თამაზ ხუბუა მიესალმება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებას აფხაზეთში შექმნილ მდგომარეობაზე

 

ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპურებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 2012 წლის ბოლოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო ხაზის გაკონტროლების მიზნით დააწესეს სრულმასშტაბიანი შემზღუდავი ზონები, რითაც საგრძნობლად შეზღუდეს ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები. დავით ზალკალიანმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას “უაღრესად მძიმე“ უწოდა.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოადგილე თამაზ ხუბუა: “იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები არცთუ ისე ხშირად ეხებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენი თანამემამულეების მიმართ სეგრეგაციული, დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებს, მივესალმები ბატონ დავით ზალკალიანის ამას წინათ გაკეთებულ განცხადებას ამ მიმართულებით. რაც მთავარია, მინისტრის მოადგილის ნათქვამში პირველ ყოვლისა მე დავინახე არა მის მიერ ყოველმხრივი ინფორმირებულობის დემონსტრირება, არამედ ადამიანური ტკივილი და შეშფოთება დროებით უკონტროლო რეგიონში ყოველივე ქართულის მიმართ არამართლზომიერი და არაჰუმანური დამოკიდებულების გამო. მივესალმები იმ გარემოებასაც, რომ სწორედ ასეთი პიროვნება ხელმძღვანელობს ქართულ დელეგაციას ჟენევის ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკებებში“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions