ისევ „აფხაზური ნაკრების“ საფეხბურთო ტურნეს შესახებ

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აფხაზეთის ოკუპაციის შემდგომ მუდმივად აპროტესტებს სოხუმის რეჟიმის უკანონო ქმედებებს, რომლითაც სეპარატისტული ხელისუფლება და მისი იდეოლოგები ცდილობენ სხვადასხვა ხერხით დამოუკიდებელი სახელმწიფოს იმიჯი შეიქმნან.

 

საზოგადოებას ალბათ, ახსოვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპროტესტო წერილები ე.წ. აფხაზური საფეხბურთო ნაკრების არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატში(ConIFA) მონაწილეობასთან დაკავშირებით.



მართალია, ცივილიზებული სამყარო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს განუყოფელ ნაწილად და რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებად აღიქვამს, მაგრამ ცხადია და აუცილებელი, ქართულმა მხარემ  სეპარატისტთა ყოველგვარ თვითნებობაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს, რათა საბოლოოდ სავალალო შედეგის წინაშე არ აღმოვჩნდეთ.

 

სწორედ ქართული მხარის დასაბუთებულმა არგუმენტებმა იმის შესახებ, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი არ არის და მას არა აქვს უფლება საქართველოსთან შეთანხმების გარეშე მონაწილეობა მიიღოს  ნებისმიერი სახის საერთაშორისო ღონისძიებაში, არ მისცა სეპარატისტებს საშუალება 2015 წლის ივნისში გამგზავრებულიყვნენ უნგრეთში  „ConIFA”-ს ტურნირში მონაწილეობის მისაღებად. ამას მოჰყვა დე ფაქტო აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღშფოთება იმის თაობაზე, რომ უარყოფითი გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს საელჩოს ჩარევის შედეგად. მაგრამ, სამწუხაროდ, 2016 წელს ოკუპირებულმა აფხაზეთმა თავად უმასპინძლა „ConIFA”-ს საფეხბურთო ჩემპიონატს, სადაც მონაწილეობა მიიღეს არაღიარებულმა სახელმწიფოებმა.

 

ამჯერად კი, სეპარატისტები „ConIFA-2018”-ის ჩემპიონატის მიწვევით, უფრო შორს წავიდნენ და ოკუპირებული აფხაზეთის ფეხბურთელთა გუნდი დიდ ბრიტანეთში აღმოჩნდა, სადაც  ე.წ. აფხაზეთის საპატიო კონსულმა, ანტიქართული მოღვაწეობით ცნობილმა, საქართველოს ისტორიის გამყალბებელმა, სეპარატისტთა სიძემ ჯორჯ ჰიუტმა უმასპინძლა.


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები გაკვირვებას და პროტესტს გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ სეპარატისტული აფხაზეთის წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ინტერესების იგნორირებით, კანონდარღვევით აღმოჩნდნენ დიდ ბრიტანეთში.

 

მართალია, დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში გამოეხმაურა ლონდონში „ConIFA-2018”-ის მიმდინარეობას და მასში აფხაზური ნაკრების მონაწილეობას და აღნიშნავს, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია, მაგრამ იქვე განმარტავს, რომ „ConIFA-2018” არ არის ოფიციალური ღონისძიება და დიდი ბრიტანეთის მთავრობა მის მენეჯმენტში ვერ ჩაერევა! ამასთან, ბრიტანეთის საელჩო დასძენს, რომ საქართველოს სახელწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, მათ ოფიციალურად დაგმეს ასადის რეჟიმის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ამაზეა ნათქვამი:“ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს!“

 

ვინაიდან სეპარატისტებზე  ვიზების გაცემა მომხდარია კანონდარღვევით და რუსეთის ფედერაციის პირდაპირი მონაწილეობით, საჭიროა ყველა სახელმწიფო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის, არასამთავრობო სექტორის მესვეურებმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ,  რუსეთისა და სეპარატისტების ყველა მსგავს თვითნებობაზე შესაბამისი მკაცრი რეაგირება მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის მიერ ინსპირირებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პროცესი სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს.

Печать
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions