პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართა.
სხდომას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი უძღვებოდნენ.
გაერთიანებულ
სხდომაზე, რომელიც დახურულ ფორმატში გაიმართა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საგანმანათლებლო
პროცესის წარმართვის, მშობლიური - ქართული ენის სწავლებისა და გამოყენების საკითხი
განიხილეს. ყურადღება გამახვილდა არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულებებზე.
აღნიშნულ საკითხზე მოხსენება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ გამახარიამ წარადგინეს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს ჰქონდეთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა.
სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და უმაღლესი საბჭოს აპარატის დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია ესწრებოდნენ.