სამეცნიერო კონფერენცია ლუბლინის უნივერსიტეტში

 

მიმდინარე წლის მაისში, პოლონეთში, ქ.ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში, რომელიც დღეისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ პოპულარულ უნივერსიტეტს 30000 სტუდენტური კონტინგენტით მსოფლიოს 80 ქვეყნიდან, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განვითარების საკითხები“. ამ კონფერენციაზე საქართველოდან მიწვეული იყვნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მურმან კვარაცხელია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი, სოხუმელი ქალბატონი, ნაზირა კაკულია.

 

კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრის, ბატონი მურმან კვარაცხელიას მოხსენება მიეძღვნა გლობალიზაციის, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და საქართველოს აქტუალურ საკითხებს. მან ისაუბრა იმაზე, თუ რას წარმოადგენს თავისი არსით გლობალიზაცია, როგორ აღიქმება მისი ტენდენციები საქართველოში და რა გავლენას ახდენს თანამედროვე მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი ჩვენს ქვეყანაზე. ბატონ მ. კვარაცხალიას თქმით, იმდენად დიდი იყო დაინტერესება მისი მოხსენების პრობლემატიკით, საქართველოში მიმდინარე პროცესებით, რომ მსჯელობა ამ საკითხთა შესახებ მეორე დღესაც გაგრძელდა.

 

კონფერენციის მუშაობის დღეებში ბ-ნმა მ. კვარაცხელიამ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დავალებით სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს საჩუქრად გადასცა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, პროფესორ ჯემალ გამახარიას ინგლისურ ენაზე გამოცემული წიგნები, მათ შორის ვრცელი ისტორიული ნაშრომი ”აფხაზეთი”, რომელშიც საკმაოდ ამომწურავად, კვალიფიციურად და დოკუმენტური წყაროებით არის დადასტურებული, რომ აფხაზეთის ოდითგანვე საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო და არის, მაგრამ დღეისათვის რუსეთს აქვს ოკუპირებული.

 


 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions