„1.აფხაზეთი შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში, როგორც მისი ავტონომიური ერთეული, რის შესახებაც ეცნობოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და მის დამფუძნებელ კრებას.
2.ავტონომიური აფხაზეთის კონსტიტუციის შესადგენად და ცენტრალურ და ავტონომიურ ხელისუფლებას შორის ურთიერთობათა გასარკვევად აირჩევა საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს თანაბარი რაოდენობის წევრთაგან შემდგარი შერეული კომისია. შემუშავებული დებულებები საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს მიერ მათი მიღების შემდეგ უნდა შევიდეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში“.
ვერანაირი ოკუპანტები, ვერანაირი ახალი კორონავირუსები, ვერანაირი ცრუარჩევნები, ორ დღეში რომ უნდა გაიმართოს, ვერ დაჩრდილავენ 20 მარტის მნიშვნელობას. სასტიკი და ვერაგი ოკუპანტის კლანჭებში მოქცეულ აფხაზეთს, შესაბამისად, დასაღუპავად განწირულ ჩვენს ღვიძლ ძმებს - აფხაზებს იხსნის მხოლოდ ავტონომიური აფხაზეთის შესახებ აქტის სულისკვეთებით მოქმედება. დღეს თუ არა, ხვალ ილუზიები გაიფანტება და ჩვენ ამ გზას ერთობლივად დავადგებით, - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.