თამაზ ხუბუა: ”ნაწილობრივ დამოუკიდებელი აფხაზეთი არ არსებობს”

 

 

ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის „Freedom House” მიერ გამოქვეყნდა 2013 წლის ანგარიში „თავისუფლება მსოფლიოში“, რომელიც ეფუძნება 2012 წლის მონაცემებს. ანგარიშში აფხაზეთი მოხსენიებულია როგორც „ნაწილობრივ თავისუფალი“, ხოლო ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“ კი – „არათავისუფალი“ საკამათო ტერიტორიების მქონე ქვეყნები. ორგანიზაციის აღნიშნულ დოკუმენტში შევიდა 195 ქვეყანა და 14 საკამათო ტერიტორია სამი განმსაზღვრელი ნომინაციით – თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი და არათავისუფალი ქვეყნები.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპბულიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თ.ხუბუა აფხაზეთის მსგავს გრადაციაში მოხვედრას კატეგორიულად არ ეთანხმება.

 

„არასამთავრობო ორგანიზაციის “Freedom House” მიერ გამოქვეყნებული შეფასებები ჩემში ელემენტარულ ნდობასაც არ იმსახურებს. ჯერ ერთი აფხაზეთი არ არის ცალკე აღებული ქვეყანა. მეორე და უმთავრესი ნონსენსი ის გახლავთ, რომ აფხაზეთი ჩათვლილია ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად (ციტირებას ვახდენ) „... აფხაზეთში კონკურენტუნარიანი საპარლამეტო არჩევნების ჩატარების შემდეგ ადგილზე სიტუაციის გაუმჯობესების გამო“. თეზა სრული სიყალბეა – როგორ შეიძლება არჩევნები კონკურენტუნარიანი იყოს, როცა ტერიტორია იძულებით დატოვებული აქვს მკვიდრი სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობის ორ–მესამედს და ტერიტორიაზე დღესაც სისტემატურად უხეშად ირღვევა იქ მოსახლე მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები. სწორედ ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებზეა ნათქვამი ქართული ანდაზა – „ქათამმა წყალი დალია და ღმერთს შეხედაო“, მცირე განსხვავება იმაშია, რომ ისინი წყლის მაგივრად ეტყობა სხვა რაღაცას „სვამენ“ და საკმაოდ სოლიდური რაოდენობითაც. მსგავსი კვლევების ობიექტურობა მკაცრად უნდა იქნას შეფასებული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

 


 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions