აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს გამოხმაურება ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლასთან დაკავშირებით

ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი არის საერთაშორისო სამართლის ნორმების და პრინციპების უხეში დარღვევა და წარმოადგენს საქართველოსთან მიმართებაში არამეგობრულ ჟესტს და ეს მაშინ, როდესაც, 1994 წლიდან მოყოლებული საქართველოსა და სირიას ერთმანეთთან დიპლომატიური  ურთიერთობები აკავშირებს.

 

სირიის  არაბთა რესპუბლიკა არის გაეროს წევრი  ქვეყანა  და აღებული აქვს ვალდებულება პატივი სცეს  სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს, იყოს დამცველი საერთაშორისო  სამართლის ნორმების და პრინციპების და გაეროს წესდების თანახმად აღიარებდეს სახელმწიფო საზღვრების ურღვევობას.

ვის, თუ არა სირიის ხელისუფლებას მოეხსენება თუ რამდენად დამანგრეველია ქვეყნისთვის ამა თუ იმ ჯგუფის პოლიტიკური თუ სხვა სახის ექსტრემისტული საქმიანობა. ექსტრემიზმი სცდება ერთი კონკრეტული ხელისუფლების შესაძლებლობებს და მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერის გარეშე ძნელია მისი დამარცხება.

ოკუპირებული  აფხაზეთის დე-ფაქტო  ხელისუფლების  მცდელობა, სირიის საპარლამენტო დელეგაციის  ვიზიტი აფხაზეთში,  წარმოაჩინოს როგორც სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, არის საერთაშორისო  თანამეგობრობაში დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად  დაფიქსირების მორიგი, ამაო მცდელობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, გმობს, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების უტიფარ მცდელობებს, შეცდომაში შეიყვანონ საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები  და  გამოიყენონ ისინი თავიანთი მიზნებისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ სირიის ხელისუფლება გაითვალისწინებს ქართულ-სირიული პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებს და იქნება საერთაშორისო არენაზე მის მიერვე აღებული პასუხისმგებლობის განუხრელად დამცველი.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions