აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს ლიეტუას ელჩი გიედრიუს პოუჯუნასი ეწვია


12 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ ლიეტუას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი გიედრიუს პოუჯუნასი მიიღო.

შეხვედრას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აპარატის წევრები.

ვიზიტი გაცნობით ხასიათს ატარებდა.


 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების, მისი თბილისში ფუნქციონირების აღდგენისა და დევნილობის პერიოდში  მოღვაწეობის ისტორია, ასევე ჟენევის პროცესში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობა და როლი. „თქვენი მობრძანება ურთიერთთანამშრომლობის და მეგობრობის ნიშანია. მართალია, მტკივნეულ თემებზე გვიწევს საუბარი, მაგრამ ასეთი სახის შეხვედრები და თქვენი მხარდაჭერა აფხაზეთის პრობლემის სამართლიანად მოგვარებაში იმედს გვაძლევს...“ - აღნიშნა ელგუჯა გვაზავამ.

შეხვედრის ძირითადი ნაწილი მოსაზრებათა ურთიერთგაცვლის  რეჟიმში მიმდინარეობდა. ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში დღეისათვის არსებულ საშიშროებაზე - აფხაზეთში ქართული კვალის წაშლის მცდელობაზე, ქართული კულტურული მემკვიდრეობის განადგურებასა და ადამიანთა უფლებების ტოტალურ დარღვევებზე. ამასთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს დავით გვაძაბიამ, ზურაბ ჯგუბურიამ, მურმან კვარაცხელიამ.

ბატონმა გიედრიუს პოუჯუნასმა მადლობა გადაუხადა უმაღლეს საბჭოს მოწვევისთვის. მისი თქმით, ლიეტუას რესპუბლიკა ერთ-ერთი მეგობარი სახელმწიფოა საქართველოსი და ყოველთვის ექნება მისგან მხარდაჭერა.  ცივილიზებული მსოფლიო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „ჩვენ გვაერთიანებს თავისუფლებისკენ სწრაფვა და დემოკრატიული ღირებულებებისთვის ბრძოლა, ამიტომაც ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითი მრავლის მთქმელი შეიძლება იყოს საქართველოსთვის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით..... ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ერი უფრთხილდება თავის კულტურას, ისტორიულ მონაპოვარს, ამიტომაც ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება“ - აღნიშნა ელჩმა.

შეხვედრამ საკმაოდ კეთილგანწყობილ გარემოში ჩაიარა. სტუმარს საჩუქრად გადეცა ინგლისურ ენაზე გამოცემული ლიტერატურა, რომელშიც   დოკუმენტური წყაროებით არის დადასტურებული აფხაზეთის რეალური ისტორია, ქართველთა  მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდა და გენოციდი, ასევე ილუსტრირებული ალბომი აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.











































































































Печать
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions