უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა, რეგლამენტის 108-ე მუხლით მინიჭებული უფლების შესაბამისად, ინტერპელაციის წესით, წერილობით დასმულ შეკითხვებზე აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის, ლევან თევზაიას პასუხები მოისმინეს.

 

შეკითხვების ავტორები თამაზ ხუბუა, რუდიკ ცატავა, ვახტანგ ყოლბაია, ადა მარშანია, მურმან კვარაცხელია, ნუგზარ მგალობლიშვილი, რაისა ქარაია, ანზორ წოწონავა დაინტერესდნენ სამინისტროს საქმიანობაში სკანდალური ფაქტების გახმაურების შემდეგ,  როგორ აფასებს ახალდანიშნული მინისტრი სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების მენეჯმენტს,  დაგეგმილია თუ არა საკადრო ოპტიმიზაცია, სტრუქტურული რეორგანიზაცია; როგორ ხედავს მინისტრი ამ ზაფხულს გამოვლენილი მძიმე კანონდარღვევის პრევენციას,რითი ახსნის თუ რატომ არ მოხდა სათანადო დროული რეაგირება აფხაზეთის შესაბამისი აუდიტორული სამსახურებიდან? კითხვები მოიცავდა წმინდა ფინანსურ საკითხებს, კერძოდ, ინფორმაციის მიწოდებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდის ეფექტურ ფისკალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით, აგრეთვე, სამინისტროში შემავალი სსიპ-ების, შპს-ების, ა(ა)პ-ების 2019-2020-2021 წლებში შიდა აუდიტის სამსახურის მიერ, განსაკუთრებით სსიპ ,,დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროგრამის სააგენტოს“ შემოწმების შესახებ. დეპუტატების კითხვები ძირითადად შეეხებოდა სამინისტროს სტრატეგიას დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური და ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის და როგორია ამ მიმართულებით საბიუჯეტო სახსრების მატების ტენდენცია 2021-2022 წლებისათვის; თუ არის 2021 წლის ბიუჯეტის კანონში მომდევნო ცვლილებების შემუშავების დროს გათვალისწინებული, ჰოსპიტალური და ამბულატორიული მომსახურების პროგრამების, ა(ა)იპ - სამედიცინო დაწესებულებების კოორდინაციის სააგენტოს  დაფინანსების ზრდა, იგეგმება თუ არა რომელიმე სოციალური დანიშნულების ობიექტის მშენებლობა დევნილებისათვის სკოლამდელი, ჯანდაცვის, მოხუცთა თავშესაფარის ან სხვა სოციალური დანიშნულების ობიექტების მშენებლობისთვის სახსრების გამოყოფა? აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის რამდენი პროცენტი ხმარდება კულტურას?   2019-2021 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელოვანი საფინანსო რესურსი რატომ მოხმარდა ბიზნეს-პროექტებს და რატომ არ გამოინახა ამისათვის დაფინანსების სხვა არხები, თუნდაც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში.  პროგრამული დაფინანსების განხორციელებისას არის თუ არა შემუშავებული კონტროლის მექანიზმები, რათა შემდეგ თავიდან ავიცილოთ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა თაღლითური სქემის გამოყენებით?


აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ აქ მოცემულ და კიდევ დამატებით დასმულ არაერთ მნიშვნელოვან შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობას. მისი განცხადებით, სერიოზულად ფიქრობენ სტრუქტურული რეორგანიზაციის განხორციელებაზე, რომლის თანმდევი პროცესიც არის საკადრო ცვლილებები, ასევე, ფუნქცია-მოვალეობების მკაფიო განსაზღვრა და კონტროლის მექანიზმების გაძლიერება - არსებული კონტროლის გარემოს გასაუმჯობესებლად; აქტიურად მუშაობენ დეპუტატების კითხვებში წამოჭრილი პრობლემატური საკითხებისა და გარკვეული ხარვეზების გამოსასწორებლად. მისი თქმით, სამინისტრო მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს პროგრამების შემუშავება/განხორციელების პროცესში დაშვებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ამასთან,  აღნიშნული პროგრამები ფოკუსირებული იქნება დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე  მცხოვრები მოსახლეობის საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ხელშეწყობაზე, მათთვის საწყისი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაზე.

 

დასასრულს, პლენარული სხდომის მონაწილეებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ, რომელმაც დადებითად შეაფასა ინტერპელაციის წესით მინისტრის მოსმენა. მისი თქმით, პასუხები შეკითხვებზე იყო დამაკმაყოფილებელი. ჯემალ გამახარიამ უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვით აღნიშნა ფინანსთა სამინისტროში მომხდარი საშინელი ფაქტის შესახებ,  რომლის გამო სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და დასძინა - მსგავსი რომ არ განმეორდეს, საჭიროა ამუშავდეს ეფექტური დამატებითი კონტროლის მექანიზმი და ყოველი ფინანსური ოპერაცია იყოს სრულიად გამჭვირვალე! ამასთან, მან ხაზი გაუსვა, ისეთი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას, რომელიც ასაქმებს ადამიანებს და შემოსავალს უჩენს დევნილებს, მაგრამ მისივე განცხადებით, ეს საქმე ისეთი ადამიანების ხელში უნდა იყოს, ვისი ნდობაც ეჭვს არ იწვევს!










ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions