მიმდინარე წლის 23 თებერვალს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით და უმაღლესი საბჭოს მედლით დაჯილდოვდა 1975-1990 წლებში საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის რექტორი, აფხაზეთში და სრულიად საქართველოში უმაღლესი განათლების დიდი ორგანიზატორი, გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გულთბილად მიესალმა ბატონ ნაპოლეონს ვიდეოჩართვის მეშვეობით  და დარბაზში მყოფ მისი ოჯახის წევრებს. მან მადლობა გადაუხადა დაჯილდოებულს გაწეული ღვაწლისთვის, გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც ბატონი ნაპოლეონის რექტორობის პერიოდში საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში მუშაობდა.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჯილდო - საპატიო სიგელი და მედალი ჯემალ გამახარიამ ბატონი ნაპოლეონის ქალიშვილს ქალბატონ ქეთევან ქარქაშაძეს გადასცა.

დაჯილდოებულს მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს მის მიერ გაწეული ღვაწლისათვის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ, რომელიც გახლდათ ბატონი ნაპოლეონის თანაშემწე საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, ამავე ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსმა ელისო პაჭკორიამ.

დაჯილდოების ცერემონიას დეპუტატებთან და ნაპოლეონ ქარქაშაძის ოჯახის წევრებთან ერთად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

გალერეა

სხვა სიახლეები