აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თებერვლის მესამე სამშაბათს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია, თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას მიმართვით გაიხსნა. მან 2025 წლის საშემოდგომო სასესიო პერიოდში გაწეული საქმიანობის, სამომავლო გეგმებისა და ამოცანების შესახებ ისაუბრა. 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის გახსნას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, მთავრობის წევრები: აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია, უმაღლესი საბჭოს აპარატისა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლები. 

მიმართვის დასაწყისში ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ ყოველი მორიგი სასესიო პერიოდის გახსნა არის გარკვეული მოვლენა უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში, როდესაც ხდება გაწეული მუშაობის შედეგების შეჯამება და სამომავლო გეგმების დასახვა. ყოველდღიური საქმიანობისა და სამომავლო გეგმების საბოლოო მიზანი კი იყო და რჩება უმაღლესი საბჭოს ისტორიული მისიის ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულება, ანუ ქვეყნის დეოკუპაციისა და გამთლიანების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში მაქსიმალური ხელშეწყობა. 

ჯემალ გამახარიამ მიმოიხილა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემებთან, ქვეყნის გამთლიანებასთან. მისი თქმით ფართომასშტაბიანმა საომარმა მოქმედებებმა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს უკრაინაში უმძიმესი გამოცდა მოუწყო მთელს კაცობრიობას, განსაკუთრებით სამყაროს, რომელსაც ცივილიზებულს ვუწოდებდით და დღემდე ვუწოდებთ; უმძიმესი გამოცდა მოუწყო, პირველ რიგში, ევროკავშირსა და ნატოს. 

ჯემალ გამახარიამ აღნინიშნა, რომ 2025 წლის საშემოდგომო სასესიო პერიოდში ჩატარდა 13 პლენარული სხდომა, სადაც განიხილეს 36 საკითხი, პრეზიდიუმის 17 სხდომაზე კი 44 საკითხია განხილული. იმავე პერიოდში უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულია და საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულია ავტონომიური რესპუბლიკის ხუთი კანონი. მიღებულია სხვა გადაწყვეტილებებიც, რომლებიც ჩვენი საქმიანობის ყველა სფეროს ეხება. 

 გასული წლის განმავლობაში უმაღლეს საბჭოში განსაკუთრებული ყურადღება კანონშემოქმედებით საქმიანობას ეთმობოდა, რომელსაც იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი წარმართავს ბ-ნ ვახტანგ ყოლბაიას ხელმძღვანელობით. კომიტეტს ჩატარებული აქვს 8 სხდომა; მის მიერაა მომზადებული სხვადასხვა კანონპროექტები, რომელთა ნაწილი დამტკიცებულია უმაღლესი საბჭოს მიერ, ნაწილი კი დამუშავების სტადიაშია. საუბარი ამ შემთხვევაში არის საქართველოს კანონებში შესატან ცვლილებებზე. 

უმაღლესი საბჭოს იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დიდი ხანია მუშაობს დევნილთა საცხოვრებელი ფართით  უზრუნველყოფის წესში განსახორციელებელ ცვლილებებზე, რამაც ეს წესი კიდევ უფრო სამართლიანი და ჰუმანური უნდა გახადოს. კომიტეტი აგრძელებს წინა სასესიო პერიოდში დაწყებულ მუშაობას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამუშაო სტაჟის დადგენის წესის გამარტივებაზე და სხვა საკითხებზე. 

უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტი  ბ-ნ ნუგზარ მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით ერთ-ერთი წამყვანი და ფუნქციურად დატვირთული კომიტეტია. განვლილ სასესიო პერიოდში მას ჩატარებული აქვს 15 სხდომა. კომიტეტს მჭიდრო კავშირი აქვს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან, თავის სხდომებზე ძირითადად იხილავს სწორედ განათლებასთან და კულტურასთან დაკავშირებულ საკითხებს. 

კომიტეტის ინიციატივით და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ ჯგუბურიას პირადი ძალისხმევით ქ. ფოთში აფხაზეთის 21-ე საჯარო სკოლაში გაიხსნა აფხაზეთის ისტორიის კაბინეტი. უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერით მას გადაეცა სათანადო ლიტერატურა და საოფისე ინვენტარი. ახლადგახსნილი ისტორიის კაბინეტის მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებად მიჩნეულია აფხაზებსა და ქართველებს შორის ნდობის აღდგენასა და მშვიდობის მშენებლობაში ხელშეწყობა. დღეს ეს სკოლა და კაბინეტი უმაღლესი საბჭოს ინიციატივის შესაბამისად დიდი ქართველი პოლიტიკოსის და დიპლომატის, საქართველოს I რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის - საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის და ევროპაში საგანგებო წარმომადგენლის, აფხაზეთის მკვიდრის (სოფ. ოქუმი) - აკაკი ჩხენკელის სახელს ატარებს. 

თავმჯდომარემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა გალის რაიონში არსებულ სავალალო სიტუაციას ქართულ ენაზე სწავლებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით ჩატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. 

სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტმა, რომლის თავმჯდომარე ბ-ნი რუდიკ ცატავა გახლავთ, საშემოდგომო სასესიო პერიოდში  7 სხდომა ჩაატარა, ასევე ცენტრალური და აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან 38 საქმიანი შეხვედრა აქვს ჩატარებული. სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტი არა მხოლოდ ზედამხედველობას ახორციელებს შესაბამისი სამინისტროების საქმიანობაზე, არამედ უშუალოდაც მონაწილეობს, განსაკუთრებით ჯანდაცვის მიმართულებით, პაციენტებისთვის სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. ეს ეხება მდინარე ენგურის  გაღმა მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებსაც. მათ მიმართ კომიტეტი განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს, რითაც თავისი წვლილი შეაქვს შერიგებისა და ნდობის აღდგენის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში. 

იგივე ითქმის ადამიანის უფლებათა დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის მიმართაც. ქ-ნ ადა მარშანიას ხელმძღვანელობით მას ჩატარებული აქვს 6 სხდომა სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. კომიტეტის თავმჯდომარე აგრძელებს აქტიურ შეხვედრებს დევნილებთან, ურთიერთობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებთან, მათ შორის ეთნიკურ აფხაზებთან. ქ-ნ ადას საქმიანი ურთიერთობა აქვს აფხაზეთის პრობლემატიკითა და დევნილთა უფლებების დაცვით დაკავებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი ვიცე-სპიკერის თამაზ ხუბუას ხელმძღვანელობით საშემოდგომო სასესიო პერიოდში 8 სხდომა ჩაატარა. ჯემალ გამახარიამ ხაზი გასუვა კომიტეტის თავმჯდომარისა და წევრების, ასევე აპარატის მაღალ პროფესიონალიზმს, რაც ვლინდება რესპუბლიკური ბიუჯეტის მიღებისას, მასში ცვლილებების შეტანისას, ასევე ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის თაობაზე მთავრობის კვარტალური ანგარიშების განხილვისას კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ მოხსენებებსა და შესაბამის გადაწყვეტილებებში თუ რეკომენდაციებში. გარდა ამისა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, ახორციელებს რა საზედამხედველო ფუნქციას, რეგულარულ მონიტორინგს უწევს ცალკეული მხარჯავი ორგანიზაციების ბიუჯეტების  მართვის ეფექტიანობის ამაღლების საკითხებს, ასევე პროგრამული კოდებით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ხარჯვის მიზნობრიობას. 

დევნილ მოსახლეობაში არსებული პრობლემების შესწავლა და მთავრობასთან ერთად მათ მოგვარებაზე ზრუნვას ემსახურება 2025 ოქტომბრიდან 2026 წლის იანვრამდე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში არსებულ დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვა, რომელსაც კოორდინაციას უწევდა პირველი ვიცე-სპიკერი ბატონი თამაზ ხუბუა, მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას  მოწვეული სპეციალისტი, პროფესორი ქეთევან ჩიგოგიძე ახორციელებდა. უშუალოდ გამოკითხვის ჩატარებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის სპეციალისტებმა  და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს რეგიონალური წარმომადგენლობების თანამშრომლებმა.  სპეციალურად მომზადებული ანკეტის მიხედვით თბილისში, აჭარაში, სამეგრელოსა და იმერეთში გამოიკითხა 1415 რესპოდენტი. გამოკითხვის მთავარი მიზანი გახლდათ დევნილთა სოციალური მდგომარეობის, აღნიშნული პრობლემისადმი თავად დევნილი მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. 

ჯემალ გამახარიამ ისაუბრა დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურისსამსახურის საქმიანობის შესახებ, რომლის უფროსი ქ-ნი ნანა კავარაცხელია გახლავთ. აღნიშნული სამსახურის შემადგენლობაში შემავალი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან და ლტოლვილებთან ურთიერთობის განყოფილება ბ-ნ გურამ მაღლაკელიძის ხემძღვანელობით უკვე წლების განმავლობაში შესანიშნავად უძღვება  უმაღლესი საბჭოს  ცხელ ხაზს. მისი მეშვეობით განვლილ საშემოდგომო სასესიო პერიოდში 550-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე. გარდა ამისა, იმავე პერიოდში ხუთივე კომიტეტმა ჩვენი დევნილებისგან 300-ზე მეტი წერილი მიიღო, მათ შორის 123 სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტმა, 62 - იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა და ა. შ. 

უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიულმა და საქმისწარმოების დეპარტამენტმა, მისმა უფროსმა ქ-ნმა ნინო ხუნჯუამ  აფხაზეთიდან დევნილ 107 მოქალაქეს გაუწია მაღალკვალიფიციური კონსულტაცია, რომელიც დაეხმარა მათ პრობლემების მოგვარებაში. 

საშემოდგომო სასესიო პერიოდში ფონდმა „სოციალური სოლიდარობისათვის“, რომელიც დეპუტატთა დიდი უმრავლესობისა და აპარატის ყველა თანამშრომლის ყოველთვიური შენატანებით უკვე მეექვსე წელია ფუნქციონირებს, 2025 წლის სექტემბერ-დეკემბერში 816 ოჯახს მიაწოდა საკვები პროდუქტები. აქედან კახეთის რეგიონში 120 სასაჩუქრე კალათა გაიცა; ქართლის, იმერეთის, გურიისა  და სამეგრელოს რეგიონებში - 240, თბილისში - 456. რამდენიმე ათეული ოჯახი  დახმარებას ყოველთვიურად ღებულობს. 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა აფხაზეთში არსებულ სიტუაციაზე, ქართული სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია ნდობის აღდგენისკენ, შერიგებისკენ, საბოლოო ჯამში, ქვეყნის გაერთიანებისკენ. 

„აფხაზურმა მხარემ უნდა შეიგნოს, რომ ქართველების გარეშე არა თუ იმ ფიქტიურ დამოუკიდებლობას,  აფხაზეთის ტერიტორიასაც სამუდამოდ დაკარგავენ, როგორც დაკარგეს საკუთარი მიწა-წყალი მდინარე ფსოუს ჩრდილო-დასავლეთით, ანუ საქართველოს ფარგლებს მიღმა მცხოვრებმა კავკასიელებმა; ჩვენ, ქართველებმაც, უნდა შევიგნოთ, რომ აფხაზთა გარეშე აფხაზეთის დაბრუნება და მერე მისი შენარჩუნება, მთელ რიგ გარემოებათა გამო, შეუძლებელი იქნება. ერთი სიტყვით, ქართველები და აფხაზები განწირულები ვართ ერთად ცხოვრებისთვის. მოგვწონს - არ მოგვწონს, ასეთია მკაცრი რეალობა. 

ამ რეალობით არის ნაკარნახევი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ქართული სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ნდობის აღდგენისკენ, შერიგებისკენ, საბოლოო ჯამში, ქვეყნის გაერთიანებისკენ. აღნიშნული პოლიტიკის პირობებში, ასევე აფხაზეთში და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენების, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით სავსებით რეალურია საქართველოს გამთლიანება. უმაღლესი საბჭო არა მარტო დარწმუნებულია ამაში, არამედ აგრძელებს მუშაობას აფხაზეთის მომავალი კონსტიტუციის პროექტზე, რომელიც დასასრულს უახლოვდება. იმედი მაქვს, რომ გარკვეული ფაქტორები, რომლებმაც ხელი შეუშალეს აღნიშნულ პროექტზე მუშაობის დასრულებას, მალე მოიხსნება და წარმატებით დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“ - განაცხადა ჯემალ გამახარიამ. 

სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ. მან ხაზი გაუსვა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის კოორდინირებული მუშაობის დიდ მნიშვნელობას, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს დევნილი მოსახლეობისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას მოხსენება

გალერეა

სხვა სიახლეები