ვაი-პატრიოტთა ფუჭი მცდელობები

 

უკვე რამდენი წელია პრესაში თუ სხვა საჯარო ტრიბუნიდან გაისმის ცალკეულ პირთა მოწოდებები აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე. 2-3 თვის წინ მწერლობაზე პრეტენზიის მქონე ვინმე ბესო ხვედელიძემ სტეპანაკერტში სტუმრობისას არა მარტო აფხაზეთის, მასთან ერთად მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი, არამედ ბოდიშიც მოუხადა აფხაზებს სოხუმელი ქართველების “უღირსი“ ქცევის გამო.

 

მაშინ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ბ-ნ თამაზ ხუბუას და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწის ბ-ნ თამაზ ჩოჩიას საპასუხო წერილები ბ. ხვედელიძის პოლიტიკური უვიცობისა და აფხაზეთის ქართველებისადმი ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებების განმარტებით.

 

მოგვიანებით ნადეჟდა ვენედიქტოვას ერთ-ერთ სტატიაში გაჟღერდა ინფორმაცია კიდევ ერთი ახალგაზრდა კალმოსანის დათო ტურაშვილის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის მხარდაჭერის თაობაზე.

 

ცნობილმა ქართველმა მწერალმა ზაურ კალანდიამ დ. ტურაშვილისა და ბ. ხვედელიძის “პატრიოტულ“ მოწოდებებს მიუძღვნა წერილი, რომელიც გამოქვეყნდა “საერთო გაზეთი“-ს (27.VI-3.VII.2012წ.) ფურცლებზე და რომელსაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ ჩვენი ვებგვერდის მკითხველებს:

 

 

ზაურ კალანდია

პოეტი

(“საერთო გაზეთი“ 27.VI-3.VII.2012წ.)


“შენ მიყვარხარ მე იმდენად, რამდენადაც ხარ ქართველი“


... დრო იყო და გვახსოვს, რუსის ჯარს დავით-გარეჯში სამხედრო პოლიგონი ჰქონდა გამართული. ისიც კარგად მახსოვს, თუ არ ვცდები 1989 წლის მაის-ივნისში ამის გამო ბატონმა ზვიად გამსახურდიამ ოცდაოთხი დღე იშიმშილა. შიმშილობის ბოლო დღეა, თუმცა ჩვენ ეს ჯერ არ ვიცით, ყველა გაოგნებულები და დაზაფრულები ვართ. ზვიადი ჩონჩხადქცეული უსაშველოდ გაბერილი მუცელით, საშინლად გაყვითლებული ფრჩხილებით ნახევრად ბნელ ოთახში წევს. ჩვენ სხვა ოთახში ვართ, მისაღებ დარბაზში. რეკავს ტელეფონი, თათია ხაინდრავას ზვიადის ცოლისდა - ლელე ასწრებს. ერთ საათში ბატონები - აკაკი ბაქრაძე და ნოდარ წულეისკირი მოვლენო, ამბობს - კარგი ამბავი მოაქვთო, ამატებს. ჯუმბერ პატიაშვილმა საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრთა შეთანხმებას მიაღწია თურმე: ჯარს გაიყვანენ გარეჯიდან. მე, ნანა ჯაფარიძე და ბათუ დანელია გახარებულები გავრბივართ “ცისკარში“...

 

ეს ამბავი იმიტომ გავიხსენე, რომ ამ რამდენიმე კვირის წინ დავით-გარეჯს აზერბაიჯანელი სამართალდამცავები დაეპატრონნენ, თან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მათი საქციელი გაამართლა - როდის იყო საქართველოსი გარეჯიო, - განაცხადა. პირველი, ვინც გამახსენდა, მწერალი დათო ტურაშვილი იყო... მახსოვს, მაშინ მწერალ-სტუდენტს ტელევიზიის ეთერში წაუვიდა გული - დავით გარეჯის მონასტრის კედლები იბზარებაო და ცივი წყლით მოასულიერეს. თვალაცრემლებული ქალბატონები მინახავს ამის გამო.

 

ვიფიქრე, დავურეკავ დათოს...

 

სომხეთის დედაქალაქში, ერევანში აღმოჩნდა და როგორც რუსი ჟურნალისტი და პოეტი ნადეჟდა ვენედიქტევა წერს გაზეთ “Чегемская правда“-ში, ცნობილმა ქართველმა მწერალმა დათო ტურაშვილმა განაცხადაო, რომ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას.

 

ყოჩაღ, ტურიკ!

ბოდიშს ვიხდი ფამილარობისათვის.

 

მე ისე ახლოს არა ვარ დათოსთან - “ტურიკა“ დავუძახო. თუმცა მისმა ახლო მეგობარმა რომ დამირეკა და “ტურიკას“ განცხადება თუ ნახეო, მკითხა, ამან გამაბედვინა. მეტჯერ არ გავიმეორებ.

 

ყოჩაღ, ბესო, შენც!...

ბესო ვინ არისო, მკითხავთ.

ბესო ხვედელიძეზე მაქვს საუბარი, მწერალზე...

 

ბატონი ბესო მთლად აჭრილია, როგორც ვენედიქტოვა წერს: მეორე დღეს, უკვე სტეფანაკერტში, სრულიად ქართველი ხალხის სახელით მოუხდია ბოდიში, ანუ “იმ ქართველების გამო, რომლებიც ცხოვრობდნენ აფხაზეთში და არ დადგნენ იარაღით ხელში აფხაზების გვერდით, მაშინ როცა 1992 წლის 14 აგვისტოს ქართველები შეიჭრნენ ჩვენს პატარა ქვეყანაში“...

 

ამ ბატონმა კი არ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, საერთოდ ჩამოგვაცილა აფხაზეთი!

 

ეს, თქვენი ენით რომ ვთქვათ, ჩემი უფლებების დარღვევაა. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ამ ორასორმოცდაათიათასი ქართველი ლტოლვილის შეურაწყოფაც!

 

სამაჩაბლოზე რატომ არაფერს ამბობს, ალბათ, სამარქაფოდ და მომდევნო შეხვედრისთვის შემოინახეთ!

 

მესმის, ყველა ადამიანს საკუთარი ნების გამოხატვის უფლება აქვს, მით უფრო მწერალს ღვთისგან აქვს ეს უფლება ბოძებული. უფლისგან ხელდასმულია თავად მწერალი, თუმც მწერლისთვის თავად სამშობლოა უფალი! სამსობლოს დაცვა კი ყველა ღირსეული მამაკაცის ღირსების საქმეა! ასეც შეიძლება ითქვას - თავად სამშობლოა ღირსება და, თუ ძმა ხარ, ვაჟა-ფშაველას თავი დაანებე (თავის სიტყვაში მოიშველიებს ვაჟას - დიდი ჰუმანისტი!). სწორია! თუმცა არსად უწერია ვაჟას, როცა მტერი ხმლით შემოგივარდება ოჯახში, მხრები ჩამოყარე, გაიქეცი, კურდღელივით მტერს შეაფარე თავიო!

 

ზვარაკად შეწირულ სოხუმელ ვაჟკაცებს: ვოვა ვეკუას, გენო ადამიას, ჯუმბერ ბეთაშვილს, გურამ გაბისკირიას, თქვენს ტოლს და კოლეგას გურამ სალიას თუ ჩვენ, ცოცხლად დარჩენილებს - ძმებს კალანდიებს, მამაშვილს ჯაიანებს, გურამ ოდიშარიას, შალვა ბაკურაძეს, გელა ჩქვანავას თუ ციალა არდაშელიასა და მანონ ბულისკერიას გინდა მოსწმინდო, შენი აზრით, ნამუსი?

 

შენი ჭკუით, ასე უნდა გვექნა თურმე: ჟიული შარტავას, მამია ალასანიას... ჭაბუას ვაჟკაც შვილს - ირაკლი ამირეჯიბს, ლევან აბაშიძეს (სადაც ქართველების ომია, იქ უნდა ვიყო მეცო, - თქვა და აფხაზეთში ჩასვლის მეორე დღეს დაიღუპა), საშკა იოსელიანს ღალიძგასთან დავხვედროდით იარაღით ხელში, საინტერესოა, ჩვენ გვესროლა თუ რუსი და ჩეჩენი ბოევიკები დაგვექირავებინა და ჩაგვეხოცა.

 

უცნაური რამ გჭირთ, ბიჭებო, ზედმეტად და საეჭვოდ ჩქარობთ...

მარტო სომხური კონიაკის სიყვარულს როგორ დავაბრალო!...

 

“ვარდების რევოლუციის“ წლისთავზე გალაღებული დათო ტურაშვილი მახსოვს: ხედავთ, ხალხნო, რა ხდება, შუქნიშანთან პატრულმა მანქანა გააჩერაო! ეს ყველა შოუში ოთხ-ხუთჯერ გაიმეორა, როგორ წავედით წინო!... მეგონა, ის პატრული გინებით გამოვარდებოდა და იყვირებდა: რა გამიჭირე საქმე, ბენზინი გამითავდა და მანქანა გამიჩერდაო! (იმ ხანებში პატრულის თანამშრომლებმა 18 წლის ბუტა რობაქიძე, წერეთელზე მანქანაში ჩაცხრილა და ერთხელ არ გახსენებია).

 

კიდევ ერთ ამბავს მოგიყვები, ბესო!

არ ვიცი, რამდენად იცნობ ნოდარ ნათაძეს, მაგრამ თუ დამიჯერებ, დიდი ვაჟკაცი კაცია!

გაგონილი მაინც გექნება, ბატონი ნოდარ ნათაძე სოხუმში იბრძოდა.

 

სოხუმის დაცემამდე, სექტემბრის დასაწყისში, სოხუმის რკინიგზის სადგურთან რთული ვითარება შეიქმნა. ათ-თორმეტკაციანი ჯგუფი მტრის ხაფანგში მოხვდა. უდანაკარგოდ გამოსვლა ძნელი იყო. უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ, ერთადერთი ჭაღარა და ასაკოვანი ნათაძე ერიათ. ერთ-ერთმა მეომარმა - მე გავაკეთებ დერეფანსო, - გადადო თავი. არაო, თქვა ნათაძემ, მე “ჟილეტი“ მაქვს და “სტრახოვკაზე“ მე დავდგებიო. მართლაც ასე მოხდა, თავისი გაიტანა ნოდარმა. როცა სამშვიდობოს გავიდნენ, მერე გაირკვა, რომ ნოდარს არავითარი “ჟილეტი“ არ სცმია. ეს ბატონ ნოდარს კი არ მოუყოლია ჩემთვის, იმ ჯგუფში ჩემი ახლობლები იყვნენ და მათგან ვიცი.

 

რა, ჩემო ბესო, ნოდარ ნათაძის გამო შენ რატომ იხდი ბოდიშს?!

თუ ბოდიში მოსახდელია, თუ მეომრის ენერგია დღეს არა აქვს ნათაძეს, სინდისი და სამართალი არ დაუკარგავს და უშენოდაც შეძლებს!

 

ეს არ შეეშლება!

 

იქნებ გენო კალანდიას, როგორც შენი ნათქვამიდან გამოდის, თბილისელი ნოდარ ნათაძისათვის ჩაიში საწამლავი უნდა ჩაეყარა.

 

ბესო, შენ რომ გეთქვა, ჩვენ ორივენი შევცდით. ბოდიში აქვს აფხაზს ქართველისთვის მოსახდელი და ქართველს - აფხაზისთვისო, როგორც დემოკრატს, როგორც მწერალს, როგორც პაციფისტს, გაგიგებდი.

 

არც ცალმხრივი სიყვარული გამოდის...

ცალმხრივი სიყვარული უნაყოფოა, ბერწი...

 

კი, ბატონო, “სამხრეთ კავკასიის კულტურის მოღვაწეთა დიალოგს“ მივესალმები. საჭიროა დიალოგები, შეხვედრები, აზრის გაცვლა-გამოცვლა, მაგრამ არა შენი ქვეყნის ხარჯზე და საზიანოდ...

 

არ ვიცი, შენ როგორ ფიქრობ, მაგრამ ახლახან რუსთაველის გამზირზე გამართული გეი-აღლუმი ჩემთვის აფხაზეთის წაგებული ომის ტოლფასია.

 

კაცია და გუნებაო, იტყვი, ალბათ...

მე ასე ვერ ვიფიქრებ...

არ ვიცი, რამდენად უგულო მშობელი ვარ, მაგრამ გეი-პარადზე მიმავალ ვაჟიშვილს, ომში მიმავალი და, ღმერთო მაპატიე, იქიდან არდაბრუნებული მირჩევნია.

 

შვილმკვდარ მამად არ ჩავთვლი თავს.

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions