იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდა


2 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.


კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:


„სოხუმის“ საერთაშორისო აეროპორტის  საქმიანობის აღდგენისა და შემდგომი ექსპლუატაციისთვის რუსეთის იურიდიული პირის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელების თაობაზე “რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად ცნობა.


ვახტანგ ყოლბაიამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობებს შორის 2023 წლის 16 ივნისს ხელი მოეწერა ე.წ. შეთანხმებას „სოხუმის“ საერთაშორისო აეროპორტის საქმიანობის აღდგენისა და შემდგომი ექსპლუატაციისთვის რუსეთის იურიდიული პირის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელების თაობაზე“. 2023 წლის 26 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მისი „რატიფიცირება“ მოახდინა.

„შეთანხმება“ ითვალისწინებს ე.წ. აფხაზური მხარის მიერ რუსეთის იურიდიული პირისთვის, რომლის ვინაობა ცნობილი არ არის, მიწის ნაკვეთებისა და შესაბამის ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემას, აგრეთვე სრულიად გაუმართლებელი შეღავათებისა და გარანტიების მინიჭებას. აღნიშნული „შეთანხმება“ აფხაზურ მხარეს კაბალურ ვალდებულებებს აკისრებს.


ყოველივე ეს მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის მიერ სოხუმის აეროპორტის მისაკუთრებას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის 2019 წლის 26 ივლისის უკანონო გადაწყვეტილებით იგი უკვე მიმაგრებულია როსტოვის ოლქის საჰაერო სივრცეზე. იმავე გადაწყვეტილებით მას უკანონოდ მიენიჭა რუსული კოდი და ერთობლივი ბაზირების აეროდრომის სტატუსი. რაც იმას ნიშნავს, რომ აეროპორტის აღდგენის შემთხვევაში შესაძლებელი ხდება მისი სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება, რაც დამატებით საფრთხეს წარმოადგენს როგორც საქართველოსთვის, ისე შავი ზღვის რეგიონისთვის.

„შეთანხმება“ ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონს, ისე საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს.


სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის აგვისტოდან გაუქმებული აქვს სოხუმის აეროპორტის კოდი. შესაბამისად, მისი ამოქმედება ეწინააღმდეგება აღნიშნული ორგანიზაციის მოთხოვნებს. არსებული წესის თანახმად, მხოლოდ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს სოხუმის აეროპორტის საერთაშორისო აეროპორტად
აღიარების, საქართველოს მთავრობის წინადადებით მისთვის კოდის კვლავ მინიჭებისა და საერთაშორისო ფრენების განხორციელების ნებართვის გაცემის უფლება.


ზემოაღნიშნულ „შეთანხმებასთან“ დაკავშირებით კომიტეტმა მომაზადა უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი და საჭიროა მისი საკანონმდებლო წესით უმაღლეს საბჭოში ინიცირება - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.


საკითხის განხილვის შემდეგ კომიტეტის წევრებმა კენჭისყრაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი აღნიშნული დადგენილების პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად ცნობის საკითხს.


სხდომას ესწრებოდნენ რაისა ქარაია, ანზორ წოწონავა, ბორის კაკუბავა, მურმან კვარაცხელია, ნაპოლეონ მესხია.


სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.






Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions