აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ სამინისტროს მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. 

მინისტრმა  ყურადღება სამინისტროში არსებულ ძირითად მიმართულებებზე  გაამახვილა და მის მიზნებსა და შედეგებზე ისაუბრა. 

ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგნენ და სამინისტროს საქმიანობა შეაფასეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ,  მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჭინჭარაძემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა დავით კაიკაციშვილმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეა ჯუღელმა, აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე დავით გულუამ. 

პრეზენტაციის ფარგლებში, დავით ფაცაციამ დევნილთა დასახლებების თანამეგობრობების თავმჯდომარეები დააჯილდოვა. მინისტრმა მათ სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. 

ანგარიშის წარდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა,  თავმჯდომარის  მოადგილე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ  მებონია, თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ოთარ გარმელია და  აპარატის წევრები ესწრებოდნენ. 

გალერეა