17 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია პარლამენტში საქართველოს
პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრო.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა
საქართველოს პრაგმატული და მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის არსი მშვიდობისა
და დამოუკიდებლობის დაცვაა.
„ჩვენი პრაგმატული და მრავალვექტორული
საგარეო პოლიტიკის არსი მშვიდობისა და დამოუკიდებლობის დაცვაა. საქართველო სამშვიდობო
პოლიტიკას ატარებს და ეს საქმით დავამტკიცეთ, რასაც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის,
მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვისაც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. არსებული საერთაშორისო
ვითარების გათვალისწინებით, ეფექტიანად მოქმედების შემთხვევაში შეგვიძლია, საქართველო
საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის საკვანძო ქვეყნად ვაქციოთ; ხელი შევუწყოთ
აზიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკურ ინტეგრაციას, განვიმტკიცოთ სამხრეთ
კავკასიის რეგიონული ჰაბის სტატუსი და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან კავშირი კიდევ უფრო
ინტენსიური გავხადოთ. ამ თვალსაზრისით, 2025 წელს მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანი
ნაბიჯები გადაიდგა. აქვე აღვნიშნავ ჩემს ვიზიტებს სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში,
რომლებიც მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას და რეგიონში მშვიდობის
განმტკიცებას ისახავდა მიზნად”, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, ქართველებს ბევრად
მეტი აქვთ საერთო, ვიდრე გასაყოფი, ამიტომ უნდა შეძლონ და გვერდით გადადონ ჭარბი ემოციები,
მოძებნონ ის საკითხები, რომელთა გარშემოც შეძლებენ გაერთიანებას.
„დღესდღეობით ჩვენი ამოცანაა, ხელი
შევუწყოთ გლობალურ მშვიდობას, გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა, მინიმუმამდე დავიყვანოთ
ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების რისკები, შევინარჩუნოთ თავისუფლება, სტაბილური
გარემო, უზრუნველვყოთ კეთილდღეობის ზრდა, რასაც თითოეული ჩვენი მოქალაქე საკუთარ თავზე
იგრძნობს. ამის მიღწევა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ქართველი ხალხი
ერთიანი იქნება. ჩვენ ვართ უძველესი კულტურისა და ისტორიის მქონე ერი, გამოვიარეთ მრავალი
განსაცდელი, გვაქვს საერთო წარსული და ღირებულებები, ერთი ენა და ერთი ქვეყანა. ქართველებს
ბევრად მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე გასაყოფი. ამიტომ უნდა შევძლოთ და გვერდით გადავდოთ
ჭარბი ემოციები, მოვძებნოთ ის საკითხები, რომელთა გარშემოც შევძლებთ გაერთიანებას“,
– განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს
წინაშე სამომავლოდაც არაერთი სირთულე და გამოწვევა იარსებებს, ამიტომ მუდმივი სიფხიზლე,
სიფრთხილე, სიმტკიცე და ერთიანობა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ.
პარლამენტის სხდომას საქართველოს
პარლამენტისა და მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის ხელმძღვანელები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.