14 მაისს თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში საქართველოს კუთხეების ისტორიულ–ეთნოგრაფიული ფესტივალი გაიხსნა, რომელიც 2 კვირა გაგრძელდება და წარმოდგენლი იქნება საქართველოს ყველა კუთხე. ფესტივალის გახსნით ცერემონიას ერსწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი სვეტლანა ქეცბა, აფხაზეთის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.
როგორც ღონისძიების ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, დაწყებითი კლასების სწავლების პროცესების კოორდინატორმა ეთერ სარალიძემ განმარტა - ”ფესტივალის მიზანია საქართველოს კუთხეების ფოლკლორის, ეთნოგრაფიის და ისტორიის გაცნობა. რა თქმა უნდა, დავიწყეთ აფხაზეთიდან, როგორც ყველაზე ძირძველი და განუყოფელი კუთხე საქართველოსი“.
ფესტივალის მონაწილე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა აფხაზეთის თემაზე ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს.
ელგუჯა გვაზავამ ღონისძების დასასრულს მადლობა გადაუხადა ბავშვებსა და მათ აღმზრდელებს საინტერესო ლიტერატურულ–შემეცნებითი წარმოდგენისთვის და საჩუქრად გადასცა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, პროფესორ ჯ.გამახარიას წიგნი ”ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, აფხაზეთი-უძველესი დროიდან დღემდე“, იმავდროულად აღნიშნა, რომ “ყოველმა ღირსეულმა შვილმა თავისი ქვეყნის ისტორია ყურმოკვრით კი არ უნდა იცოდეს, არამედ ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რის ფასად შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა საქართველომ. მართალია, მტრის მიერ ჩამოგდებულმა შუღლმა აფხაზეთში უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ქართველი მოსახლეობა დევნილად აქცია, და აფხაზეთი დედა საქართველოს მოწყვიტა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს დროებითი მოვლენაა. აფხაზეთი აუცილებლად დაუბრუნდება თავის ისტორიულ წიაღს და ახალი თაობა გააგრძელებს ცხოვრებას უკეთესი და მშვიდობიანი მომავლისთვის. აფხაზეთის თემის აქტუალიზაცია კი მოდუნების უფლებას არ მისცემს ისტორიას“.