მიმდინარე
წლის 20 თებერვალს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, რომელსაც
თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
პრეზიდიუმმა
განიხილა „აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“ ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტის
განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და „ცნობილი ქართველი მეცნიერის და საზოგადო
მოღვაწის, ენათმეცნიერის, აკადემიკოსის ქეთევან ლომთათიძის დაბადებიდან 115 წლისთავისადმი
მიძღვნილი კონფერენციის ჩატარების შესახებ“ საკითხები.
პირველ საკითხთან
დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „რეგლამენტში შეტანილი ცვლილების
თანახმად, მთავრობის წევრები, რომლებსაც მივმართავთ ინტერპელაციის წესით შეკითხვებით,
ვალდებული არიან პლენარულ სხდომამდე ორი დღით ადრე წარმოადგინონ წერილობით პასუხები.
ამასთან, რეგლამენტში შეტანილი ცვლილება ავტომატურად იწვევს ცვლილებას კანონშიც, რაც
გახდა საფუძველი აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო წესით ასახვისა“. განხილვის შემდეგ
პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება პროცედურის დაწყების შესახებ.
მეორე საკითხთან
დაკავშირებით ინფორმაცია წარმოადგინა დეპუტატმა თემურ მჟავიამ. მან მოკლედ ისაუბრა
აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის მოღვაწეობაზე და კონფერენციის მომზადების საორგანიზაციო
დეტალებზე. მსჯელობის შემდეგ ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული.
დისკუსიაში
მონაწილეობდნენ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე
თამაზ ხუბუა, თავმჯდომარის მოადგილე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა
და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, იურიდიულ და საპროცედურო
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში
კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია,
საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტი თავმჯდომარე ნუგზარ
მგალობლიშვილი, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის"
თავმჯდომარე ანზორ წოწონავა.