მიმდინარე წლის 12 თებერვალს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

დეპუტატებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების შესახებ საკითხი განიხილეს.  

კვლევასთან დაკავშირებით ინფორმაცია წარმოადგინეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ და აპარატის მოწვეულმა  სპეციალისტმა, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ქეთევან ჩიგოგიძემ.

აღინიშნა, რომ სოციოლოგიური კვლევა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით ჩატარდა. ანკეტა შემუშავდა გაეროს რეკომენდაციების გათვალისწინებით და, შედგებოდა - 20 პუნქტისაგან. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს დედაქალაქსა და რეგიონებში კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის აფხაზეთიდან დევნილებმა, სულ - 1415 რესპონდენტი.    

გამოკითხვის შედეგები ადასტურებს, რომ დასაქმების მსურველთა რაოდენობა საგრძნობია და სასიცოცხლოდ საჭირო რეაგირებას მოითხოვს. რესპონდენტთა მოსაზრებით, მათთვის პრიორიტეტების განსაზღვრისას, შესამჩნევად იხრება შემწეობის თანხების გაზრდისა და დასაქმების საკითხის დაუყოვნებლივ მოგვარებისაკენ. დასაქმების საკითხი მეტწილად აქტუალურია სამეგრელოსა და აჭარაში, რაც პირველადი შეფასებით გამოწვეულია სამუშაო ვაკანსიების ნაკლებობით ზემოთხსენებულ რეგიონებში. აქვე ყურადღებას იპყრობს აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში სამუშაო ადგილებისა და შემოსავლების სტაბილურობის გარანტიის მდგრადობის საკითხი, რომელიც რეგიონების მიხედვით სხვადასხვა პროცენტულ შეფასებებს იძლევა. ზემოთხსენებული გამოკითხვის პარამეტრებთან უშუალო კავშირშია ანკეტის მე-14 პუნქტი, რომელიც ეკონომიკური სტატუსის მდგომარეობასა და მნიშვნელობას უსვამს ხაზს. თუ ყველა რეგიონში განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილთა მოსაზრებებს შევაჯამებთ, არადამაკმაყოფილებელ ეკონომიკურ მდგომარეობაზე მიუთითებს გამოკითხულთა უმრავლესობა, საშუალოდ 60%, ხოლო ეკონომიკური სტატუსით კმაყოფილია საშუალოდ 19%. ეკონომიკურ სტატუსთან დაკავშირებით რესპონდენტთა მიერ გამოთქმული უარყოფითი შეფასებები აფიქსირებენ ხელფასების დაბალ დონეს, დასაქმების არასტაბილურობას. გამოკითხული დევნილი მოსახლეობის უმრავლესობა სარგებლობს საყოველთაო დაზღვევით, ხოლო კერძო დაზღვევა გააჩნია ძირითადად საჯარო სექტორში დასაქმებულებს.

მნიშვნელოვანი პუნქტი ანკეტაში გახლდათ აფხაზეთის მთავრობაში რეალურად არსებული პროგრამების შესახებ ინფორმირებულობის მდგომარეობა. ყურადღება უნდა მიექცეს პროცენტულ მდგენელს, ვინაიდან ადამიანები ყოველთვის არ არიან ინფორმირებული იმ პროგრამებზე, რომელთა საქმიანი იმპლემენტაცია ხდება ჩვენს სტრუქტურებში. მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტების უმრავლესობა მეტ-ნაკლებად ფლობს ინფორმაციას, ინფორმირებულობის საერთო მოცულობა სრულყოფილი და მუდმივი არ არის. ამ მიმართულებით საჭიროა გადაუდებელი ღონისძიებების გატარება დევნილებზე სამედიცინო და სხვა სახის პროგრამების თაობაზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველსაყოფად.

აქვე გვერდს ვერ ავუვლით რესპონდენტთა დამოკიდებულებას ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე. აღსანიშნავია, რომ ასევე რეგიონების მიხედვით სერვისებით კმაყოფილთა პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, თუმცა უკმაყოფილოთა რაოდენობაც 22% შეადგენს. გამოკითხვამ აჩვენა, რომ დევნილ მოსახლეობაში გარემოსადმი მედეგობა და სირთულეების დაძლევის მექანიზმები ადაპტურია მიუხედავად გარკვეული ეკონომიკური არასტაბილურობისა.

ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ გარკვეული რეკომენდაციების ფორმირების საფუძველი შექმნა:

1. სასურველია ჩამოყალიბდეს დასაქმების მსურველთა საინფორმაციო ბანკი, ასევე კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების საკონსულტაციო ცენტრი;

2. განსაკუთრებულ სოციალურ მიდგომას საჭიროებენ ეკონომიკური სტატუსით უკმაყოფილოთა რაოდენობის შემცირების საკითხი;

3. აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის განსაკუთრებულად პრობლემურია სამსახურისა და შემოსავლების არასტაბილური მდგომარეობა - 59% და მისი უკეთესი მაჩვენებლებისაკენ ტრანსფორმაცია;

4. აუცილებელია მომზადდეს და განხორციელდეს პრაქტიკული ღონისძიებები ჯანმრთელობის დაცვის სერვისებით უკმაყოფილოთა რაოდენობის მკვეთრად შესამცირებლად;

5. სასურველია შეიქმნას მრავალშვილიან ოჯახებთან მუშაობის ცენტრი და მეტი ყურადღება დაეთმოს სოციალური დახმარების გაზრდის საკითხს.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ყოფითი, მენტალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლის, ანალიზისა და მათი დანარჩენ საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრაციისაკენ მიმართული კონკრეტული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები მუდმივ მონიტორინგს საჭიროებენ, რაც შესაძლებელი ხდება აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებში ჩასატარებელი სოციოლოგიური გამოკითხვის, მათთან საქმიანი შეხვედრების ფორმებისა და მეთოდების ყოველმხრივ დახვეწითა და მათი მიზანმიმართული გამოყენებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შემდგომშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ამ მიმართულებით მუშაობას.

გაიმართა საქმიანი დისკუსია. მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ.

სხდომის დასასრულს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოციოლოგიური კვლევის შედეგად მომზადებული დასკვნა და რეკომენდაციები გადაეგზავნოს აფხაზეთის მთავრობას შემდგომი რეაგირებისთვის.

„როგორც სწორად აღინიშნა, ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმე, მაგრამ ამ საკითხის შესწავლა და შემდგომ მთავრობის წინაშე დაყენება არის ჩვენი უფლებაც და მოვალეობაც. ძალიან მტკივნეულ და ძალიან აქტუალურ საკითხზე ჩატარდა სოციოლოგიური გამოკითხვა და გვაქვს ძალიან ნათელი სურათი იმისა, თუ რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში“, დასძინა ჯემალ გამახარიამ.   

 

გალერეა