სირიის არაბთა რესპუბლიკა არის გაეროს წევრი ქვეყანა და აღებული აქვს ვალდებულება პატივი სცეს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს, იყოს დამცველი საერთაშორისო სამართლის ნორმების და პრინციპების და გაეროს წესდების თანახმად აღიარებდეს სახელმწიფო საზღვრების ურღვევობას.
ვის, თუ არა სირიის ხელისუფლებას მოეხსენება თუ რამდენად დამანგრეველია ქვეყნისთვის ამა თუ იმ ჯგუფის პოლიტიკური თუ სხვა სახის ექსტრემისტული საქმიანობა. ექსტრემიზმი სცდება ერთი კონკრეტული ხელისუფლების შესაძლებლობებს და მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერის გარეშე ძნელია მისი დამარცხება.
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მცდელობა, სირიის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი აფხაზეთში, წარმოაჩინოს როგორც სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, არის საერთაშორისო თანამეგობრობაში დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად დაფიქსირების მორიგი, ამაო მცდელობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, გმობს, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების უტიფარ მცდელობებს, შეცდომაში შეიყვანონ საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები და გამოიყენონ ისინი თავიანთი მიზნებისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ სირიის ხელისუფლება გაითვალისწინებს ქართულ-სირიული პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებს და იქნება საერთაშორისო არენაზე მის მიერვე აღებული პასუხისმგებლობის განუხრელად დამცველი.