1993 წლის 15-18 მარტს ქ.სოხუმზე განხორციელდა ფართომასშტაბიანი იერიში ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან. ქართველმა მეომრებმა ენით აუწერელი საბრძოლო სულისკვეთება და ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს და სოხუმის აღების ოპერაცია სახელოვნად მოიგერიეს. გადამწყვეტი როლი ამ ბრძოლაში ქართულმა არტილერიამ შეასრულა. მოწინააღმდეგემ ამ შეტაკებაში 1500-ზე მეტი ცოცხალი ძალა დაკარგა. ეს იყო საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე რუსეთის პირველი ღია სამხედრო აგრესია, სადაც მან მარცხი იწვნია. ამ თარიღთან დაკავშირებით ვესაუბრეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს.
თამაზ ხუბუა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
20 წელი სრულდება აფხაზეთში საომარი მოქმედებების დამთავრებიდან. ცხადია, აფხაზეთიდან დევნილი თითოეული მოქალაქისთვის ომის გახსენება მეტად მძიმე და ტკივილიანია. ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ცალკეული ტრაგიკული ფურცლებისგან შედგება აფხაზეთის, სრულიად საქართველოს უახლესი ისტორია. ამ თარიღთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმზე დავამტკიცეთ ღონისძიებათა კომპლექსური გეგმა დევნილი საზოგადოების იმ პროცესებისადმი დამოკიდებულების გავითვალისწინებით, რომელიც აფხაზეთის პრობლემის დარეგულირების ეგიდით მიმდინარეობს. თავისთავად ცხადია, ეს არ იქნება საზეიმო ღონისძიებების და არც უაზრო თვითგვემის დემონსტრირება. ეს იქნება იმ მოვლენების ობიექტური შეფასება, რომელსაც ადგილი ჰქონდა კონფლიქტამდე, კონფლიქტისა და პოსტკონფლიქტურ პერიოდში აფხაზეთში იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომელიც ამ რეგიონთან მიმართებაში დღეისთვის მსოფლიო თანამეგობრობაში, საერთაშორისო პოლიტიკურ და ჰუმანიტარული ორგანიზაციების მიდგომებში არსებობს. აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ შეიტანა საქართველოს პარლამენტში წინადადება, რომ ეს წელი აღინიშნოს ეთნოწმენდის მსხვერპლთა ხსოვნის წლად. ჩვენ არ გვინდა ეს გავაკეთოთ ვინმეს საპირისპიროდ და არც არავის ვპასუხობთ ნიშნის მოგებით, როგორც ეს სეპარატისტულ ადმინისტრაციას აქვს ჩაფიქრებული. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური, მორალურ–ზნეობრივი პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ქვეყნის, ომში დაღუპული გმირების წინაშე, რომ ეს დღე ყოველთვის გვახსოვდეს.
აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით ჩვენს მიმართვებს აქტიურად გამოემხმაურნენ საქართველოს ფედერალური უწყებები, რომლებიც უშუალოდ აფხაზეთის პრობლემატიკით არიან დაკავებულნი. რეინტეგრაციის სამინისტროსთან გვაქვს დაგეგმილი აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების შეხვედრა, თუნდაც ნეიტრალურ ტერიტორიაზე; დიასპორების სამინისტროსთან – ერთობლივი გასვლა ჰამბურგის მხარეთმცოდნეობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, სადაც ჩავატარებთ აფხაზეთის დღეს; ჩეხეთში გამგზავრება და იქაურ ქართულ დიასპორასთან შეხვედრა და ა.შ. ამას წინათ გენოციდის მსხვერპლთა სიაც განთავსდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე (www.scara.gov.ge; www.Abkhazia-parliament.gov.ge), იგეგმება კონფერენციები, მრგვალი მაგიდები, რომლებიც აფხაზეთის პრობლემატიკის სხვადასხვა მიმართულებებს ეხება; აქტიურად შევეხმიანებით იმ საერთაშორისო მნიშვნელობის მოვლენებს, რომლებიც გენოციდის მსხვერპლთა და დევნილთა უფლებების დღეებად არის აღიარებული. არის მთელი რიგი იმ მნიშვნელოვანი თარიღებისა, რომლებიც ითხოვენ ჩვენგან ადეკვატურ რეაგირებას და კიდევ ერთხელ შეახსენებს მსოფლიოს აფხაზეთში დატრიალებულ ტრაგედიას – 1993 წელს ქ.სოხუმის მისადგომებთან, მდინარე გუმისთასთან გამართულ საომარ მოქმედებებს, რომელიც დაკავშირებულია ქართული შეიარაღებული ძალების, სახალხო დაუმორჩილებლობის მოძრაობის მებრძოლების გმირულ გამარჯვებასთან.
რაც შეეხება 15-17 მარტს, ის მიეძღვნება ომში დაღუპული გმირების პატივმიგებას, იმ გმირების საფლავების მონახულებას, ვინც საკუთარი სიცოცხლე ამ წმინდა საქმეს შესწირა; გვექნება ომის ვეტერანებთან, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ამჟამად საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში მომსახურე ახალგაზრდებთან, ცნობილ სამხედრო ხელმძღვანელებთან, ფართო საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ეს იქნება ქართული უტეხი სულის კიდევ ერთხელ შეხსენება ჩვენი მოსახლეობისა და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ყველა თანამემამულისთვის, რომელთათვისაც სულერთი არ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ეს იქნება იმედის დღე, ხვალინდელი გამარჯვებების, ობიექტური სამართლიანობის დამკვიდრებებისთვის ჩვენი მოთხოვნისა და პირადი პასუხისმგებლობის დადასტურების დღე.
არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ განვლილი 20 წლის განმავლობაში აფხაზეთის პრობლემატიკასთან დაკავშირებული პოლიტიკური დარეგულირების, სახალხო დიპლომატიის ეგიდით წარმოებული პროცესები სრულიად არ აკმაყოფილებს ჩვენ მოთხოვნებს. მხედველობაში მყავს არა მარტო ქართული საზოგადოება, არამედ განსაკუთრებით ის პოლიტიკური საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც, უკაცრავი პასუხია და, მხოლოდ „აღშფოთებით“ გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციას ამ უდიდესი ტრაგედიის მიმართ. ნურავინ დაიჯერებს, რომ სანამ აფხაზეთის პრობლემა არ მოგვარდება, ქართული სუვერენული სახელმწიფო შედგება და ამ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი პრობლემის სამართლიანი გადაწყვეტისათვის მიმდინარე ბრძოლაში ვერავინ ჩაანაცვლებს საქართველოს საზოგადოების, ხელისუფლების, სრულიად საქართველოს თითოეული მოქალაქის ნებას.
დ. გვაძაბია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ომის პერიოდში გულრიფშის რაიონის გამგებელი.
ბატონო დავით, 15–18 მარტს მოწინააღმდეგის იერიშის ბრწინვალე მოგერიების შემდეგ ქართველები რომ კონტრშეტევაზე გადასულიყვნენ, შეიცვლებოდა თუ არა ომის სურათი?
– ძნელი სათქმელია. არ დაგავიწყდეთ, იმ დროს საქართველოს ეომებოდა რუსეთი ე.წ. აფხაზურ გვარდიას, ჩრდილოკავკასიელ კონფედერატებსა და ბაგრამიანის ბატალიონს ამოფარებული. 15–18 მარტს ჩვენმა მეომრებმა და მეთაურებმა უმაღლეს დონეზე მოიგერიეს მტრის თავდასხმა, ანუ რუსეთის სპეციალური დანიშნულების საიერიშო ბატალიონების კბილებამდე შეიარაღებული 1000–ზე მეტი კაცის შემოტევა. ჩვენ იერიშზე არ გადავსულვართ, ჩვენ მოსახლეობას ვიცავდით. ეს მოხდა ღამით, მათ მოპარვით გაარღვიეს წინახაზი. ქართველები იბრძოდნენ თავგამეტებით, ბოლომდე თავგანწირვით. დღეს ისინი გმირები არიან ყველანი. მე ქედს ვიხრი მათ წინაშე და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ახლობლებს, უფალმა გაანათლოს მათი სულები. მომდევნო დღეს ქალაქის დაცვაში მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩაება, ყველაზე უმცროსი იყო 15 წლის, ყველაზე უფროსი კი – 48 წლის – ეს ჩემს თვალწინ ხდებოდა. მე იმ დროს გულრიფშის რაიონის თავდაცვის საბჭოს ვხელმძღვანელობდი და ვიცი, რომ ესენი იყვნენ არა გამოცდილი მეომრები, არამედ მშვიდობიანი მაცხოვრებლები, მოხალისეები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუცურ საზღვრებს იცავდნენ. როგორც სოხუმის და სოხუმის რაიონის მოსახლეობა, მათ ავანგარდში იყო რაიონის გამგეობა, აქტივი, მოკლედ, ქუდზე კაციცა და ქალიც! გულრიფშის რაიონში იყო ორი სამხედრო ჰოსპიტალი – რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს და სოხუმის ფიზიკა–ტექნიკური ინსტიტუტის საავადმყოფოს ბაზაზე. ჩვენი რაიონის 5 ბატალიონი იბრძოდა იმ დღეებში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამცველთა შორის საგრძნობლად სჭარბობდა გულრიფშელების რაოდენობა, რომელთა შორის იყვნენ საბჭოთა არმიის კარგად გაწვრთნილი და ტექნიკურად განათლებული ელიტარული, რჩეული ოფიცრები. არასოდეს დამავიწყდება, როგორ ემზადებოდა 16 მარტს მე–6 ბატალიონი წინახაზზე გასასვლელად. ბმპ–ში ჩემი მეგობარი ვახტანგ ლოჩოშვილი ჩაჯდა. ის გულრიფშის ბატალიონის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი იყო. იმ დღეს სამხედრო ტექნიკის აღდგენასა და მომზადებაში ეხმარებოდა. მე ვკითხე: - ვახტანგ, შენ რატომ მიდიხარ? მას გვერდით 16 წლის დისშვილი კობა ჯანელიძე მიუჯდა. მე დისშვილს ხელი მოვკიდე და ბმპ–დან გადმოვიყვანე – არაა საჭირო შენი იქ წასვლა–მეთქი... იმ დღეს ვახტანგი დაიღუპა... ასეთი გმირები ბევრნი იყვნენ, ძალიან ბევრნი. სიცოცხლეს არ ზოგავდნენ, შეუპოვრად მიიწევდნენ მშობლიური ქალაქის დასაცავად. ეს ქართული სულია. ქართველისთვის სამშობლოზე უწინარესი არასოდეს არაფერი ყოფილა. დავით აღმაშენებლის მეფობიდან მოყოლებული გარკვეული დროის მონაკვეთში ქართველი მამაკაცების აღრიცხვისას უთითებდნენ „მეომარი“ და „უომარი“. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ „უომარი“ არც ისე სასურველი ეპითეტი იქნებოდა ქართველი კაცის მაშინდელ „პასპორტში“.
ბატონო დავით, ქართველები იცავდნენ სამშობლოს, მაგრამ აფხაზებიც ხომ იგივეს ამბობენ – ჩვენც სამშობლოს ვიცავდითო...
– მაგრამ ჩვენ ხომ სხვა ერის წარმომადგენლები გვიტევდნენ აფხაზებთან ერთად - ჩრდილოკავკასიელები, დაქირავებულები, რუსები, კაზაკები. კი ბატონო, გასაგებია, აფხაზეთის მიწა როგორც ჩვენია, ასევე აფხაზებისაცაა, მაგრამ ჩვენ ომი არ დაგვიწყია. საუბედუროდ, ის მხარეცა და ზოგიერთი ქართველიც ქართულ მხარეს ომის დაწყებაში ადანაშაულებს, თუმცა ეს ასე არ არის. ჩვენ მაინც ხომ კარგად ვიცით ომის წინა პერიოდი, თუ როგორ მიდიოდა ყველაფერი ომისკენ. არძინბა ტრიბუნიდან გვეუბნებოდა, მე თქვენ პირველებს გაგასროლინებთ იარაღსო. რაში გვადანაშაულებენ – ტანკებით შემოვიდნენ ქართველებიო? ჩვენ ხომ ჯარი არ შეგვიყვანია. შემოვიდა რამდენიმე ერთეული ტექნიკა შსს უწყებიდან წესრიგის დასამყარებლად, რომელიც არძინბამ თავად მოითხოვა რკინიგზის მაგისტრალის დასაცავად. თუმცა მერე ეს ყველაფერი ომის გაჩაღების მიზეზად გამოიყენა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ქვეყანას აქვს უფლება მოახდინოს სამხედრო და თუგინდ შეიარაღებული ძალების დისლოკაცია იმ ტერიტორიაზე, სადაც ხედავს საფრთხეს და საჭიროებას. აფხაზეთი სხვა სახელმწიფო იყო? არ იყო საქართველოს ტერიტორია? კი, ბატონო, ჯობდა, რომ არ მომხდარიყო ასე, მაგრამ მოდით, გავიხსენოთ, რას გვიმზადებდნენ ჩვენი მტრები? პროვოკაციას წლების მანძილზე ამზადებდნენ – „მეორე ფერგანას“ მოწყობით გვემუქრებოდნენ.
თუ ასეა, პირიქით, პროვოკაციას არ უნდა ავყოლოდით და აგვერიდებინა თავსმოხვეული ომი, რახან მათთან შეწინააღმდეგების პოტენციალი არ გაგვაჩნდა.
– რომც არ გვეპასუხა, „ფერგანა“ მაინც იქნებოდა. უმოქმედობა შეიძლება უარესიც ყოფილიყო. მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ უკეთ მოქმედება შეიძლებოდა – უფრო დაფიქრებულად და მომზადებულად, ტექნიკური და საბრძოლო თვალსაზრისით, პოლიტიკურადაც. ომის პერიოდის ასეთი სიტყვები თუ გახსოვთ – „როცა ქართველები არხეინობდნენ, აფხაზები იარაღს ყიდულობდნენო“? ჩვენ, დეპუტატებს, სხვებსაც აფხაზეთში და დანარჩენ საქართველოში არძინბას მიერ შექმნილი აფხაზური გვარდიის შესახებ ყველა ინფორმაცია გვქონდა, სად იყვნენ განლაგებული, სიები, მანქანების ნომრები; განგაშის შემთხვევაში როგორ უნდა ემოქმედათ, ისიც ვიცოდით, მაგრამ ამაზე სათანადო რეაგირება არყოფილა.
რატომ? ხომ არ იყო ეს ჩვენი უნიათობის ბრალი?
– არა! ჩვენ რატომ და ვის წინააღმდეგ უნდა გვეყიდა იარაღი? ბატალიონების შექმნა მხოლოდ ომის დაწყების შემდეგ დავიწყეთ ისიც თავდაცვისთვის, ჩვენი მოსახლეობის დასაცავად. ჩვენ ყველანაირად ვარიდებდით თავს კონფლიქტს, ყველა ღონეს ვხმარობდით, რომ შეტაკებამდე საქმე არ მისულიყო. პროტესტს პარლამენტის სხდომის დატოვებით გამოვხატავდით და არა ძალის დემონსტრირებით. დღესაც ასეთი პოზიცია გვაქვს. ომის მიერ განადგურებული ადამიანი კიდევ იმას ფიქრობს, როგორ დაელაპარაკოს აფხაზს. თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ მათზე უკვე რამე არის დამოკიდებული....
ბატონო დავით, ამას წინათ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა გააჟღერა, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობების განახლების ალბათობა არსებობს. როგორ ფიქრობთ, არის ეს რეალური რესურსი? ამის პირობები მაშინაც ხომ ჰქონდათ მათ, როდესაც შევარდნაძის შემდეგ გამოიცვალა ხელისუფლება.
– ეს ურთულესი საკითხია. ამის რეალური რესურსი არსებობს თუ არ არსებობს, დარწმუნებულიც რომ ვიყოთ, რომ ეს მცდელობა უშედეგო იქნება, მაინც უნდა მოვსინჯოთ. პოლიტიკური ბერკეტებითა თუ სახალხო დიპლომატიით, (სახალხო დიპლომატიის სახელმწიფო დონეზე ამოქმედებას ვგულისხმობ და არა ცალკეული პიროვნებების ინიციატივას), საერთაშორისო არენაზე სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებით იქნება ეს თუ რა ფორმით – არა აქვს მნიშვნელობა, ყველა საშუალება უნდა ვცადოთ.
ზურაბ მებონია, საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მეთაური აფხაზეთის ომში.
ბატონო ზურაბ, 15 მარტის მასშტაბური შემოტევას როგორ დახვდნენ ქართველი მეომრები?
- ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, მოწინააღმდეგის შემოტევა ქალაქზე უნდა განხორციელებულიყო 1 მარტს, მაგრამ გადაიდო 4 მარტამდე, 4 მარტი, იცით, აფხაზეთის გასაბჭოების დღეა და თითქოს ამ დღეს უკავშირებდნენ. არც 4–ში მოხდა იერიში. პირველიდან მოყოლებული ჩვენი მეომრები მზადყოფნაში იყვნენ, მაგრამ იერიშის მოლოდინი ძალიან გაჭიანურდა, 12 მარტამდე სულ დაძაბულები ვიყავით. აფხაზური მხარის გამოანგარიშებით, 10-15 დღის განმავლობაში სანგარში საომარი მზადყოფნისგან დაღლილი ქართველების დამარცხება გაცილებით იოლი იქნებოდა, ამიტომაც 15 მარტს ღამით დაიწყეს შემოტევა. ჯერ პოზიციების დაბომბვით დაიწყეს, მერე მასირებულად დაბომბეს ქალაქი, ამაში ჩაერთო საჰაერო ძალები, რომელიც აფხაზებს არ გააჩნდათ. ეს იყო რუსეთის სუ-25 ტიპის მოიერიშეები. დაახლოებით 3 საათიანი დაბომბვის შემდეგ თვითმფრინავებმა ჩამოკიდეს მანათობელი რაკეტები, რომ საბრძოლო პოზიციის განათების შემდეგ მოწინააღმდეგეს ადვილად გადმოელახა საზღვარი. მათი გეგმით, ორ ბატალიონს უნდა გადმოელახა მდინარე გუმისთა და მოემზადებინათ პლაცდარმი ძირითადი დამრტყმელი ძალისთვის - დაახლოებით 2000 მეომრისთვის, გზა გაეხსნათ სოხუმისკენ. მასირებული დაბომბვის დროს ჩვენ საპასუხო ცეცხლი არ გაგვიხსნია. ამ დროს ცეცხლის გახსნა თვითგანადგურებას ნიშნავდა, საარტილერიო დანადგარები ღამით ისე ანათებს, რომ ზუსტად ფიქსირდება, საიდან მოდის ცეცხლი. ისინი ელოდნენ, რომ ასეთი მასირებული დაბომბვის შემდეგ ჩვენი ძირითადი ძალა განადგურდებოდა და იერიშსაც ვერ გავუძლებდით. ჩვენ ღრმად ვიყავით ჩამარხული ბლინდაჟებში. ცეცხლი მაშინ გავხსენით, როცა მათ გადმოსვლა დაიწყეს. დაახლოებით 5 საათის განმავლობაში ვბომბავდით. ეს ძალიან დიდი დროა. ამიტომაც დიდი იყო მათი მხრიდან მსხვერპლი. ეს ორი ათასი კაცი, რომელიც უნდა გადმოსულიყო ჩვენს საზღვარზე, ფაქტიურად დარჩა იმ ფერდობზე – ან დაიჭრა, ან დაიღუპა. ასეთი შეტევის მერე უკან დაიხიეს. 16-ში დღისით გაცხარებული ბრძოლები მიმდინარეობდა. ჩვენმა არტილერიამ, შეიძლება ითქვას, რომ სასწაული მოახდინა იმ დღეებში. საერთოდ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე რომ დივიზიონი გადაიყვანო, ჩამარხო, შეიარაღება განალაგო, კავშირგაბმულობის სისტემა ააწყო და ა.შ. ამას უნდა 12-14 დღე. ჩვენ კი 15 წუთში ვახერხებდით მეორე, მესამე და ა.შ. ხუთივე პოზიციიდან გაგვეხსნა ცეცხლი.
თუკი ამას 14 დღე სჭირდებოდა, თქვენ როგორ ახერხებდით 15 წუთში?
- გეტყვით. ეს ჩვენი გამოგონება იყო, პოლიკოვნიკ გურამ ღრუბელაშვილის იდეა, რომელიც ვაგონშემკეთებელ–ინჟინერ ნოდარ ლოგუასთან ერთად განვახორციელეთ. სატვირთო პლატფორმაზე, რომელიც ლიანდაგზე გადაადგილდება ჩვენ თვითონ დავადუღეთ საარტილერიო დანადგარი. ჯერ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ქვემეხების გადაკეთება მოგვიხდა, ტანკის სამიზნე ისე მივამაგრეთ, რომ დახურული პოზიციიდან შეგვძლებოდა ამ ქვემეხებიდან ტანკის ჭურვების სროლა. სამი დღე-ღამის განმავლობაში არ გვიძინია, ისე ავაწყვეთ ეს ”ჯავშანმატარებელი”. 8 პალტორმაზე დავაყენეთ 8 ქვემეხი. ჭურვების საწყობიც მივაბით და ასე დაკომპლექტებული გადაადგილდებოდა ხუთ საბრძოლო პოზიციაზე. საერთოდ ქვემეხს 9 კაცი ემსახურება, ჩვენ კი 4 ვაკმარეთ. ძალიან მოხეხრხებული რამ იყო ეს მატარებელი. როგორც კი მოვრჩებოდით სროლას, ეგრევე გადავდიოდით სხვა პოზიციაზე ისე, რომ მტერს ჩვენი კოორდინატებისთვის ვერ მიეგნო. სროლა დაახლოებით 15-20 წუთი გრძელდებოდა და ასეულობით ჭურვს ვისროდით მოწინააღმდეგის მხარეს. მატარებლის გარდა მე სხვა პოზიციებზეც მეყენა ქვემეხები. ერთ–ერთი პოზიცია იყო მე–12 სკოლასთან, შუქურას რაიონში, სადაც იდგა რუსეთის სადესანტო–საიერიშო 500 კაციანი ბატალიონი. ქალაქში პოზიციის გასამაგრებელი ადგილის პოვნა რთული იყო, სადაც დავდგებოდით, ცოტა ხანში რუსები საპასუხო დარტყმებს ახორციელებდნენ და მშვიდობიან მოსახლეობას ხომ არ ჩავაგდებდით საფრთხეში? ამიტომაც მათ ბატალიონს უკან მივუყენე ჩვენი ქვემეხები. ერთ–ერთი ბრძოლის დროს მათი საპასუხო სროლის შემდეგ ჭურვები მათ ბატალიონს მოხვდა. ჩვენ რახან ჩამარხულები ვიყავით, არ დავშავდით. იმათმა პოლკოვნიკმა ვერტმფრენის დაჯდომის ნებართვა ითხოვა, იქნებ დაჭრილების და დახოცილების გადაყვანის უფლება მოგვცეთო.
და ეს რუსების ბატალიონი ომის პერიოდში ჩვენს ქალაქში იყო მთელი თავისი შემადგენლობით?
– რა თქმა უნდა, ასეთი სამხედრო ნაწილები მათ რამდენიმე ჰქონდათ სოხუმში და ომის პერიოდშიც დარჩა... 17-ში ღამით ისევ შეეცადნენ საზღვრის გადმოლახვას. მათი უპირატესობა იმაში იყო რომ, ისინი ჩვენს პოზიციებს დაჰყურებდნენ ზემოდან. მაგრამ არტილერია საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ცეცხლისაგან იცავდა წინახაზს და არც იმ დღეს მისცა საზღვრის გადმოლახვის საშუალება. 18-ში მოწინააღმდეგემ საბოლოოდ უკან დაიხია. მაშინ საქართველოს ჯარების სარდალი იყო გენერალი კამკამიძე. მან როცა გაიგო, რომ ცოცხალი ძალის მინიმალური დანაკარგი გვქონდა, ჯერ გაუკვირდა, მერე კი გვითხრა: ცხელ წერტილებში რამდენიმე აფრიკულ სახელმწიფოში ვყოფილვარ, ავღანეთშიც, მაგრამ რაც თქვენ ამ დღეებში მოახერხეთ, ასეთი რამ არსად მინახავს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე მზად ვართ რუსეთის რეგულარული არმიის ნებისმიერ ნაწილს შევებრძოლოთ. ახლა მთავარია ძალები განვაახლოთ და მოვემზადოთ წინ წასასვლელად.
თუმცა წინ არ წავსულვართ...
– ამის მიზეზი მე აქ გავიგე, თბილისში, დევნილობის პერიოდში. შევარდნაძემ თვითონ განაცხადა ტელევიზიით: – 18-ში დამირეკა ელცინმა და მითხრა, თუ თქვენ გუდაუთში შეხვალთ, მე პასუხს არ ვაგებ იმაზე, რომ მოგიწევთ რუსეთის ფედერაციის რეგულარულ არმიასთან შეტაკება. რუსეთთან შეტაკება რომ თავიდან აგვერიდებინა, ამიტომაც არ გავეცი წინ წასვლის ბრძანებაო. მაგრამ, პირადად მე, ამას შევარდნაძის შეცდომად ვთვლი. ჯერ ერთი, რა თქმა უნდა, რუსეთი დაგვემუქრებოდა, აბა რას იზამდა? მეორეც, რუსეთის ჯართან ჩვენ ისედაც ვიბრძოდით უკვე... გენერალი კამკამიძე თბილისში გამოიძახეს და მას მერე მე ის აფხაზეთში არც დაბრუნებულა. ჩვენ ბრძოლა მაშინ შეგვაწყვეტინეს, როცა ყველაზე მომზადებულები და გამოცდილები ვიყავით... თქვენ ალბათ ნანახი გაქვთ ის ვიდეოკადრები, სადაც მარტში დამარცხებით გამწარებული არძინბა გაშმაგებული უყვირის, ლაჩრებსა და კურღლებს უწოდებს თავის მეომრებს.
ანუ, ჩვენ ეს ბრძოლა რუსებს მოვუგეთ?
- სხვათა შორის, ჩვენს მხარეზე რუსებიც იბრძოდნენ. მძღოლი მყავდა სელეზნიოვი, კარგი ბიჭი იყო. ბორია გორონოვს ავტომატს არ ვაძლევდი, მაგრამ სექტემბერში სოხუმის დაცემის წინა დღეებში მაინც მივეცი. დაიღუპა საწყალი... ყველას დაგვწყვიტა გული, ტირილამდე.... ომის შემდეგ ჩვენ ის გმირის წოდებაზე წარვადგინეთ, მაგრამ ორდენის გადაცემას დღემდე ვერ ვახერხებთ მისი დედისთვის. აი, ესაა აფხაზეთის ომის საშინელება, როცა რუსების ერთი ნაწილისგან ჩვენ თავდასხმებს ვიგერიებდით, რუსების მეორე კატეგორია ჩვენს გვერდით იცავდა მშობლიურ სოხუმს იმავე მომხვდურებისგან და მესამე – შორიდან ადევნებდა თვალყურს. 15-16-17-18 მარტის ბრძოლების თითქმის ყოველი ეპოზოდი გმირობა იყო. სამწუხაროდ, ბევრი რამ არ არის ცნობილი საზოგადოებისთვის, მაგრამ მეომრებს ხომ კარგად გვახსოვს, როგორ სწირავდნენ ბიჭები სამშობლოს ყველაზე ძვირფასს – სიცოცხლეს! ტანკი იწვოდა, მაგრამ ბიჭებმა არ მიატოვეს სანამ ჭურვები არ გაისროლეს და იქ ჩაიწვნენ... ეს ხომ სიცოცხლეზე უარის თქმაა სამშობლოსათვის. წარმოიდგინეთ, მთელი წლის განმავლობაში რამდენი ასეთი გმირობა ჩაიდინეს მეომრებმა? ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ მათი სიცოცხლე მაინც არ ეყო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის დაცვას...
გია გვაზავა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
– თუკი ამ მოვლენებს ისტორიულ ჭრილში შევხედავთ, მე ვიტყოდი, რომ ეს არის ქართველების ერთ–ერთი წარმატებული ბრძოლა რუსული იმპერიის წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ რუსებისავე დანატოვარი და უვარგისი იარაღით, ანუ ფაქტიურად შიშველი ხელებით გაუმკლავდნენ ქართველი ვაჟკაცები დაქირავებულ არმიას, ათასი რჯულის გადამთიელთა ბანდებს, კაზაკებს და რუსეთის რეგულარულ ჯარს. ომის პერიოდში ასეთი მწარე ხუმრობაც დადიოდა აფხაზეთში – რუსებს თავისი ჩამოწერილი იარაღით ვებრძვითო. ასე რომ, რუსულმა არმიამ 15-18 მარტს ბრძოლა წააგო იმ ბიჭებთან, რომელთა უმეტესობამ მაშინ პირველად აიღო იარაღი ხელში. რა თქმა უნდა, თავის მოტყუება იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ რუსებს ომს მოვუგებდით, მაგრამ მისი დამთავრება უფრო ღირსეულად შეიძლებოდა.
ბატონო ელგუჯა, ასეთი წარმატებული მოგერიების შემდეგ გაუგებარია, რატომ დაბრუნდნენ ქართველები ისევ გუმისთის პოზიციაზე, ანუ სოხუმის შესასვლელთან? რით უნდა აიხსნას ეს?
– იმით, რომ ეს ომი დაგეგმილი იყო წაგებისთვის, ანუ სოხუმის დაცემა მოხერხდა ისევ და ისევ ჩვენი მეთაურების „წყალობით“, თორემ მეომრებს იქ ბრძოლა არ წაუგიათ. ბრძოლა წააგეს საქართველოს მაშინდელმა პირველმა პოლიტიკურმა და სამხედრო (რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ) პირებმა.
15-18 მარტის ქართველთა შეუპოვარი შეწინააღმდეგების შემდეგ რუსები მიხვდნენ, რომ საჭირო იყო ქართველთა განიარაღება. 27 ივლისს ქ.სოჭში გაფორმდა ხელშეკრულება, რასაც ზუსტად 2 თვის შემდეგ მოჰყვა სოხუმის დაცემაც... რატომ დათანხმდა ამ ხელშეკრულების გაფორმებას აფხაზეთის პოლიტიკური ელიტა?
– პოლიტიკა არის ის, როცა შენს ხედვას მოჰყვება შესაბამისი ქმედება. მე ან აფხაზეთში მცხოვრებ რომელიმე პოლიტიკოსს რომ ჰქონოდა ქმედუნარიანობის ბერკეტი და ძალაუფლება, ჩვენს ხედვას და სიტყვას მოჰყვებოდა გააზრებული ნაბიჯები – პოლიტიკური, სამხედრო და ა.შ, მაშინ შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენი თანხმობით მოხდა ეს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავთანხმდით. მეტსაც გეტყვით. სოხუმის დაცემამდე 3 კვირით ადრე აფხაზეთიდან ჩამოსულ ჯგუფთან ერთად შევედი ე.შევარდნაძესთან. ჩვენ ვერ მოვახერხეთ მისი დარწმუნება იმაში, რომ წესით, ამ მდგომარეობას აფხაზეთის დაკარგვა უნდა მოჰყოლოდა. ვთხოვეთ, რომ სასწავლო წლის დაწყება მაინც გადაედოთ, რათა ხალხის დიდი ნაკადი არ დაბრუნებულიყო. საერთოდ, თუ საომარი მოქმედებების ზონაში ქალები და ბავშვები არიან, მეომარი მეომრის ფუნქციას კარგავს, ის ოჯახის გადარჩენაზე ფიქრობს. ესეც წინასწარ გათვლილი ტაქტიკა იყო.... ადამიანმა, რომელსაც ქვეყნის ბედი ებარა, ასეთი პასუხი გაგვცა: – „პანიკას ნუ ტეხავთ! ყველაფერი მოლაპარაკებული და გადაწყვეტილია, და რუსებიც ისე გააკეთებენ ყველაფერს, როგორც მოვილაპარაკეთ“. კანცელარიიდან გამოსვლის შემდეგ გადავწყვიტე რომელიმე არხის მეშვეობით მაინც მიმემართა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომ თავი შეეკავებინათ აფხაზეთში დაბრუნებისგან. კარებში შემხვდა ჟურნალისტი თამრიკო მოლაშვილი, ჩამწერა, მაგრამ ეტყობა ვიღაცის მითითებით არ გადასცეს ტელევიზიით. აბსულუტურად ყველაფერი „კონტროლის“ ქვეშ იყო. ეს იყო მართვადი ქაოსი. სამწუხაროდ, ჩვენი პრობლემა ჩვენ, აფხაზეთელ ხალხს, გადასაწყვეტად არ გვანდეს. ცენტრიდან ხდებოდა მართვაც და გადაწყვეტილებების მიღებაც რუსეთის მიერ ხელდასხმული ადამიანების, ანუ მეხუთე კოლონის მიერ. მესამე ძალა რომ არ ყოფილიყო, არანაირი კონფლიქტიც არ იქნებოდა, იმიტომ რომ გასაყოფი იქ არაფერი იყო. მატერიალური და საერთოდ, ყველანაირი სიკეთე აფხაზებს, როგორც მცირერიცხოვანი ეთნოსის წარმომადგენლებს, ისედაც მირთმეული ჰქონდათ.
დღეს აფხაზური მხარე ცდილობს გენოციდის ფაქტების გაქარწყლებას, მათ შორის გაგრის სტადიონზე ჩადენილი ეთნოწმენდის ფაქტების უარყოფას, მაშინ როცა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც კი აღიარეს. იმავდროულად მზადყოფნას გამოხატავენ ახალი ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ურთიერთობების განახლებისთვის. არის თუ არა საჭირო გენოციდის უარყოფა ახალი ურთიერთობების დამყარებისთვის და როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში აფხაზეთის საზოგადოებრიობა?
– ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ ურთიერთმონანიებისა და მეგობრობის ხელის გაწოდებისთვის. არის კი მათი ორიენტირი აქეთკენ მომართული? თუ ისევ ცდილობენ თავიანთი ხაზის გატარებას – ჩვენ არანაირი სისასტიკე არ ჩაგვიდენია, უბრალოდ ქართველი „სისხლისმსმელები“ განვდევნეთ აფხაზეთიდან. გაგრის ტრაგედიის ამსახველი კადრები კი ნამდვილად არსებობდა და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოშიც უნახავთ ომის პერიოდში. ეს იყო 45 წუთიანი კასეტა. ვინ გადაიღო არ ვიცი, მაგრამ ჩეჩნებმა მიჰყიდეს ქართველებს. მე პირადად, როცა დავაპირე მისი ყურება, შუქი გამოირთო და გადავწყვიტე თბილისიდან ჩამოსვლის შემდეგ მენახა. დაბრუნებისთანავე მოვიკითხე, ბიჭებმა მითხრეს უშიშროებამ წაიღოო. მაშინ მისი კოპირების საშუალება არ იყო. მივედი აფხაზეთის უშიშროების მაშინდელ თავმჯდომარესთან იური კეშელავასთან და ვთხოვე. მან მითხრა თბილისში გავაგზავნეო. ამის მერე კასეტის კვალს ვერავინ მიაგნო. ცხადია, რუსეთის „კგბ“–ს არ სჭირდებოდა შემზარავი ფაქტების ამსახველი მასალის არსებობა. ბევრ ჩემს ახლობელს ეს კასეტა ნანახი აქვს, მათ შორის, აფხაზსაც. დავუშვათ, გაგრის ტრაგიკული მოვლენები არც ყოფილიყო, ან ომის შემდეგ დაღუპული 5000 მშვიდობიანი მოქალაქის სიაც რომ არ არსებობდეს, ისიც კი საკმარისია გენოციდის აღიარებისთვის, რომ ჟიული შარტავა მთელი თავისი ამალით დახვრიტეს აფხაზებმა, ან თუნდაც ღვთისმსახურების დახვრეტა, იცით, ხომ, ვისაც ვგულისხმობ – მამა ანდრია ყურაშვილს და ეროვნებით აფხაზ იპოდიაკვან იური ანუას. საერთაშორისო სამართლის ერთ–ერთი მუხლის მიხედვით, გენოციდის დანაშაულად ითვლება არა თუ დახვრეტა, დევნაც კი პოლიტიკური, ეროვნული, კულტურული ან რელიგიური ნიშნის საფუძველზე. ჩემის აზრით, შერიგების ერთადერთი რესურსი არის სიმართლე და სიყვარული, სხვანაირად არაფერი არ გამოვა. სოხუმში მთელი ომის პერიოდში ცხოვრობდა 2200 აფხაზი, მათ შორის იყვნენ მათი პოლიტიკური ლიდერებიც, ღრმა ნაციონალისტები, მაგალითად ალ.გოგუა – „აიდგილარას“ პირველი თავმჯდომარე, ოლეგ შამბა - ინჟინერ-მშენებელი და სხვები, რომლებიც ანტიქართული განწყობებით გამოირჩეოდნენ. მათთვის ხელი არავის უხლია, პირიქით, მათივე მოთხოვნით უზრუნველვყავით ქალაქიდან მშვიდობიანი გამგზავრება. 15-18 მარტის ბრძოლებში ერთმანეთს დაპირისპირებული ორი ჩემი მოგვარე დაიღუპა – აფხაზი ოსკარ და ქართველი გია გვაზავები. აი, ეს არის შერიგების ყველაზე დიდი რესურსი – ზიარად დაღვრილი ქართველების და აფხაზების სისხლი. ეს არის სიმართლე და ღმერთიც იქაა, სადაც სიმართლეა და არა ძალმომრეობა.