მიმდინარე წლის 4 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს: „ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართულენოვანი დისტანციური სინქრონული და ასინქრონული კლასგარეშე სწავლების შესახებ; ელგუჯა გვაზავას იტალიის რესპუბლიკაში, ქ. პალერმოში მივლინების შესახებ; ვახტანგ ყოლბაიას ქ. ზუგდიდში მივლინების შესახებ; უმაღლესი საბჭოს მოწვეული სპეციალისტის თენგიზ პაჭკორიას ბაკურიანში მივლინების შესახებ“.

ქართულენოვანი დისტანციური სინქრონული და ასინქრონული კლასგარეშე სწავლების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა უმაღლესი საბჭოს აპარატის დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ნანა კვარაცხელიამ. მან მოკლედ ისაუბრა პროექტის ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებზე, ყურადღება გაამახვილა არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფო პოლიტიკის ხედვებზე.

მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, თავმჯდომარის მოადგილემ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ, დეპუტატმა ზურაბ ჯგუბურიამ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს ჰქონდეთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა.

საკითხთან დაკავშირებით კოლეგებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მიმართა. მან დადებითად შეაფასა პროექტის მიმდინარეობა და ამ საქმიანობის უფრო მეტი განვრცობის აუცილებლობაზე ისაუბრა. „2016 წლიდან ხორციელდება ქართულენოვანი დისტანციური სინქრონული და ასინქრონული კლასგარეშე სწავლების პროექტი. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა საპილოტე ვარიანტმა გვიჩვენა, რომ ალტერნატიული არაფორმალური სწავლების განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაძლებელია. ამასთან, დაიხვეწა სწავლების მეთოდიკა და მისი ფორმები. დღეისთვის გვაქვს მოცემულობა, როდესაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა ამ პროექტის განხორციელებაზე. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა“, აღნიშნა ჯემალ გამახარიამ.

ელგუჯა გვაზავამ იტალიის რესპუბლიკაში, ქ. პალერმოში მივლინების შედეგების შესახებ ისაუბრა. აღნიშნა, რომ ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ქართული და აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია და საერთაშორისო კავშირების გაღრმავება. გაიმართა ნაყოფიერი შეხვედრები როგორც ქვეყნის ოფიციალურ პირებთან, ისე ადგილობრივი საზოგადოებრიობისა და იტალიაში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. კოლეგებმა დადებითად შეაფასეს ვიზიტის შედეგები, მადლობა გადაუხადეს ელგუჯა გვაზავას საინტერესო ინფორმაციისთვის და გამოთქვეს იმედი, რომ მსგავსი საქმიანობა გაგრძელდება.

იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ მოკლედ ისაუბრა ქ. ზუგდიდში მივლინების შედეგების შესახებ. მისი თქმით, გაიმართა საინტერესო შეხვედრები სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვახტანგ ყოლბაიამ ასევე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრისა და აფხაზეთის დიდი ქომაგის, ოთარ ჭითანავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. აღნიშნა, რომ აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს იგი აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ჰუმანიტარული თუ სოციალურ-ეკონომიკური საკითხების მოგვარებაში.     

სხდომის დასასრულს დეპუტატებმა მოისმინეს ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის მოწვეული სპეციალისტის თენგიზ პაჭკორიას ბაკურიანში მივლინების შესახებ. მიმდინარე წლის 22-25 თებერვალს ბაკურიანში გაიმართა ღონისძიება, რომელშიც მინაწილეობა მიიღეს ომის ვეტერანებმა, საერთაშორისო სამხედრო მისიებში (ავღანეთი, ერაყი) დაჭრილმა სამხედროებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა. აღინიშნა, რომ ღონისძიება საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებით ჩატარდა. მონაწილეებმა განიხილეს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სათანადო ცხოვრების პირობებისა და კეთილდღეობისათვის მყარი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლის შექმნის პერსპექტივები. გაიმართა საქმიანი დისკუსია, მსჯელობის შემდეგ ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული.    

გალერეა

სხვა სიახლეები