ანალიტიკური რუბრიკის ”თვიდან თვემდე” ივნისის მიმოხილვაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ შემდეგ საკითხებზე ისაუბრა:
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის შემოთავაზებულ ე.წ. ნეიტრალურ პასპორტებს აფხაზურმა მხარემ ცხლად აგება ცივი უარი, თანაც აფხაზეთის საერთაშორისო არენაზე დეიზოლაციისკენ მოუწოდა და ამერიკის საკონსულო დაწესებულებებში აფხაზეთის მოქალაქის დოკუმენტის მიღება ურჩია.
- ეს ხომ მოსკოვის პოზიციაა. რასაც კრემლი ჩასძახებს, იმას ამოსძახებს აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობაც. ნეიტრალური პასპორტებით რომ აფხაზები მხოლოდ მოიგებდნენ, ეს ხომ აშკარაა, მაგრამ რუსეთმა ესეც აუკრძალა. არა უშავს, ხომ გაგიგიათ, წყალს საცერში რა გააჩერებსო? ასეც მოხდება - ინდივიდუალურად მაინც გამოიყენებს ბევრი აფხაზი ამ სიკეთეს, როგორც ამას აქამდე ახერხებდნენ თბილისში ჩამოსვლით.
ბატონო გია, რა კომენტარს გააკეთებდით სოხუმის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ჩირიკბას განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „საქართველოს პრეზიდენტი სხვა რომ ყოფილიყო და არა სააკაშვილი, ჩვენ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა გვექნებოდა. ჩვენ უფრო პრაგმატულად მოაზროვნე თანამოსაუბრე გვჭირდება, როგორიცაა, მაგალითად, ალასანია ან ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი”.
- მაშინ ჩვენ შევუბრუნებთ იგივეს რუსეთს: პუტინთან არა, სხვა ნებისმიერთან კი ვილაპარაკებთ - მოსაწონია ეს? პოლიტიკოსის მხრიდან ასეთი განცხადება არასერიოზულია. სახელმწიფო საკითხების პირადულ დონეზე დაყვანა ღიმილის მომგვრელია. ჩვენ არ ვცხოვრობთ ფეოდალურ ხანაში, როცა ტახტის მემკვიდრის პირად ინტერესებზე იქმნებოდა მსოფლიო პოლიტიკა. მოგწონს თუ არა, პატივი უნდა სცე იმ ხალხს, მსოფლიო საზოგადოებას, რომელმაც ხმა მისცა თავისი ქვეყნის მმართველ კონკრეტულ პიროვნებას, კეთილი უნდა ინებო და ესაუბრო მას. ეს არის ცივილიზებული პოლიტიკის საფუძველი.
გასაკვირი ისაა, რომ ჩირიკბა ენდობა ალასანიას - რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტ სააკაშვილის სპეცწარმომადგენელს სოხუმთან მოლაპარაკებებში, ხოლო თავად პრეზიდენტს - არა.
- ეს მორიგი რუსული ალოგიკური არგუმენტია, რომელსაც ისევ და ისევ ახმოვანებს დე ფაქტო აფხაზეთი. რაღაც ხომ უნდა გახდეს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბი? მგლისა და კრავის იგავი მახსენდება: ”შენი ჩაკვრეხა რომ მნებავს, მიზეზად ისიც კმარაო...“
ამას წინათ, ერთ-ერთ აფხაზურ საიტზე გამოქვეყნდა ბ.კობახიას სტატია, სადაც ის შესაძლო მოლაპარაკებებზე საუბრობს და კონფლიქტის დარეგულირების მისეულ გეგმას გვთავაზობს, რომელიც 6 პუნქტისგან შედგება; პირველი სამი პუნქტი იმ პირების გასამართლებას ითვალისწინებს, ვინც ომი გააჩაღა ქართველ და აფხაზ ხალხს შორის, შემდეგი სამი პუნქტი ეძღვნება აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობას, რა თქმა უნდა, საქართველოს მიერ, რის შემდეგაც, მისი აზრით, აღდგება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები საქართველოსა და აფხაზეთს შორის.
- მე ვეთანხმები იმ პუნქტებში, სადაც იგი მოითხოვს ომის წამომწყებთა გასამართლებას, მათ, ვინც ქართველი და აფხაზი ხალხი ჩაითრია ამ ძმათამკვლელ ომში, ვისაც ევალებოდა მოსკოვიდან მართული ქაოსის ხელმძღვანელობა, ვინც დღესაც არხეინად ცხოვრობს კრწანისის რეზიდენციაში და ცხადია, მის თანამოაზრეებსაც... მაგრამ რა ვუყოთ 1989 წლის მოვლენებს, როცა ტანკები ჯერ კიდევ არ იყო აფხაზეთში? როცა დაიღვარა პირველი სისხლი? რა ვუყოთ ლიხნის წერილს? ”აიდგილარას“ ანტიქართულ საქმიანობას? თვალი დავხუჭოთ? თუ ვიყოთ ბოლომდე ობიექტურები? ყველა შემთხვევაში საჭიროა იმ პერიოდის მოვლენების ღრმა და მიუკერძოებელი პროფესიონალური ანალიზი, რაც მთავარია შეფასება უნდა მიეცეს რუსეთის როლს ამ კონფლიქტში. ეს არ მომხდარა ერთ წელში, რუსეთი დიდი ხანი ემზადებოდა აფხაზეთის წასაგლეჯად, ეს მთელი ეპოქაა და ჩვენ, აფხაზეთის მაცხოვრებლებმა, კარგად ვიცით ეს. ამის დამადასტურებელი დოკუმენტური წყაროებიც არსებობს. მარტო 1961 წელს შემუშავებული სუსლოვის გეგმაც საკმარისია ამაში დასარწმუნებლად: "დღეს თუ არა ხვალ ქართველები დაიწყებენ ბრძოლას კომუნიზმის წინააღმდეგ. მათთან ბრძოლა აფხაზეთიდან, სამეგრელოდან და სვანეთიდან უნდა დავიწყოთ. საჭიროა ავტონომიების წარდგინება, სათანადოდ უნდა გავაღვივოთ ნაციონალური და ტერიტორიული შუღლი. უნდა დავარწმუნოთ ყველა, რომ ქართველები ჩასახლდნენ აფხაზეთში. დასავლეთ საქართველო უნდა დავუპირისპიროთ აღმოსავლეთს. რის შემდეგაც ჩვენ შუამავალის როლი უნდა შევასრულოთ". ამის მერე კომენტარიც ზედმეტია. რაც შეეხება მეორე სამეულ პუნქტს, ის დამოუკიდებლობა, რასაც ისინი ითხოვენ ყოვლად მიუღებელია, ხოლო რასაც საქართველო სთავაზობს: მაქსიმალურად ფართო ავტონომია, უმაღლესი დონის პოლიტიკური წარმომადგენლობა, საკანონმდებლო ვეტოს უფლებები და თავისუფალი ეკონომიკური ზონა - ეს მართლაც ღვთის წყალობაა, თუკი აფხაზები რეალურად შეხედავენ და გაანალიზებენ თავიანთ პოლიტიკურ მდგომარეობას. პირადად მე ერთ პატარა კეთილ ნიუანსად ის მეჩვენა, რომ ბოლო დროს ბევრი მათგანი ამ ომში დამნაშავედ არა ქართველ ერს, არამედ დაპირისპირებისა და ომის გამჩაღებლებს მოიაზრებს.