მიმდინარე წლის 28 იანვარს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

პრეზიდიუმის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს: „არაბთა გაერთიანებულ საემიროში, ქ. დუბაიში მივლინების შედეგების შესახებ“; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრების და აპარატის თანამშრომლების შიდა მივლინებების შესახებ“; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში შრომითი დისციპლინის შესახებ“. 

პირველ საკითხთან დაკავშირებით, მოკლედ ისაუბრეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და თანამომხსენებელმა, დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ნანა კვარაცხელიამ. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის 10-11 იანვარს ქ. დუბაიში გამართულ სამიტზე უმაღლესი საბჭოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ალტერნატიული (დისტანციური) განათლების მიწოდების საჭიროებაზე ოკუპირებულ აფხაზეთში, სინქრონული და ასინქრონული დისტანციური განათლების პროექტის ფარგლებში მიღებულ შედეგებზე და პერსპექტივებზე.     

ვიზიტის შედეგები მოიწონეს და თავისი მოსაზრებები გამოთქვეს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ. 

სხდომის მეორე ნაწილი მიეძღვნა უმაღლესი საბჭოს წევრების და აპარატის თანამშრომლების შიდა მივლინებების საკითხს. აღინიშნა, რომ ქვეყნის შიგნით განხორციელებული ყოველი მივლინების შემდეგ ანგარიშების ჩაბარების პრაქტიკა უნდა გაგრძელდეს. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა სამსახურეობრივი მანქანების გამოყენებისა და მძღოლების საქმიანობაზე. მსჯელობის შემდეგ ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული.

სხდომის დასასრულს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ზურაბ ჯგუბურიამ გააჟღერა სასიხარულო ინფორმაცია, რომლის თანახმად ქ. ფოთის საკრებულომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ინიციატივის შესაბამისად, აფხაზეთის მთავრობის შუამდგომლობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით, ქ. ფოთის 21-ე საჯარო სკოლას (აფხაზეთიდან დევნილთა საკოლა) დიდი ქართველი პოლიტიკოსის და დიპლომატის, საქართველოს I რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის - საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის და ევროპაში საგანგებო წარმომადგენლის, აფხაზეთის მკვიდრის (სოფ. ოქუმი) - აკაკი ჩხენკელის სახელი მიაკუთვნა.   

გალერეა

სხვა სიახლეები