“სული ღმერთს, გული სამშობლოს, გვამს კი რაც გინდათ ის უყავით...“ - წმინდა ამბროსი აღმსარებლის 150 წლისთავისთვის

 

”სული ღმერთს, გული სამშობლოს, გვამს კი რაც გინდათ ის უყავით“ - ლეგენდარული სიტყვების ავტორის წმინდა ამბროსი აღმსარებლის 150 წლისთავს მიუძღვნა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, პროფესორმა ჯემალ გამახარიამ ვრცელი მონოგრაფია, რომლის განხილვაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში 3 აპრილს გაიმართა.

 

ღონისძიებას უძღვებოდა სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასკირი. სასულიერო პირების მიტროპოლიტების - ანანია ჯაფარიძისა და პეტრე ცაავას ლოცვა-კურთხევის შემდეგ წიგნის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს დამსახურებულმა მეცნიერებმა სერგო ვარდოსანიძემ, ელდარ ბუბულაშვილმა, გოგი გაჩეჩილაძემ, ვაჟა კიკნაძემ, ტარიელ ფუტკარაძემ, ლია ახალაძემ, და სხვებმა.

 

ზურაბ პაპასკირმა მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობას იმ დიდი თანადგომისა და მხარდაჭერისათვის, რომლის წყალობითაც გაიმართა ეს და მსგავსი ღონისძიებები. მისი სიტყვებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბრძოლის საქმეში სოხუმის უნივერსიტეტი და აფხაზეთის საზოგადოებრიობა 1989 წლიდან დგას ავანგარდში და მემკვიდრეა იმისა, რაც საქართველოს დაუტოვა წმინდა ამბროსი ხელაიამ. ამბროსი ხელაია რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში. იგი ებრძოდა იმათ, ვინც აფხაზებს ქართველთა სიძულვილს უნერგავდა. სამწუხაროდ, იმავე პოლიტიკის მსხვერპლი გახდა აფხაზეთის მოსახლეობა საქართველოს უახლესი ისტორიის პერიოდში.

 

ტარიელ ფუტკარაძის აზრით, აუცილებელია დოკუმენტური ფილმების გადაღება ამ ფუნდამენტური ნაშრომის მიხედვით. ამბროსი ხელაიას ცხოვრება და ღვაწლი უნდა იყოს ჩვენი საზოგადეობისთვის გზა და ორიენტირი. მომავალმა თოაბამ უნდა იცოდეს, როგორი შვილი ჰყავდა საქართველოს.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიას ახსოვს ისეთი ეპოქაც, როცა ხელოვნების წარმომადგენელი ეროვნული გმირი ხდებოდა. წმინდა ამბროსი ხელაია არა მარტო ღვთისმსახური და ქართული ეკლესიის წინამძღოლია, ის აქტიური პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწეა. დღევანდელი ღონისძიება ამ ადამიანების დაფასების საუკეთესო მაგალითია.

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions