დღეს გურამ ოდიშარიას დაბადების დღეა!

სასიქადულო მწერალს, ჩვენი საზოგადოების გამორჩეულ წევრს, სახელმწიფო მოღვაწეს გურამ ოდიშარიას, დღეს 70 წელი შეუსრულდა. ვულოცავთ და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ იგი ახალგაზრდული ენერგიით და წარმოსადეგი გარეგნობითაც იქცევს ყურადღებას.

 

გურამ ოდიშარია სოხუმში დაიბადა, იქ გაიზარდა, იქვე დაიწყო ლექსების, მოთხრობების, სხვადასხვა ხასიათის პუბლიცისტურ ნარკვევების გამოქვეყნება. განურჩევლად მეგობრობდა თანაქალაქელ აფხაზებთან და ქართველებთან... და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ დაუჯერებლის დაჯერებამ არ მოუწია და აფხაზთა და ქართველთა დაპირისპირების რეალობაში არ აღმოჩნდა. შემდეგ იყო დიდი გაუგებრობა, ჩრდილოელი მეზობლისგან ჩანერგილი დაპირისპირება, დაუნდობელი ომი, რომელმაც, განუყოფელ ქართველ და აფხაზ მოძმეს თუ მეგობარს, სხვადასხვა მტრულ ბანაკში მიუჩინა ადგილი.

გურამ ოდიშარიას, როგორც ჭეშმარიტ ჰუმანისტს, მწერალს, პუბლიცისტს გუშინდელ თანამოძმეებს შორის ტყვიის შუამავლობამ, შინაგანი პროტესტი გაუჩინა, მაგრამ ერთიანი სამშობლოს იდეების მსახურება ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სულისკვეთებით გააგრძელა. შესაბამისად, მასაც სხვა ქართველებთან ერთად მოუწია მშობლიურ ქალაქთან, აფხაზეთთან იძულებით გამომშვიდობება, მტკივნეული ფეხით ჭუბერის უღელტეხილის დალაშქრვა და დევნილის სტატუსით დედაქალაქში დამკვიდრება.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გურამ ოდიშარიას თბილისური ცხოვრების არც ერთ დღეს აფხაზეთის გარეშე არ ჩაუვლია. ამის დასტურია აფხაზეთიდან დევნილობის 28 წლის მანძილზე, მისი მუხლჩაუხრელი სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა თუ შემოქმედებითი თემატიკა, მისი არა ერთი რომანი, პიესა, პუბლიცისტური წერილები, გურამ ოდიშარიას ცხოვრების სტილი და წესი.

უნდა ითქვას, რომ დევნილობის იმ მძიმე პერიოდში გურამ ოდიშარიას მიერ გამოქვეყნებული პირველი რომანი „სოხუმში დაბრუნება“ აღმოჩნდა მძიმე სტრესსა თუ დეპრესიაში მყოფ აფხაზეთის მკვიდრთა სულიერი მასაზრდოებელი - სინათლე გვირაბის ბოლოს; წიგნი, რომელიც ხელიდან ხელში გადადიოდა და დღესაც არ კარგავს აქტუალობას! ადამიანებში მათი ბედნიერი წარსულის დღეებს, აფხაზთა და ქართველთა თანაცხოვრების სიკეთეებს, მათ შორის არსებულ ერთგულებას, სიყვარულს, განუყოფლობას რეალური ისტორიებით ახსენებდა და დაპირისპირებულთათვის მომხდარი ტრაგედიის აბსურდულობას წარმოაჩენდა. უფრო მეტიც, გაუცხოების ტყვეობაში მყოფი აფხაზური ეთნიკური საზოგადეობაც კი ჩააფიქრა, შეკითხვები გაუჩინა, წარსულს, აწყმოსა და მომავალს განსხვავბებული თვალთახედვით შეახედა.

აფხაზეთის თემატიკას ეხმიანება ასევე გურამ ოდიშარიას ყველა ნაწარმოები - „შავი ზღვის ოკეანე“, „პრეზიდენტის კატა“, „შენთან უშენოდ“, პიესა „ზღვა, რომელიც შორია“ და ა.შ. ყველა მათგანი სოხუმზეა, აფხაზეთზეა, ზღვაზე და სხვადასხვა მხარეს მყოფ ადამიანებზეა, რომლებიც კარგად აცნობიერებენ, რომ ომი იყო ყველაზე დიდი ტრაგედია, რომლის შედეგების დაძლევის გარეშე, ბედნიერი მომავალი არც ერთისთვის და არც მეორისთვის არ დადგება.

გურამ ოდიშარია ცნობილია, როგორც პოეტი, მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე, ათზე მეტი ეროვნული და საერთაშორისო პრემიის ლაურეატი.

მისი ნაწარმოებები 20-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. ის ცნობილია, როგორც ომების მოწინააღმდეგე, ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური, კავკასიური, ევროპული შეხვედრების აქტიური მონაწილე, ნებისმიერი უმწვავესი, მათ შორის, უპირველესად, პოლიტიკური პრობლემების მხოლოდ დიალოგის, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის პოპულარიზატორი.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები ულოცავენ მას დაბადებიდან 70 წლის იუბილეს. ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, შემოქმედებით წარმატებებს და უახლოესი დაბადების დღის მშობლიურ სოხუმში აღნიშვნას უსურვებენ!

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions