ჯემალ გამახარია: „თუ აფხაზეთის ტერიტორიაზე არ იქნა აფხაზურ ენაზე მოსაუბრე აფხაზობა, მაშინ არის რეალური საფრთხე იმისა, რომ ეს ტერიტორია ჩვენ სამუდამოდ დავკარგოთ“


29 ოქტომბერს აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზური ენის დღისადმი და აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებლის, აფხაზეთის სახალხო პოეტის დიმიტრი გულიას 145 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

 

დიმიტრი გულიას მოღვაწეობასა და დამსახურებებზე აფხაზი ხალხის ისტორიაში ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.

ღონისძიებაზე პოეტის ლექსები აფხაზურ და ქართულ ენებზე წაიკითხეს მსახიობებმა, აფხაზეთის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. ქართული და აფხაზური ხალხური სიმღერები შეასრულეს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთი, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტალურმა ანსამბლამა „გუმბათი“, კვარტეტმა „აფხაზეთი“. აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“ შეასრულა აფხაზური ხალხური ცეკვა.

საიუბილეო საღამოს მნიშვნელობაზე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის კუთხით ისაუბრა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ.


-  „ეს იყო ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიება. მოვისმინეთ საინტერესო გამოსვლები. განსაკუთრებით მინდა ყურადღება გავამახვილო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტის, ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, როინ მეტრეველის ძალიან ემოციურ და საინტერეს გამოსვლაზე. მან  გაიხსენა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შთამბეჭდავი ეპიზოდები, რომელიც უკავშირდება დიმიტრი გულიას მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე სხვა აფხაზი მოღვაწეების ურთიერთობას ქართველ კოლეგებთან, ისაუბრა თანამედროვე პრობლემებზე და ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის აუცილებლობაზე.

- ქართულ-აფხაზური პრობლემების მოგვარების კუთხით ასეთი სახის კულტურულ ღონისძიებებს რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს?


- ცხადია, ასეთ ღონისძიებებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ძალიან კარგია ქართველების მიერ აფხაზურ ენაზე სიმღერების  შესრულება, ქართველი ბავშვების მიერ აფხაზური ლექსების წაკითხვა! ასეთი ყურადღება აფხაზური ენის მიმართ ბევრად ადრე რომ ყოფილიყო, შეიძლება უფრო მეტად გაგვეგო ერთმანეთისთვის, როცა ერთ ენაზე დავიწყებდით ლაპარაკს..... ახლა უკვე, ჩვენი ვალია, რომ ვიზრუნოთ აფხაზური ენის განვითარებაზე.

მე მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ საქართველოს მთავრობას აქვს თავისი ვებგვერდი აფხაზურ ენაზე, მაშინ როდესაც, სოხუმში, იქაურ დე-ფაქტო მთავრობას ეს არა აქვს. აფხაზური ენის დაკნინება - სწორედ ეს არის ოკუპაციის ერთ-ერთი მთავარი შედეგი. აფხაზურ ენაზე ვებ-გვერდი აქვს აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებასაც და ასეც უნდა იყოს - აფხაზური არის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სახელმწიფო ენა და აფხაზურ ენაზეც უნდა ვრცელდებოდეს ინფორმაცია. სამწუხაროდ, ენობრივ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ცუდად არის საქმე ოკუპირებულ აფხაზეთში. რაც არ უნდა გვიმტკიცონ დღეს, რომ აფხაზეთი „დამოუკიდებელია“, სინამდვილეში იქ აფხაზურ ენას გასავალი არა აქვს, რეალურად აფხაზეთი გარუსების გზაზე დგას. სულ ახლახან აფხაზური მედიის წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ  აფხაზი ბავშვების 80% ვერ ფლობს მშობლიურ - აფხაზურ ენას. აი, სანამდე მივიდა „დამოუკიდებელი“ აფხაზეთი. ოკუპანტების „წყალობით“ ეს ენა შეიძლება საერთოდ დაიკარგოს და ამის გამო ბევრად მეტი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდეთ, ვიდრე დღეს ვართ. სანამ აფხაზეთში იქნებიან აფხაზურ ენაზე მოლაპარაკე აფხაზები, ჩვენ ყოველთვის გვექნება იმის იმედი, რომ ეს ტერიტორია ჩვენ დაგვიბრუნდება და აღდგება ქართულ-აფხაზური ურთიერთობა. მაგრამ თუ აფხაზეთის ტერიტორიაზე არ იქნა აფხაზურ ენაზე მოსაუბრე აფხაზობა, მაშინ არის რეალური საფრთხე იმისა, რომ ეს ტერიტორია ჩვენ სამუდამოდ დავკარგოთ. აი, ეს მნიშვნელობა ჰქონდა ამ საიუბილეო ღონისძიების აღნიშვნას.

- ბატონო ჯემალ, თქვენ ბრძანეთ, „ასეთი ყურადღება აფხაზური ენის მიმართ ბევრად ადრე რომ ყოფილიყო, შეიძლება უფრო მეტად გაგვეგო ერთმანეთისთვის“ - ხომ არ იქნება ეს სიტყვები  გაგებული ისე, თითქოს  ჩვენ რაიმე „დანაშაული მიგვიძღვის“ მათ წინაშე და ამიტომაც გვაქციეს ზურგი?


- რა თქმა უნდა, ეს არანაირად არ ნიშნავს ამას, მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს შორის იქნებოდა მეტი ურთიერთგაგება.  იქ მაცხოვრებელ ქართველებს რომ გვცოდნოდა აფხაზური ენა და აფხაზებსაც სცოდნოდათ ქართული ენა, ჩვენ ერთ ენაზე ვისაუბრებდით და უფრო გავუგებდით ერთმანეთს, ვიდრე მესამე ენაზე საუბრისას.


























Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions