აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იტალიის ერთ-ერთ ქალაქთან გაფორმებული შეთანხმება უახლოეს პერიოდში გაბათილდება. ამის შესახებ ინფორმაციას 1ტვ.გე იტალიაში საქართველოს ელჩზე კახა სიხარულიძე დაყრდნობით ავრცელებს.
ელჩის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ინფორმაციას ასაიდუმლოებდა, ქალაქის სახელი უკვე ცნობილია.
"ეს არის კალაბრიის რეგიონის პატარა ქალაქი სანტა მარია დელ ჩედრო, ოთხი ათასი მცხოვრებით. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა თავიანთი კერძო კავშირებით შეცდომაში შეიყვანეს ამ ქალაქის მერი. ჩვენ უკვე დავუკავშირდით საგარეო საქმეთა სამინისტროს. ყველა სათანადო ზომა მიღებულია და ეს ოქმი სულ მალე ბათილად იქნება ცნობილი", - განუცხადა "საზოგადოებრივს" კახა სიხარულიძემ.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ იტალიის ერთ-ერთ ქალაქთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, თუმცა ქალაქის სახელწოდებას არ ასაჯაროებდა.
რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად რუსეთმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა და ისინი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად სცნო.