ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული კვალის წაშლისა და ისტორიული ძეგლების განადგურების მორიგ მცდელობათ აფასებს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის განცხადებას გუდაუთის რაიონში მდებარე x საუკუნით დათარიღებული ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის რესტავრაციას დაწყების შესახებ.
“ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის ე.წ. სარესტავრაციო მუშაობის დაწყება, რომელიც ინიციირებულია აფხაზეთის მარიონეტული ადმინისტრაციის მიერ, კიდევ ერთი დასტურია სეპარატისტული ხელისუფლების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოველივე ქართულის კვალის წასაშლელად, მიზანმიმართული და მეთოდური ღონისძიებების სისტემატურად გატარება“ - აცხადებს თ. ხუბუა.
“ვანდალიზმის ასეთი ფაქტები მოსალოდნელი იყო. მიუხედავად ქართული მხარის არაერთი მოთხოვნისა და განცხადებისა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული კულტურის ძეგლების დაცვის აუცილებლობას ეხებოდა, იუნესკოს, სხვა საერთაშორისო პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების უმოქმედობა აღმაშფოთებელია. ტაძარს შესაძლოა მართლაც ესაჭიროება რესტავრაცია, თუმცა ეს უნდა განხორციელდეს ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთობლივად და არა მხოლოდ რუსი სპეციალისტების მიერ. მსოფლიო თანამეგობრობამ აღნიშნულ ქმედებებს კულტურული გენოციდის კვალიფიკაცია უნდა მისცეს და, რაც მთავარია, ყოველმხრივ აღკვეთოს ამ ტერიტორიაზე მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები“ - აღნიშნავს თ. ხუბუა.