პრაღიდან მიღებული ცნობების თანახმად, ა/წ 22, 27 და 29 აგვისტოს ჩეხეთის ნაციონალურმა ტელევიზიამ აჩვენა ჟურნალისტის პეტრუშკა შუსტროვას მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი ”იმპერიის საზღვრებზე” (იხ. http://www.ceskatelevize.cz/porady/10354261516-na-hranicich-imperia/21156226414/), რომელიც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ეხება. როგორც პრაღაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა შეგვატყობინეს, მნიშვნელოვანი მოვლენები და ფაქტები მასში მიჩუმათებულია ან გაშუქებულია ტენდენციურად, არაობიექტურად. პატივცემულმა ჟურნალისტმა გამოიყენა როგორც აფხაზი ეროვნების ოფიციალური პირებისა და საზოგადო მოღვაწეების, ისე ქართველი ექსპერტების დახმარება. ამ უკანასკნელთა ”ექსპერტული” (ანტიქართული, ცილისმწამებლური, ანტისახელმწიფოებრივი) მოსაზრებების ფონზე ფილმში უფრო ”დამაჯერებლად” გამოიყურება სეპარატისტთა მიერ გაჟღერებული წინადადებები ევროპის ქვეყნების მიერ აფხაზეთის აღიარების აუცილებლობის შესახებ.
სამწუხაროდ, ფილმი ”იმპერიის საზღვრებზე” (რამდენადაც ჩვენ დავრწმუნდით მისი ნახვისას) სრულებითაც არ უწყობს ხელს მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შემაძრწუნებელი ტრაგედიის - აფხაზეთის კონფლიქტის ანატომიაში, მის მიზეზებსა და შედეგებში გარკვევას. პირიქით, იგი კიდევ უფრო აბნევს საქმეში ჩაუხედავ ადამიანებს, შეურაცხყოფს ოკუპანტებისა და სეპარატისტების მიერ შუასაუკუნეობრივი მეთოდებით ნაწამები და უმოწყალოდ დახოცილი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის (ძირითადად ქართველების), მათ შორის ბავშვების, ქალების, ხანდაზმულების ხსოვნას, 400 ათასამდე იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა (სულ 535 ათასიანი აფხაზეთის მოსახლეობიდან) ღირსებას, საბოლოო ჯამში, წყალს ასხამს კრემლის წისქვილზე, რომლის პროპაგანდისტული მანქანა ქ-ნ პეტრუშკა შუსტროვასა და ქართველი რენეგატების დახმარების გარეშეც უკვე 20 წელიწადია წარმატებით ეწევა მსოფლიო საზოგადოებრიობის დეზინფორმირებას საქართველოს კონფლიქტური რეგიონების შესახებ.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ფილმის სულისკვეთება აშკარა წინააღმდეგობაში მოდის ჩეხეთის სახელმწიფოს ოფიციალურ პოლიტიკასთან, საქართველოს კანონიერ, ფუნდამენტურ ინტერესებთან, რომლებსაც პატივს სცემს და მხარს უჭერს ჩეხეთის რესპუბლიკა.
ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით, მზად ვართ ჩეხეთის ნაციონალურ ტელევიზიას, მისი სურვილის შემთხვევაში, მივაწოდოთ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ხელთ არსებული ობიექტური ინფორმაცია, რომელიც ამ დღეებში შეცდომაში შეყვანილ ჩეხ მაყურებელს ბევრად უკეთესად გაარკვევს აფხაზეთის ტრაგედიისა და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენების არსში.
ქართველ ექსპერტებს კი მოუწოდებთ, დაგმონ ფილმის “იმპერიის საზღვრებზე” ზემოხსენებული გმირების ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია, თუ ის ეწინააღმდეგება თავად მათ პოზიციას.