საჭირო გახდა 1999 წლიდან (ე. წ. დამოუკიდებლობის  გამოცხადებიდან) აფხაზეთში ცხოვრების ხუთწლიანი უწყვეტი სტაჟი.

ე. წ. მოქალაქეობის საკითხმა განსაკუთრებული სიმწვავე 2013 წლიდან შეიძინა, როცა იგი შიდა პოლიტიკური დაპირისპირების მთავარ თემად იქცა. ერთ მხარეს იყო დე-ფაქტო მმართველი ალექსანდე ანქვაბი, მეორე მხარეს - რაულ ხაჯიმბა და სტანისლავ ლაკობა. ამ უკანასკნელმა ა. ანქვაბთან დაპირისპირების გამო 2013 წლის 28 ოქტომბერს დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის სავარძელი დაკარგა. სანამ ეს მოხდებოდა, რ. ხაჯინბამ (იმჟამად ე. წ. სახალხო კრების წევრი) და ს. ლაკობამ მიაღწიეს დე-ფაქტო პარლამენტის მიერ მათთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას. 2013 წლის 18 სექტემბერს  მიღებულ იქნა დადგენილება „აფხაზეთის რესპუბლიკის გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებში მოსახლეობის პასპორტიზაციის მოწესრიგების შესახებ“ (იგულისხმება ტყვარჩელსა და ოჩამჩირეს მიკუთვნებული გალის რაიონის ქართული სოფლები). დე-ფაქტო გენერალურ პროკურატურას  მიიეცა დავალება,   2013 წლის 31 დეკემბრამდე დაასრულოს 2006 წლის 1 იანვრიდან გაცემული პასპორტების კანონიერების შემოწმება; დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მასალები გადაეცემოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს უკანონოდ გაცემული პასპორტების გაუქმების მიზნით. კონტროლი 2013 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების შესრულების მიმდინარეობაზე უნდა განეხორციელებინა ე. წ. საპარლამენტო კომისიას ასლან კობახიას თავმჯდომარეობით. იმავე დღეს, 2013 წლის 18 სექტემბერს, ა. ანქვაბმა ხელი მოაწერა  ორ ცვლილებას „კანონში“ მოქალაქეობის შესახებ.  მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, აფხაზეთის მოქალაქეებად ითვლებოდნენ პირები, რომლებიც 1999 წლის 12 ოქტომბრამდე ხუთი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე და არ იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ეს ცვლილება არ შეხებია ეთნიკურ აფხაზებს (აბაზებს). კიდევ ერთი  ცვლილება მე-17 მუხლში შევიდა (მეორე პუნქტის სახით), რომლის თანახმადაც კანონის დარღვევით მოქალაქეობის მიღება იწვევდა მოქალაქეობის შეწყვეტას. აღნიშნულ ცვლილებებს უკუქცევის ძალაც მიანიჭეს. მათი მოქმედება ვრცელდებოდა 2005 წლის 8 ნოემბრიდან (მოქალაქეობის „კანონის“ მიღების დღე) წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. როგორც ვხედავთ, ორივე ცვლილება იყო და არის მიმართული გალის რაიონის მოსახლეობის წინააღმდეგ.

მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმაზე, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში 1999 წლამდე აფხაზეთში ცხოვრების ხუთწლიანი ვადა. ოკუპანტების მიზანი ამ შემთხვევაში სრულიად აშკარაა - ხუთწლიანი ვადა დაწესებულია მხოლოდ იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შემთხვევაშიც კი გალის რაიონის მოსახლეობამ აფხაზეთის მოქალაქეობა ვერ მიიღოს. საქმე იმაში გახლავთ, რომ გალელებს საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება 1996 წელს მისცეს, ამიტომ ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც 1994-1999 წლებში  იქ უწყვეტად  ცხოვრობდა. გალის დე-ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი ღიად აცხადებს, რომ აფხაზეთის მოქალაქეობას მიიღებენ მხოლოდ ის ქართველები, რომლებიც ვითომ დაკარგულ აფხაზურ ეროვნებას დაიბრუნებენ. სხვებს მოჰყავთ უფრო „სერიოზული“ არგუმენტები გალელების უცხო ქვეყნის მოქალაქეებად გამოცხადების სასარგებლოდ. მათი მონაცემებით, რაიონში 50 ათასზე მეტი ქართველი ცხოვრობს და თუ ისინი აფხაზეთის მოქალაქეები გახდებიან, ადრე თუ გვიან, ეთნოდემოგრაფიული ბალანსი აფხაზთა საზიანოდ დაირღვევა. გალელებისთვის აფხაზური პასპორტების ჩამორთმევის აღვრახსნილი კამპანიის მთავარი იდეოლოგი და ორგანიზატორიც ს. ლაკობა აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში „აფხაზეთი მეორე ქართულ სახელმწიფოდ იქცევა“. მისი აზრით, მსგავსი ვითარება  პერსპექტივაში აფხაზეთისაგან გალის რაიონის  გამოყოფამდე ან საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის დაბრუნებამდე მიგვიყვანს. ვფიქრობთ, აქ კომენტარები ზედმეტია, ისედაც ყველაფერი ცხადზე უცხადესია. თქვენის ნებართვით გავაკეთებთ მცირე გადახვევას - განმარტებას აფხაზეთზე, როგორც „მეორე ქართულ სახელმწიფოზე“. ეს გამონათქვამი ეკუთვნის ცნობილ ბოლშევიკს მამია ორახელაშვილს. 1926 წლის 11-16 ივნისს სოხუმში ჩატარდა საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გასვლითი მესამე სესია, რომელმაც მიიღო საბჭოთა საქართველოს ახალი კონსტიტუცია, რომლის მეხუთე თავი აფხაზეთის სტატუსს ეძღვნებოდა. სესიაზე სიტყვით გამოსულმა ამიერკავკასიის მთავრობის თავმჯდომარემ მამია ორახელაშვილმა გააკრიტიკა ჯერ „მტრები“, მერე კიდევ „ნახევარმტრები“ (полувраги), რომლებიც იმ შემთხვევაში შეეგუებოდნენ აფხაზეთის სსრ-ის არსებობას, თუ ხელისუფლება მოსახლეობის უმრავლესობის - ქართველების ხელში იქნებოდა. ამაზე მ. ორახელაშვილმა უპასუხა: „ჩვენ რომ აფხაზეთში საქართველოს რესპუბლიკის მეორე გამოცემა გვდომოდა, ეს იქნებოდა სასაცილო. ჩვენ საქართველოს რესპუბლიკის დუბლიკატი არ შეგვიქმნია, არც ვფიქრობთ მის შექმნას...“  ქართველთა დისკრიმინაციის გამართლების მიზნით თითქმის ერთი საუკუნის წინ წარმოთქმულ ამ სიტყვებს   ს. ლაკობა  დღესაც იმავე მიზნებისთვის იმეორებს.

დავუბრუნდეთ ძირითად საკითხს. მოქალაქეობისა და პასპორტების თემას მიეძღვნა დე-ფაქტო პარლამენტის 2014 წლის 4 აპრილის სხდომა. აღნიშნულ საკითხზე მან მიიღო ახალი დადგენილება 2013 წლის 18 სექტემბრის დადგენილების „შესრულების წესის შესახებ“. მასში ნათქვამია, რომ გალის რაიონში პასპორტები  გაიცა კანონდარღვევით, ამიტომ მათ „არ შეუძლიათ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის დადასტურება“. ერთი სიტყვით, გალელებს აფხაზეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. იმავე დადგენილებით გადაწყდა „უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონპროექტის მომზადება. დასახული მიზნის განხორციელება უკავშირდება დე-ფაქტო ხელისუფლების სათავეში რ. ხაჯინბას მოსვლას და გალის ადმინისტრაციის უფროსად  თემურ ნადარაიას დანიშვნას. გალის დე-ფაქტო ადმინისტრაციამ 2015 წელს სპეციალურად შეისწავლა რაიონში მოქალაქეობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა და დაასკვნა, რომ რაიონის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას, მის ძირითად ნაწილს  საქართველოს მოქალაქეები შეადგენდნენ. ეს დასკვნა გახდა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი გალის მოსახლეობის უცხო ქვეყნის მოქალაქეებად გამოცხადების მომხრეებისთვის, იმათთვის, ვინც ახალ „კანონპროექტებზე“ მუშაობდა.  2014 წლიდან  ქართველებზე გაცემული თითქმის 26 ათასი  აფხაზური პასპორტის ანულირება მოახდინეს. იმისათვის, რომ პასპორტების გაუქმებისას „შეცდომები“ გამოერიცხათ, 2014 წლის დეკემბერში დე-ფაქტო პარლამენტმა  „მთავრობას“  აფხაზური პასპორტების ახალი ნიმუშის შემოღების დავალება მისცა, რაც მან შეასრულა კიდევაც. ახალი ნიმუშის 250 ათასი პასპორტის დამზადება  2015 წელს რუსეთში განხორციელდა. მათი გაცემა 2016 წლის მაისში დაიწყო და დღემდე გრძელდება. მოგეხსენებათ, სამართლებრივი თვალსაზრისით აფხაზური პასპორტი არ არსებობს, მაგრამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს ის სჭირდებათ-სჭირდებათ, რათა თავიდან აიცილონ აფხაზეთის „მოქალაქეობის“ არქონასთან დაკავშირებული უამრავი ყოველდღიური პრობლემა.

ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნა გალის რაიონის მოსახლეობას 2015 წლის 29 დეკემბერს დე-ფაქტო სახალხო კრების მიერ  მიღებულმა ორმა  ე. წ. კანონმა: 1). „აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ და 2) „აფხაზეთის რესპუბლიკიდან გასვლისა და აფხაზეთის რესპუბლიკაში შემოსვლის წესის შესახებ“. 2016 წლის 1 აპრილიდან აღნიშნული „კანონების“ ძალაში შესვლამ რადიკალურად შეცვალა უარესობისკენ ქართველების ისედაც გაუსაძლისი მდგომარეობა. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სტატუსის შესახებ დე-ფაქტო კანონი არეგულირებს სხვადასხვა სახის ნებართვების გაცემას სხვადასხვა ტიპის უცხოელებისთვის. დაწესდა ოთხი სახის ნებართვის გაცემა: აფხაზეთში შესვლის ნებართვა, სამუშაოს ნებართვა, დროებითი ბინადრობის ნებართვა და ბინადრობის ნებართვა. ბინადრობის უფლება ეძლევა აფხაზეთის მოქალაქეზე დაქორწინებულ უცხოელს და  საბჭოთა აფხაზეთში დაბადებულ, მაგრამ მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომელნიც 1999 წლიდან არანაკლებ 10 წელი მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთში; მე-11 მუხლის მიხედვით, არანაირი ნებართვა არ გაიცემა იმ პირებზე, ვინც იყო და არის აფხაზეთის დამოუკიდებლობის წინააღმდეგი, 1992-1993 წლებში მონაწილეობდა ომში საქართველოს ერთიანობისათვის, 6 თვის განმავლობაში აფხაზეთის ფარგლებს გარეთ იმყოფება და ა. შ. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ამ დისკრიმინაციული „კანონების“ მთავარ სამიზნეს გალის რაიონის მოსახლეობა წარმოადგენდა (სხვათა შორის, ზუსტად ასეთივე „კანონები“ აამოქმედეს ცხინვალის რეგიონშიც).  ვინაიდან გალელები საქართველოს მოქალაქეებად რჩებიან, „კანონი“ არ ითვალისწინებდა მათზე ბინადრობის უფლების გაცემასაც კი. საჭირო გახდა საერთაშორისო ზეწოლა, იმისათვის, რომ  გალის რაიონის მოსახლეობას ბინადრობის უფლება მიეღო.  2016 წლის 29 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად ეს უფლება მიეცათ „უცხო ქვეყნის“ მოქალაქეებს, რომლებიც გალის რაიონის ტერიტორიაზე 1999 წლის 12 ოქტომბრიდან სულ ცოტა 10 წელი მაინც ცხოვრობდნენ. ბინადრობის უფლება გაიცემა ამ კატეგორიის ადამიანთა ოჯახის წევრებზეც - მშობლებზე, მეუღლეზე და არასრულწლოვან შვილებზე.  გალელებზე ხუთწლიანი ვადით ბინადრობის უფლების გაცემა (ამ ვადის გაგრძელების უფლებით) 2017 წლის აპრილიდან დაიწყო.  რუსეთში წინასწარ დამზადდა 50 ათასი ბინადრობის მოწმობა. თავიდან ქართველები უარს აცხადებდნენ მის აღებაზე, მაგრამ ცხოვრებისეული გარემოებები აიძულებთ  ადამიანებს დათმობაზე წავიდნენ. 2018 წლის იანვრის ბოლომდე გაიცა 1600-მდე ბინადრობის უფლება, კიდევ წარმოებაში იყო დაახლოებით 4500 განცხადება. სხვათა შორის, აქაც შეზღუდვებია დაწესებული - თუ 6 თვე არ ცხოვრობ აფხაზეთის ტერიტორიაზე ბინადრობის უფლებას არ მოგცემენ, „შეცდომით“ თუ მოგცეს - ჩამოგართმევენ. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თ. ნადარაიამ „გამოავლინა“ 4000 ადამიანი, ვისაც ბინადრობის უფლება  „არ ეკუთვნის“.

დე-ფაქტო კანონი „აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ არის იმ არნახული დისკრიმინაციის საფუძველი, რასაც გალის მოსახლეობა განიცდის. ადამიანებს არა აქვთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, დე-ფაქტო არჩევნებში მონაწილეობის, საჯარო სამსახურში, პროკურატურაში, სასამართლო სისტემაში, ადგილობრივ ადმინისტრაციაში მუშაობის, პენსიისა და შემწეობის მიღების უფლება; ნებადართულია მხოლოდ სკოლაში მასწავლებლად მუშაობა, აგრეთვე ფიზიკური სამუშაოს შესრულება. არსებითად ეს  არის აპარტეიდული კანონი. სხვათა შორის, ეს ე. წ. კანონი მართლაც ძალიან გვაგონებს 1970 წელს მიღებულ „კანონს ბანტუსტანების მოქალაქეობის შესახებ“, რომლის ძალითაც ბანტუსტანებს სამხრეთ აფრიკის მოქალაქეობა ჩამოერთვათ, რათა თეთრკანიანები ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გამხდარიყვნენ. იგივე მიზანი აქვთ დასახული ოკუპანტებს აფხაზეთში, როდესაც მშობლიურ, მამა-პაპათაგან მემკვიდრეობით მიღებულ სახლებში მცხოვრებ ადამიანებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებად აცხადებენ და ყოველგვარ პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებს ართმევენ. საოკუპაციო რეჟიმი აფხაზეთში უხეშად არღვევს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-15, 21-22-ე, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ გაეროს საერთაშორისო პაქტის  მე-6, მე- 7, მე-9 მუხლებს.

ძვირფას დროს არ წაგართმევთ საუბრით იმის თაობაზე, თუ როგორ ირღვევა გალის რაიონში გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება, როგორ ირღვევა თვით სიცოცხლის უფლებაც კი, რადგანაც იქაურ ქართველებთან მიმართებაში ასეთი ცნებებიც კი არ არსებობს. მაგრამ არ შემიძლია არ მოგახსენოთ, ჩენი აზრით, უნიკალურ შემთხვევაზე - ქორწინების უფლების  შეზღუდვის შესახებ, რომელსაც დედამიწის ზურგზე მხოლოდ რუსული ოკუპაციის ქვეშ მყოფ აფხაზეთში აქვს ადგილი. გალში დაბადებულ და გაზრდილ ახალგაზრდებს, რომლებსაც უცხო ქვეყნის მოქალაქის  სტატუსი მიანიჭეს, არა აქვთ ქორწინების აფხაზეთში დარეგისტრირების უფლება. ისინი იძულებული არიან ქორწინება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაარეგისტრირონ. ეს კი უარყოფითად აისახება მათ სამოქალაქო სტატუსზე აფხაზეთში; უფრო მეტიც, ერთ-ერთი მეუღლე აფხაზეთიდან თუ არ არის, იქ ცხოვრების  პერსპექტივაც ფაქტობრივად არ არსებობს.  აფხაზური პასპორტების არმქონე ცოლ-ქმარი გალში ბავშვის დაბადებასაც ვერ არეგისტრირებს. ესეც უნიკალური შემთხვევა გახლავთ - მსგავსი რამ არსად მსოფლიოში არ ხდება. ადგილობრივი  საავადმყოფოები თუ სამშობიარო სახლები გასცემენ მხოლოდ ცნობას ბავშვის დაბადების შესახებ, მისი დარეგისტრირება, დაბადების მოწმობის გაცემა კი ენგურს აქეთ ხდება.   ამის გამო ბავშვის სტატუსი აფხაზეთში გაურკვეველი რჩება. ეს გაურკვევლობა იჩენს თავს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას; არის შემთხვევები, როდესაც დედას, რომელმაც შვილი არაოკუპირებულ ტერიტორიაზე გააჩინა, ექმნება დამატებითი პრობლემები ბავშვთან ერთად ე. წ. საზღვრის გადაკვეთისას.  ერთი სიტყვით, პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბავშვის გადაყვანა ანუ საკუთარ სახლში მიყვანაც კი. ბევრი ბავშვი სკოლაში შეჰყავთ ერთადერთი საბუთის - დაბადების შესახებ სამშობიარო სახლის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, რაც, თავის მხრივ,  მოგვიანებით წარმოშობს  ატესტატის გაცემასთან დაკავშირებულ  ახალ პრობლემას. სხვათა შორის, 2014 წლის 4 აპრილს, როცა დე-ფაქტო პარლამენტმა ქართველებზე გაცემული პასპორტების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, ასლან კობახია ბავშვების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ აფხაზეთში დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა დიდად განსხვავდება სკოლის მოსწავლეთა რაოდენობისაგან. ამაში მან რაღაც ფარული „საფრთხე“ დაინახა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, დაბადებისთანავე იწყება  და შემდგომში გრძელდება ბავშვის უფლებების დარღვევის, მისი დისკრიმინაციის უწყვეტი პროცესი.

მოგეხსენებათ, ქორწინების უფლება ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე დადასტურებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში (მუხლი 16), ევროპულ კონვენციაში (მუხლი 12), საერთაშორისო პაქტში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მუხლი 23). დაბადებისთანავე ბავშვის რეგისტრაციისა და სხვა უფლებები,  ჩადებულია კონვენციაში ბავშვის უფლებების შესახებ (მუხლი 7), საერთაშორისო პაქტში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მუხლი 24), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ გაეროს საერთაშორისო პაქტში (მუხლი 10) და ა. შ.

ძალიან მწვავედ დგას საკუთრების  პრობლემა.  პირველ რიგში, მოგახსენებთ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთრების შესახებ, რომელიც აფხაზეთში დარჩა. საომარი მოქმედებების დამთავრებისთანავე ოკუპანტებმა „იზრუნეს“ ჩვენს საკუთრებაზე. ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 1994 წელს გამოიცა დე-ფაქტო უმაღლესი საბჭოს სპეციალური დადგენილება, სადაც პირველად გაჩნდა ტერმინი „უპატრონო საკუთრება“. 2008 წელს ე. წ. სამოქალაქო კოდექსში შევიდა ასეთი ცნებები: 1) უპატრონო საკუთრება და 2) ქონება, რომელიც უზუკაპიას ექვემდებარება (საკუთრებაზე უფლების მოპოვება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი ფაქტობრივი ფლობის შედეგად). „კოდექსში“ განმარტებულია, რომ უპატრონოა საკუთრება, რომელსაც ათი წლის განმავლობაში კანონიერი მფლობელი არ გამოუჩნდება. ამის შემდეგ ვითომ უპატრონო ქონებას აღრიცხავს მუნიციპალიტეტი და განკარგავს საკუთარი შეხედულებისამებრ. აფხაზეთში უფრო გავრცელებულია საკუთრების უფლების უზუკაპიის გზით მოპოვების პრაქტიკა - თუ ადამიანი ათი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ფლობს ქონებას და მასზე პრეტენზიას არავინ აცხადებს, ასეთი ქონება გამოსყიდვის გარეშე ახალი მფლობელის საკუთრებაში გადადის. დღეს აფხაზეთში ძალიან ბევრი ადამიანი უკანონოდ ფლობს ქართველთა სახლებს, სხვა უძრავ თუ მოძრავ ქონებას. 2016 წლის 20 ივლისს დე-ფაქტო პარლამენტმა მიიღო ე. წ. კანონი „რესპუბლიკური და მუნიციპალური საკუთრების პრივატიზაციის შესახებ“, რომელიც ძალაშია 2017 წლის 1 იანვრიდან. „კანონის“ IV მუხლი უშვებს პრივატიზაციის პროცესში უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების მონაწილეობას. შედეგად წარმოიშვა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთრების უცხოელებზე გასხვისების სახიფათო პერსპექტივა. ვინ არიან თუ ვინ იქნებიან სავარაუდო უცხოელები, ყველასათვის ნათელია. ერთი სიტყვით, აფხაზეთიდან გამოდევნილი ქართველების უფლებები საკუთრებაზე ფეხქვეშ არის გათელილი. სამწუხაროდ, დღემდე არ არის მიღებული კანონი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციის შესახებ, თუმცა ასეთი კანონი არსებობს ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში. საქართველოს მთავრობასთან გარკვეული კონსულტაციების შემდეგ უმაღლეს საბჭოში მომზადდა და ამჟამად იხილება შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა არსებულ კანონში სათანადო ცვლილებების შეტანის შესახებ.

საკუთრებაზე უფლების თვალსაზრისით ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არ იმყოფებიან აფხაზეთში მცხოვრები ქართველები, რომლებსაც უცხო ქვეყნის მოქალაქის სტატუსი აქვთ მინიჭებული. გალელ „უცხო ქვეყნის“ მოქალაქეებს, დე-ფაქტო კანონმდებლობით, არა აქვთ ბიზნესის წარმოების შესაძლებლობა, ქონების შეძენისა და გასხვისების უფლება. ასეთი უფლებით მხოლოდ ე. წ. აფხაზეთის ე. წ. მოქალაქეები სარგებლობენ. აუცილებლად უნდა ითქვას იმის შესახებაც, რომ გალის რაიონში სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დაწესებული გადასახადი ორჯერ მეტია, ვიდრე სხვა რაიონებში. იგივე უნდა ითქვას ელექტროენერგიის გადასახადზეც. ქართველთა არნახულ დისკრიმინაციაზე მიუთითებს ასეთი საკითხიც: მშობლების ქონება (სახლი, კარი, მიწა და ა. შ.) შეიძლება მემკვიდრეობით შვილებს გადაეცეს, მაგრამ ოჯახში თუ რამდენიმე შვილი იზრდება, მათ არა აქვთ ცალკე დასახლების,  სახლის, მიწის შეძენის უფლება. თუ სახლის გაყიდვა სურს ადამიანს, მისი გასხვისება შესაძლებელია მხოლოდ „აფხაზეთის მოქალაქეზე“. ადამიანებს არა აქვთ აგრეთვე ავტომანქანის, სხვა სატრნსპორტო საშუალებების შეძენისა და რეგისტრაციის, მართვის მოწმობის აღების უფლება. გამონაკლისები დაიშვება დიდი ოდენობით ქრთამის გადახდის შემთხვევაში. კორუფცია კიდევ ერთი დიდი პრობლემაა აფხაზეთში, რომელიც უმძიმეს ტვირთად აწვება სრულიად დაუცველ და სიდუხჭირეში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას.  მათ მიმართ აშკარად დარღვეულია საკუთრების უფლება, რომელიც დაცულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-17, ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით.

გალის რაიონის მკვიდრთა  ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ადამიანებს შეზღუდული აქვთ გადაადგილების უფლება. ამ უფლების დარღვევა პირდაპირ კავშირშია ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო წლების განმავლობაში მიღებულ დისკრიმინაციულ „კანონმდებლობასთან“, უცხო ქვეყნის მოქალაქის სტატუსის მინიჭებასთან. ყოველივე ამან წარმოშვა სრული ვაკხანალია ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისთვის ოკუპანტების მიერ დადგენილი დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით. „აფხაზეთის რესპუბლიკიდან გასვლისა და აფხაზეთის რესპუბლიკაში შემოსვლის წესის შესახებ“ ე. წ. კანონის 24-ე მუხლის თანახმად, ბინადრობის უფლების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები აფხაზეთში შემოდიან და გადიან ბინადრობის მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების საფუძველზე, რომლებსაც აფხაზეთი აღიარებს. „კანონში“ არ არის მითითებული, რა დოკუმენტებზეა საუბარი, მაგრამ ცნობილია, რომ გამყოფი ხაზის გადაკვეთა შესაძლებელია დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ დამოწმებული საბჭოთა კავშირის პასპორტით 1992 წლამდე გალში ჩაწერით, №9 ფორმით, აგრეთვე ნებისმიერ ქვეყანაში გაცემული დაბადების მოწმობით 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ვინაიდან გალის რაიონის მოსახლეობას შეზღუდულად მიუწვდება ხელი აღნიშნულ დოკუმენტაციაზე, ადმინისტრაციული საზღვრის გადალახვა ადამიანებისთვის მუდმივ თავსატეხს წარმოადგენს.

მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა გამშვები პუნქტების დახურვამ. 2016-2017 წლებამდე, როცა მდინარე ენგურზე ექვსი ოფიციალური (თაგილონი, ნაბაკევი, ოტობაია, ენგურის ხიდი, საბერიო, ლეკუხონა) და ორი არაოფიციალური (განმუხური, მუჟავა) გამშვები პუნქტი მოქმედებდა, ადმინისტრაციულ საზღვარს ორივე მხრიდან ყოველდღიურად 2-3 ათასი ადამიანი კვეთდა. ამჟამად მათი რიცხვი მკვეთრად შემცირებულია, რაც გამოწვეულია გამშვები პუნქტების გაუქმებითა და სათანადო დოკუმენტების უქონლობით. აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, თაგილონის გამშვები პუნქტი 2016 წლის 15 აპრილს დაიხურა, მას მიაყოლეს ლეკუხონას გამშვები პუნქტიც. არაფერს ვამბობთ არაოფიციალურ გადასასვლელებზე. 2017 წლის 5 მარტს ოტობაიასა და ნაბაკევის  გამშვები პუნქტებიც გააუქმეს. ამჟამად ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი ენგურის ხიდზე, ჯერ-ჯერობით შენარჩუნებულია საბერიოს გამშვები პუნქტიც, რომელიც ენგურჰესის თანამშრომლებს ემსახურება. შექმნილი ვითარების გამო, გადაადგილების უფლება უკიდურესად შეიზღუდა. ამან მრავალი დამატებითი პრობლემა შეუქმნა ისედაც კანონგარეშე გამოცხადებულ გალის მოსახლეობას. გართულებულია  კომუნიკაცია ათასობით გაყოფილი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს შორის; ხელი ეშლება ვაჭრობას, ადამიანები ვერ ახერხებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების არაოკუპირებულ ტერიტორიაზე გადმოტანას, აქვე აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას; ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდა მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურების, ზუგდიდისა და წალენჯიხის სკოლებში ხარისხიანი განათლების მშობლიურ ენაზე  მიღება, სხვა აუცილებელი მომსახურებით (მათ შორის საბანკო) სარგებლობა.

გადაადგილების უფლების შეზღუდვა მიზნად ისახავს საქართველოსაგან აფხაზეთის სრულ იზოლაციას, რეგიონის ასიმილაციისა და მცოცავი ანექსიის დაჩქარებას. ამით უნდა აიხსნას ქართველთა დისკრიმინაცის გაძლიერების დროში დამთხვევა მოსკოვსა და სოხუმს შორის ე. წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ „ხელშეკრულების“ დადებასთან (2014 წლის  24 ნოემბერი), მისგან გამომდინარე სხვა „შეთანხმებების“ გაფორმებასთან.

ცნობილია, რომ ადგილი აქვს უკანონო დაკავებებს. უკანონოდ დაკავებულთა რიცხვი ადრე მერყეობდა რამდენიმე ასეულიდან 2 ათასამდე წელიწადში.  გადადგილების უფლების უკიდურესად შეზღუდვამ დაკავებულთა რიცხვის შემცირება გამოიწვია. ოკუპანტების ხელში მოხვედრილ „საზღვრის“ დამრღვევებს აუცილებლად ადმინისტრაციული წესით აპატიმრებენ და სოლიდურ ჯარიმასაც ახდევინებენ. იმ შემთხვევაში თუ დაკავებული აფხაზეთის მკვიდრი არ არის, მას მოელის გასამართლება უკვე სისხლის სამართლის წესით.

როგორც მოგეხსენებათ, გადადგილების უფლება, რომელიც ასე უხეშად ირღვევა საოკუპაციო რეჟიმის მიერ, დადასტურებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში (მუხლი 13), ევროპული კონვენციის დამატებითი მეოთხე ოქმით (მუხლი 2) და სხვა აქტებით.

ბატონებო და ქალბატონებო! დღეს ჩვენ შემოვიფარგლებით მოხსენებაში წამოჭრილი საკითხებით, თუმცა, როგორც ზემოთაც ითქვა, ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველთა მიმართ ირღვევა ყველანაირი უფლება, რაც კი არსებობს. თანაც ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ აფხაზეთში ასე ტოტალურად ირღვევა მხოლოდ ქართველთა უფლებები, რაც იმის უტყუარი დადასტურებაა, რომ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ ქმედებასთან, წინასწარი განზრახვით შემუშავებული პოლიტიკის განხორციელებასთან. ქართველთა დისკრიმინაციის პოლიტიკა გახლავთ რუსეთის მიერ ამ ტერიტორიის ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის, გენოციდისა და ეთნიკური წმენდის, გალის რაიონის მოსახლეობის ასიმილაციის რუსული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი.  საკუთარი დანაშაულებრივი მიზნების მისაღწევად გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ზესახელმწიფო, რომლის ეფექტური კონტროლის ქვეშ იმყოფება აფხაზეთი და რომელიც არის პასუხიმგებელი ოკუპირებულ ტეროტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ცივილიზებულ XXI საუკუნეში, ღიად ახორციელებს ათეულ ათასობით ადამიანის ველური მეთოდებითა და ხერხებით დისკრიმინაციას - დისკრიმინაციას ეროვნული ნიშნით, ქართველობის ნიშნით. მას სულაც არ ადარდებს ის გარემოება, რომ  დისკრიმინაციის ნებისმიერ ფორმას კრძალავს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დაკლარაცია (მუხლი 7), ევროპული კონვენცია (მუხლი 14), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მუხლი 2, 25) და ა. შ.

თავიდან ჩვენ ვახსენეთ გაეროს კონვენცია გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ. ვთხოვ სპეციალისტებს აგვიხსნან, გალის რაიონში ქორწინებების შეზღუდვით, ფაქტობრივად აკრძალვით, ასევე ახალშობილთა რეგისტრაციის აკრძალვით საქმე გვაქვს  თუ არა ხსენებული კონვენციის მე-2 მუხლის d პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან. მოგეხსენებათ, ეს  პუნქტი გულისხმობს „ისეთი ზომების გატარებას, რომელთა მიზანია ჯგუფის შიგნით შობადობის აღკვეთა“.

დღეს ჩვენ საერთოდ არ გვიხსენებია 1998 წლის 17 ივლისს მიღებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება, რომელიც ასევე „იუბილარია“. მისი მიღებიდან 20, ხოლო საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებიდან (2003 წლის 16 ივლისი) 15 წელი სულ მალე  შესრულდება. რომის წესდების მე-6 მუხლი იმეორებს გენოციდის კონვენციის მეორე მუხლს თავისი d პუნქტით. გარდა ამისა, ოკუპირებულ აფხაზეთში ადრე და დღეს მიმდინარე პროცესებს პირდაპირ ეხმიანება რომის წესდების მე-7 მუხლის („დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ“) პირველი პუნქტის რამდენიმე ქვეპუნქტი. ასეთია, მაგალითად, „დ“ ქვეპუნქტი - „დეპორტაცია ან მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება“; აგრეთვე „ჰ“ ქვეპუნქტი - „ნებისმიერი იდენტიფიცირებული ჯგუფის ან ერთობის დევნა პოლიტიკური, რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური, კულტურული, რელიგიური, გენდერული..., ან სხვა ისეთი ნიშნის საფუძველზე, რომელიც საერთაშორისო სამართლით საყოველთაოდ დაუშვებლად არის აღიარებული, დაკავშირებული ამ პუნქტში აღნიშნულ რომელიმე ქმედებასთან ან სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ რომელიმე დანაშაულთან“. იმავე მე-7 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში „დევნა“ განმარტებულია როგორც „საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ, ამა თუ იმ ჯგუფის ან ერთობისადმი კუთვნილების ნიშნით ძირითად უფლებათა განზრახ და სერიოზული ხელყოფა“. ზედმეტი კომენტარების გარეშე ვიტყვი, რომ მოტანილი მუხლები, პუნქტები და ქვეპუნქტები მთლიანად  ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, ეხება ოკუპანტებს.

ყოველივე ამის გათვალისწინებით და როგორც არასპეციალისტი, ჩემს თავს მივცემდი მხოლოდ ფრთხილი ვარაუდის გამოთქმის უფლებას, რომ შესაძლებელია, შესაძლებელი უნდა იყოს ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების მიზანმიმართული დარღვევების შესახებ საკითხის გასაჩივრება როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში. გალის ტერიტორიაზე გენოციდის ან კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, რაც ნამდვილად არ არის გამორიცხული, სასამართლო აუცილებლად დაინტერესდება ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს მიმდინარე პროცესების წინამძღვრებითაც და ასე, შესაძლოა, 1992-1993 წლების ტრაგედიის განხილვამდეც მივიდეთ, თუმცა უმჯობესია ამ თემაზე  უფრო სპეციალისტებმა ისაუბრონ. ჩვენ მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ კარგად ვაცნობიერებთ ობიექტური თუ სუბიექტური ხასიათის დაბრკოლებებს, რომლებსაც უეჭველად წავაწყდებით საერთაშორისო სასამართლოების გზით სიარულის შემთხვევაში.

დაბოლოს, მინდა ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ახალი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შესახებ, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენეთ. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს არის კარგად მოფიქრებული თამამი პროგრამა, რომელიც  აუცილებლად შედეგს გამოიღებს, როგორც გამოიღო შედეგი, მაგალითად, ჯანდაცვის პროექტმა. დღევანდელი მრგვალი მაგიდის ჩატარებას წინ უძღოდა აქ წარმოდგენილი ფრაქციებისა და კომისიების მიერ აღნიშნული სამთავრობო ინიციატივის განხილვა. დავსახეთ კონკრეტული, სავსებით რეალისტური გეგმა, რომლის განხორციელებასაც ჩვენ უკვე შევუდექით. ყველა უწყებას, თითოეულ ცალკე აღებულ პიროვნებას შეუძლია თავისი წვლილის შეტანა ამ სამშვიდობო პროგრამის განხორციელებაში. აქვე მინდა გითხრათ მთავარი: იმისათვის, რომ სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელდეს, აუცილებელია პარალელურად დეოკუპაციის პოლიტიკის გააქტიურება. სამშვიდობო ინიციატივა და დეოკუპაცია - ერთი მედლის ორი მხარეა. შერიგება და თანხმობა აფხაზებთან ვერ მოხდება დეოკუპაციის გარეშე, დეოკუპაცია კი  შერიგებისა და თანხმობის გარეშე ვერ განხორციელდება.  ასეთია ჩვენი ზოგადი მიდგომა პრობლემისადმი, რამაც განაპირობა კიდევაც ოკუპაციის ერთ-ერთი მთავარი, ძალიან მძიმე დანაშაულებრივი შედეგის -  ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხის  თქვენს სამსჯავროზე გამოტანა.

ვასრულებთ რა მოხსენებას, მინდა ვთხოვო სპეციალისტებს-იურისტებს, თითოეულ თქვენთაგანს გამოთქვათ საკუთარი მოსაზრებები დასმულ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი სურვილია, დღევანდელი მრგვალი მაგიდა კონკრეტული შედეგით დასრულდეს, კარგი იქნება,  თუ შევძლებთ პროფესიონალებისაგან შემდგარი საკონსულტაციო ჯგუფის ჩამოყალიბებას, რომელთანაც ერთად გავაგრძელებდით მუშაობას საერთაშორისო სასამართლო მექანიზმების ამოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.


გმადლობთ ყურადღებისათვის.

2018 წლის 25 აპრილი.

 

 

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions